სომხური ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომხური ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია, რომელიც მთელი რიგი არსებითი ნიშნებით განსხვავდება როგორც მართლმადიდებელი, ასევე რომის კათოლიკე ეკლესიებისგან. რელიგიათმცოდნეები ჩვეულებრივ მას არაქალკედონური აღმოსავლური ეკლესიების ჯგუფს მიაკუთვნებენ. მისი აღმსარებლობა წარმოადგენს სომეხი ხალხის ეროვნულ სარწმუნოებას.

დაარსდა გრიგოლ განმანათლებლის (+326 წ.) მოღვაწეობის შედეგად, დაარსების თარიღად ტრადიციულად მიიჩნეულია 301 წელი; დოგმატურად ეფუძნება პირველი სამი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს და იზიარებს კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიას. არ მოიაზრებს თავს მონოფიზიტური აღმსარებლობის ეკლესიად. 551-554 წლებში ჩამოშორდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც საბოლოოდ გააფორმა 726 წელს მანასკერტის კრებაზე. დღესდღეობით სომხეთში 8 ეპარქია მოქმედებს. ეპარქიებითაა წარმოდგენილი ეს ეკლესია ამერიკის, აზიის, ევროპისა და ოკეანეთის მთელ რიგ ქვეყნებში.

საქართველოში მოქმედებს სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საეპისკოპოსო რეზიდენციით თბილისში.

სარჩევი

სახელწოდება

სომხური ეკლესიის სრული სახელწოდებაა „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია“:

1. სამოციქულო ეკლესია მას იმიტომ ეწოდება, რომ, ტრადიციის თანახმად, სომხეთში ქრისტიანობა იქადაგეს და იქვე მოწამებრივად აღესრულნენ თადეოს და ბართლომე მოციქულები;
2. სომეხთა ან სომხური (და არა სომხეთის) კი ეწოდება, ვინაიდან მისი ეპარქიები განთავსებულია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე,
3. რა თქმა უნდა, ყველა ეკლესია, და მათ შორის სომხურიც, თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, ამიტომ ასეთი სახელწოდება არ უნდა აგვერიოს აღმოსავლეთის ქალკედონური ეკლესიების ტრადიციულ სახელწოდებაში - ორთოდოქსი (მართლმადიდებელი) ეკლესია.

სრულიად სომეხთა ეკლესია ინახავს ყველა ქვეყნის სომეხთა ეროვნულ თვითიდენტიფიკაციას.

რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, 1836 წელს, რუსეთის თვითმპყრობელობამ კანონმდებლობით განსაზღვრა სომხეთის ეკლესიის ურთიერთობა იმპერიასთან და, ამასთანავე, უწოდა მას „სომხურ გრიგორიანული“. ასეთი სახელწოდება მთელი სისრულით არ ასახავდა რეალურ ვითარებას და მხოლოდ იმას მიუთითებდა, რომ სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება გრიგოლ განმანათლებლის ქადაგებათა და ღვაწლის შედეგი იყო. რუსეთის იმპერიის კანონმა 1917 წლამდე იმუშავა, თუმცა სომხური ეკლესიისა და მისი სამწყსოს მიმართ სახელწოდება „გრიგორიანული“ არაოფიციალურად დღემდე იხმარება.

სტრუქტურა

დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია იყოფა ოთხ მთავარ საეკლესიო საყდრად - ორ საკათალიკოსოდ და სამ საპატრიარქოდ:

  1. სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ცენტრით ქ. ვაღარშაპატში, წმ. ეჩმიაძინის მონასტერში. მას სათავეში უდგას უწმიდესი, უმაღლესი პატრიარქი და სრულიად სომეხთა კათალიკოსი. იგი არის პატივით უპირველესი ყველა სხვა სომეხ იერარქთა შორის და სრულიად სომეხთა ეკლესიაში საეკლესიო განსაზღვრებათა და დოგმატთა სიწმიდის მცველი. სრულიად სომეხთა კათალიკოსის უშუალო დაქვემდებარებაში, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საეპისკოპოსოთა გარდა, შედის აირარატისა (ცენტრი ერევანში) და დასავლეთ ევროპის (ცენტრი პარიზში) საპატრიარქოები;
  2. „კილიკიის დიდი სახლის საკათალიკოსო“, ცენტრით ლიბანში, ქ. ანტილიასში. მას სათავეში უდგას უწმიდესი კათალიკოსი, რომელსაც ემორჩილებიან ეპისკოპოსები და აქვს მათი ხელდასხმისა და მირონის კურთხევის უფლება;
  3. იერუსალიმის საპატრიარქო, რომელსაც სათავეში უდგას უნეტარესი პატრიარქი. მისი საყდარი მდებარეობს ქ. იერუსალიმში (ისრაელი);
  4. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელსაც სათავეში უდგას უნეტარესი პატრიარქი. მისი საყდარი მდებარეობს ქ. სტამბოლში (თურქეთში). კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს ამჟამად არა აქვთ საეპისკოპოსო კათედრები.

სრულიად სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მართვის უმაღლესი ორგანოა საეკლესიო-ეროვნული კრება საერო წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ფარული კენჭისყრით ირჩევს სრულიად სომეხთა უმაღლეს პატრიარქსა და კათალიკოსს.

იერარქია

სრულიად სომეხთა ეკლესიის უმაღლესი ხარისხებია:

  1. უმაღლესი პატრიარქი და კათალიკოსი, აგრეთვე, კილიკიის კათალიკოსი - შეუძლიათ ეპისკოპოსების ხელდასხმა;
  2. კერძო პატრიარქი ან კათალიკოსი - არა აქვთ ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება,
  3. არქიეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი;
  4. ეპისკოპოსი.

სომხური სამოციქულო ეკლესიის სამღვდელოება შედგება სამი ხარისხისაგან:

  1. ეპისკოპოსი - შეუძლია საიდუმლოს აღსრულება და სამღვდელოთა ხელდასხმა,
  2. მღვდელი - შეუძლია საიდუმლოს აღსრულება,
  3. დიაკვანი - ემსახურება მღვდელს საიდუმლოს აღსრულებისას.

სომხური ეკლესიის სამღვდელოება იყოფა შავ (დაუქორწინებელ) და თეთრ (დაქორწინებულ) სამღვდელოებად. ეპისკოპოსებს ირჩევენ შავ სამღვდელოთაგან, რომელთაც აქვთ ვარდაპეტის (მოძღვრის) ხარისხი. ვარდაპეტის ხარისხს შავ სამღვდელოთა შორის თეოლოგიური შრომებით გამორჩეულ მღვდელს ანიჭებს ისეთი ეპისკოპოსი, რომელიც თვითონ ფლობს უმაღლესი ვარდაპეტის ხარისხს.

მოძღვრება

სომხური ეკლესია ცნობს მხოლოდ პირველ სამ მსოფლიო კრებას და მათ მიერ დადგენილ დოგმატებს. ესენია: ნიკეის (325 წ.), კონსტანტინოპოლის (381 წ.) და ეფესოს (431 წ.) კრებები.

სრულიად სომეხთა ეკლესია იყენებს სამ სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსს): მოკლეს, საშუალოსა და ვრცელს. მოკლე და საშუალო ისეა შედგენილი, რომ არა ჩანს განსხვავება ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების (451 წ.) სიმბოლოსაგან. ვრცელი კი შეიცავს ფრაზას, რომელიც არსებითად განასხვავებს სომხური სარწმუნოების სიმბოლოს ქრისტეს ბუნებათა საკითხში: „ერთი პირი და გაერთიანებული ერთი ბუნება“.

სომეხ ღვთისმეტყველთათვის ძე ღვთისა, განხორციელებამდე, ორი ბუნებისაგან შედგება, ხოლო განხორციელების შემდეგ, ბუნებათა შერწყმის შედეგად, ვიღებთ ერთ, ღვთაებრივ ბუნებას. ქალკედონის კრების სარწმუნების სიმბოლოს მიმდევარი ღვთისმეტყველებისთვის კი განხორციელების შემდეგ ძე ღვთისას ბუნებათა შერწყმა არ მომხდარა, ამიტომ ქრისტეს ორი ბუნება გულისხმობს სრულ ღმერთს და სრულ კაცს: ორი ბუნება და ერთი ჰიპოსტასი (სახე).

VI-X საუკუნეებში, ქრისტოლოგიის საკითხებზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან პოლემიკის პროცესში, სომეხ თეოლოგთა პოზიციამ ცვლილებები განიცადა უკიდურესად მემარცხენე მონოფიზიტობიდან (ივლიანე ჰალიკარნასელის მიმდევართა სწავლება ქრისტეს ხორცის უხრწნელობის შესახებ) უკიდურესად მემარჯვენე მონოფიზიტობამდე (იაკობიტთა სწავლება ქრისტეს ხორცის ხრწნადობის შესახებ). სირიელ იაკობიტებთან (იაკობ ბარადეის მიმდევრები) დაახლოების შემდეგ ორთოდოქსი (მათ შორის ქართველი) პოლემისტები სომხებს მათგან აღარ განასხვავებენ და ხშირად მოიხსენიებენ სახელწოდებით „იაკობნი“, ხოლო სომხური სარწმუნოება მათთვის არის „სჯული იაკობთაჲ“.

სომეხი თეოლოგები, რაკიღა არ უარყოფენ განხორციელებამდე მაცხოვრის ორბუნებოვნებას, თავის თავს მონოფიზიტებად კი არა, კირილე ალექსანდრიელის მიმდევრებად მიიჩნევენ.

საბოლოო სახით სომხური ეკლესიის დოგმატური ხედვა ჩამოაყალიბა კათალიკოსმა ნერსეს შნორალიმ (მადლმოსილმა) თავის ეპისტოლეში ბიზანტიის კეისრის მანუილ კომნენისადმი - „გარდამოცემა სომხური ეკლესიის სარწმუნოებისა“ (1166 წ.):

  1. ძე ღვთისას განხორციელება გამოიხატა ღვთაებრივ და კაცებრივ ბუნებათა გაერთიანებით;
  2. იესო ქრისტეს ხორცი თანაარსია ღვთისმშობლის ხორცისა;
  3. განხორციელების შემდეგ მივიღეთ ერთი ბუნება ისე, რომ კაცებრივმა ბუნებამ შეინარჩუნა ყველა თავისი თვისება.

საღვთისმეტყველო საკითხებში სომხური ეკლესიისა და სამწყსოსათვის სახელმძღვანელოდ უკვე VII საუკუნიდან შედგენილი იყო სპეციალური კრებულები („ეპისტოლეთა წიგნი“ და „სარწმუნოების ბეჭედი“, ანუ „სარწმუნოების საფუძველი“), რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ივსებოდა ახალი მასალით. ამ კრებულებში მოთავსებული იყო, სრულად ან შესაბამისი ფრაგმენტების სახით, ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე მამათა ეპისტოლეები, ქადაგებები, კითხვამიგებანი ან სხვა დოგმატურპოლემიკური ხასიათის თხზულებები.

ღვთისმსახურება

სომხურ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღესრულება ძველ სომხურ ენაზე (გრაბარი), ხოლო ქადაგება წარმოითქმის ახალ სომხურ ენაზე (აშხარაბარი).

სომხური ეკლესიის უმთავრესი ლიტურგიკული წიგნებია: ჭაშოცი (ლექციონარი), პატარაგატეტრი (კონდაკი), ჟამაგირქი (ჟამნი), მაშტოცი (კურთხევანი) - ეს სახელწოდება წიგნმა მიიღო კათალიკოს მაშტოც ელივარდელის პატივსაცემად, რომელმაც IX საუკუნის ბოლოს კურთხევანის საბოლოო რედაქცია შეიმუშავა.

სომხური ეკლესიის საიდუმლოებებია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, ქორწინება, სინანული, მღვდლობა, ზეთის კურთხევა.

სომხური ეკლესია ზიარებისას იყენებს უსაფუარო პურსა და წყალგაურეველ ღვინოს. ქრისტეშობასა და ნათლისღებას იგი აღნიშნავს ერთად - 6 იანვარს. სამწმიდა გალობას ემატება პეტრე ანტიოქელის მიერ შემოღებულ „რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი“ („ხაჩეცარი“). პირჯვარს იწერენ სამი თითით მარცხნიდან მარჯვნივ. სომხური ეკლესიის თავისებურებაა სამკვირიანი მარხვის („არაჯავორქ“) შენახვა დიდმარხვის წინ.

სომხური საეკლესიო ნაგებობებისთვის დამახასიათებელია შედარებით მაღალი საკურთხეველი და ფრესკულ მოხატულობათა არარსებობა.

1924 წლიდან სომხური სამოციქულო ეკლესია (გარდა საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ეპარქიებისა) გადასულია ახალ საეკლესიო კალენდარზე.

კანონიკა და კალენდარი

სომხური სამოციქულო ეკლესიის თანამედროვე კანონმდებლობა ეყრდნობა შუა საუკუნეების საეკლესიო სამართლებრივ ტრადიციასა და სინოდის გადაწყვეტილებებს. შუა საუკუნეების სომხური საეკლესიო სამართალი გამომუშავებულია მოციქულთა კანონების, პირველი სამი მსოფლიო კრების დადგენილებათა, ეკლესიათა ადგილობრივი კრებების (ანკვირიის - 315 წ., ნეოკესარიის - 315 წ., განგრის - 380 წ., კესარიის ანტიოქიის - 341 წ., ლაოდიკიის - 365 წ., სარდიკიის - 344 წ.) და სომხური ადგილობრივი საეკლესიო კრებების (შაჰაპივანის - 365 წ., აშტიშატის - 443 წ., დვინის - 648 წ. და სხვ.) გაწყვეტილებათა საფუძველზე.

სომხურ ენაზე არსებულ კანონიკურ ძეგლებს ერთ კრებულად თავი მოუყარა კათალიკოსმა იოანე ოძუნელმა VIII საუკუნის I ნახევარში. ამ კრებულს ეწოდება „კანონაგირქ ჰაიოც“ („სომხურ კანონთა წიგნი“). სომხური კანონების წიგნი შემდგომშიც, სხვადასხვა დროს, ივსებოდა სხვადასხვა რედაქტორის მიერ. სომხურ კანონთა კორპუსის ჩამოყალიბების პროცესი XVII საუკუნეში დამთავრდა. ვინაიდან სომხური საეკლესიო კანონმდებლობა იქმნებოდა ქვეყანაში, რომელსაც დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა, იგი ქვეყნის საშინაო, საერო ცხოვრების სფეროზეც ვრცელდებოდა.

სომხური კანონმდებლობის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა XII საუკუნის ბოლოს მხითარ გოშის მიერ შედგენილ „სამართლის წიგნს“. კრებულში ცალკეა გამოყოფილი საეკლესიო სამართალი. მხითარ გოშის „სამართლის წიგნი“ გადამუშავებული სახით არის შესული ვახტანგ VI-ის „სამართალში“ სახელწოდებით „სამართალი სომხური“.

ძველი სომხური კალენდრით 552 წლის 11 ივლისი არის სომხური ეროვნული და საეკლესიო წელთაღრიცხვის პირველი წელიწადი („დიდი სომხური სათვალავი“) ან, სხვა ტრადიციით, მეორე წლის დასაწყისი. წელიწადში არის 365 დღე, ხოლო ერთი მოქცევის ციკლი 532 წლისგან შედგება. სომხური ეროვნული კალენდარი პრაქტიკაში დაინერგა 584 წლიდან. ქალკედონიტი პოლემისტების თვალსაზრისით, ეროვნული სომხური წელთაღრიცხვა 551 წელს მიიღო დვინის მეორე ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ ახალი სარწმუნოების პირველი დღის აღსანიშნავად („ესე არს დღე პირველი ჩუენისა სარწმუნოებისაჲ“). პირველი 532 წლიანი ციკლის დასრულების შემდეგ, 1084 წლიდან, იწყება ე.წ. „მცირე სომხური სათვალავი“.

სომხურმა საეკლესიო კალენდარმა საუკუნეთა განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა (ანანია შირაკელისა და იოანე სარკავაგის კალენდრები). დღევანდელი ლიტურგიკული კალენდარი, ანუ სალექციონარო სისტემა, ძველ სომხურ ეროვნულ კალენდარს ეყრდნობა.

ძველი სომხური ტრადიცია რაიმე მოვლენის თარიღის ქრისტეს შობიდან გამოთვლისას ქრისტეშობას, საყოველთაოდ მიღებულისგან განსხვავებით, ორი წლით ადრე იწყებს.

საეკლესიო მწერლობა

სომხური საეკლესიო მწერლობა სათავეს უდებს სომხური ლიტერატურის ისტორიას. V საუკუნიდან მოკიდებული სომხურ ენაზე ითარგმნება არა მარტო წმინდა წერილები (ძველი და ახალი აღთქმა, მათი კომენტარები), არამედ გამოჩენილ საეკლესიო მამათა (იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნაზიანზელის, სევერიანე გაბალოვნელის, ევაგრე პონტოელის, ეფრემ ასურის, ათანასე დიდის, ბასილი დიდის, კირილე ალექსანდრიელისა და სხვათა), თეოლოგიური და საეკლესიო (ევსები კესარიელის, სოკრატე სქოლასტიკოსისა და სხვათა) თხზულებები.

სომხურ ენაზე შემონახულია უმდიდრესი ორიგინალური და თარგმნილი საღვთისმეტყველო და პოლემიკური ლიტერატურა, რომელთა ავტორები, მთარგმნელები ან სპეციალურ კრებულთა შემდგენლები არიან იოანე ოძუნელი (სიბრძნისმოყვარე), სტეფანე სივნიელი, კომიტასი, იოანე მაირაგომელი, ანანია ნარეკელი, ანანია მოკელი, ნერსეს შნორალი (მადლმოსილი), იოანე ვოროტნელი, გრიგოლ ტათეველი და სხვანი.

სომხური მწერლობის გამორჩეული დარგია ისტორიოგრაფია. უმეტეს შემთხვევაში სომეხი ისტორიკოსები, იმავდროულად, საეკლესიო მოღვაწეებიც იყვნენ, ხოლო მათი თხზულებები საეროსთან ერთად საეკლესიო ისტორიასაც ასახავს. მაგალითად: აგათანგელოსის „ისტორია“, რომელიც სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორიას გადმოგვცემს, მონაზონ ლაზარე ფარპელისა და მალაქია აბეღას, ეპისკოპოსების: სებეოსის, უხტანესის, სტეფანოს ორბელიანის, ვარდაპეტების (მოძღვრების): ვარდან დიდის, თომა არწრუნის, კირაკოს განძაკელის, კათალიკოს იოანე დრასხანაკერტელისა და სხვათა საისტორიო თხზულებები.

წმინდანად შერაცხილ ეროვნულ საეკლესიო მოღვაწეთა და მოწამეთა (VXIX სს.) მრავალრიცხოვნობის გამო სომხური მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია ჰაგიოგრაფია, ანუ წმინდანთა ცხოვრება და მოწამეობა. სომხური ეროვნული ჰაგიოგრაფიის უმთავრესი მახასიათებლებია: 1. ქრისტიანობისათვის მოწამეობისა და ღვაწლის შერწყმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლასთან, 2. მარტიროლოგიური ჟანრის შენარჩუნება ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის არსებობის ბოლომდე. IX საუკუნიდან მოყოლებული სომხეთსა და დიასპორაში (უპირატესად კილიკიის სომხეთში) ვითარდებოდა და XII-XIII საუკუნეებში განსაკუთრებით მაღალ დონეს მიაღწია საეკლესიო ხელნაწერი წიგნის კალიგრაფიამ, ტექსტისა და ყდის მხატვრულმა გაფორმებამ.

ზაზა ალექსიძე

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები