სომხური ეკლესია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომხური ეკლესია საქართველოში - საქართველოში სომხური საეპისკოპოსოს სრული სახელწოდებაა „სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქია“. არქიეპისკოპოსის რეზიდენცია მდებარეობს თბილისში. კათედრალური საყდარია წმიდა გიორგის სახ. კათოლიკე ეკლესია.

მძიმე საგარეო ურთიერთობების გამო სომეხთა სწრაფვა საქართველოსკენ თავშესაფრის საძებნელად ძალიან ადრე დაიწყო. ირანის წინააღმდეგ 451 წლის სომხეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ მამიკონიანთა საგვარეულოს გადარჩენილი წარმომადგენლები დიდი ამალით შეიფარა გუგარეთის (ცურტავის) პიტიახშმა არშუშამ. მართალია, ზოგი მათგანი მოგვიანებით დაბრუნდა სომხეთში, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დარჩა.

გუგარეთი სომხეთსა და საქართველოს შორის სასაზღვრო რეგიონი იყო და სავარაუდოა, რომ კომპაქტურად დასახლებული სომხური თემი აქ ადრიდანვე არსებობდა, თუმცა იგი პირველად მხოლოდ VII საუკუნის დამდეგს იხსენიება. გუგარეთის სომხური თემი შედიოდა ცურტავის საეპისკოპოსოში, რომელსაც განაგებდა ეპისკოპოსი, ეთნიკურად ქართველი ან სომეხი, რომელსაც მღვდელმსახურების აღსრულება როგორც ქართულ, ისე სომხურ ენაზე შეეძლო. გუგარეთის სომხური თემი კიდევ უფრო გაძლიერდა მამიკონიანთა და მათი ამალის აქ გადმოსახლების შემდეგ. წმ. შუშანიკის საფლავზე აშენებული სამარტვილე საქართველოში სომხური მრევლის გამაერთიანებელ ცენტრად იქცა. ქართლის კათალიკოსმა კირიონ I-მა ქართული ენა ცურტავის საეპისკოპოსოში ღვთისმსახურების ერთადერთ ენად გამოაცხადა.

ცხადია, კომპაქტურად დასახლებულ სომხურ თემებს თავიანთი ეკლესიები და სამღვდელოება ჰყავდათ არა მარტო სასაზღვრო ზონებში. X საუკუნის მეორე ნახევრის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი იხსენიებს თბილისში მოღვაწე სომეხ მღვდელ კირაკოზს, რომელმაც „ძალიან კარგად იცოდა ქართული ენა და მწიგნობრობა“.

1178 წელს ჰრომკლას (კილიკიაში) საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის მოხსენიებულია „საქართველოს სამეფო ქალაქის თბილისის არქიეპისკოპოსი“ ბარსეღი. ვინაიდან ე.წ. ჩრდილოეთი სომხეთი ამ დროს საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა, ხოლო სომეხთა საკათალიკოსო გადატანილი იყო კილიკიაში, თბილისის არქიეპისკოპოსი, იმავე დროს, ახპატის (ჰაღპატ) ეპისკოპოსი, მთლიანად სომხეთის ქრისტიანთა მეუფის ფუნქციასაც ასრულებდა.

XI-XIII საუკუნეებში სომეხქართველთა რამდენიმე ერთობლივი კრება შედგა: 1046 წელს ღრტილაში, 1197 წელს თბილისში, 1204 წელს კვლავ თბილისში. საქართველოს ეკლესია ცდილობდა ერთიან სახელმწიფოში სომხური ეკლესიის სრული შეერთებისთვის თუ არა, მისი დოგმატურ-საწესო დაახლოებისთვის მაინც მიეღწია. სომხური საეკლესიო წესებისა და კალენდრის ქართულთან დაახლოების მიზნით ზაქარია მხარგრძელმაც მოიწვია ორი საეკლესიო კრება: ლორეში 1205 წელს და ანისში 1207 წელს. სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ვალაშკერტის დიოფიზიტური საეპისკოპოსო და აშენდა ქართული ეკლესიები.

ძველ სომეხ ისტორიკოსებში დიდი ემოცები გამოიწვია დავით აღმაშენებლის მიერ თურქსელჩუკთაგან შევიწროებული მოსახლეობის (უპირატესად ვაჭარხელოსნების) გამოსახლებამ გორში და მათთვის პროფესიული თუ რელიგიური საქმიანობისათვის ყველა პირობის შექმნამ.

ერეკლე მეორემ 1780 და 1787 წლებში ერევნიდან ქართლ-კახეთში 7 000 სული სომეხი გადმოასახლა, რომელთა ნაწილი შემდეგ განჯაში გადასახლდა. 1826-28 წლებში რუსეთ-ირანის ომის დროს 35 000 სული სომეხი გადმოასახლეს ქვემო ქართლში, ხოლო რუსეთ-თურქეთის ომის (1828-29) შემდეგ, დაახლოებით 90 000 სული გადმოსახლდა ჯავახეთში. ცხადია, საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი დიდი რაოდენობით დამკვიდრებულ სომხურ მოსახლეობას თავისი ეკლესიები და სკოლები ესაჭიროებოდა და აშენებდა კიდეც.

1655 წელს თბილისში ხოჯივანქის ეკლესია აშენდა და მასთან სომეხთა სასაფლაო გაიხსნა, რომელიც თანდათან თბილისელ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასაკრძალავ ადგილად იქცა. აქ განისვენებენ გამოჩენილი სომეხი მწერლები, სომხური მწერლობის კლასიკოსები: რაფი, მურაცანი, ნარდოსი, პ. პროშიანი, გ. სუნდუკიანი, ჰ. თუმანიანი და მრავალი სხვა.

საქართველოს სომეხთა სამწყსოს იერარქები ხშირად სომხეთის ეკლესიისა და სომხური კულტურის გამოჩენილი მოღვაწეებიც იყვნენ. რამდენიმე მათგანი შემდეგში სრულიად სომეხთა კათალიკოსიც გახდა. 1824 წელს არქიეპისკოპოსმა (1843-1857 წლებში სრულიად სომეხთა კათალიკოსმა) ნერსეს აშტარაკელმა, ე.წ. ნერსესიანის სკოლა დააარსა, რომელმაც დიდხანს იარსება. ამ სკოლაში აღიზარდა სომხეთის კულტურისა და მეცნიერების მრავალი მოღვაწე.

XIX საუკუნეში და XX საუკუნის დამდეგს თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში, სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ბევრი ეკლესია აშენდა. საბჭოთა მმართველობის ხანაში, რა თქმა უნდა, მრავალი მათგანი, ისევე როგორც ქართული ეკლესიები, მოიშალა ან განადგურდა.

XX საუკუნის 90იანი წლებიდან სომეხთა სამოციქულო ეკლესია სახელმწიფოსგან ე.წ. სადავო ტაძრების პრობლემის (ეკლესიები „ნორაშენ“; „შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ“ (კარმირ ავეტარანოც); „სურბ მინას“; „სურბ ნშან“; „მუღნუ სურბ გევორგ“, თბილისში და „სურბ ნშან“, ახალციხეში) გადაჭრას მოითხოვს, თუმცა ეს საკითხი დღემდე გადაუწყვეტელი რჩება. 2004 წლიდან სომეხთა ეპარქიას ხელმძღვანელობს ვაზგენ მირზახანიანი.

ამჟამად საქართველოში შემდეგი სომხური ეკლესიები მოქმედებს: თბილისში - წმ. გიორგის კათოლიკე ეკლესია და ეჩმიაძინის წმ. გიორგის ეკლესია, ახალქალაქში - სურბ ხაჩის (წმ. ჯვრის), ნინოწმიდაში - სურბ სარგისის (წმ. სარგისის), ახალციხეში - წმ. გრიგოლ განმანათლებლის, ბათუმში - მაცხოვრის, მარნეულში - ღვთისმშობლის ეკლესიები და სხვ.


წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები