სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია (ესერები) - საქართველოში ესერთა მცირერიცხოვანი წრეები 1901 წლდან არსებობდა. ისინი შედიოდნენ რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის შემადგენლობაში. 1905 წლიდან ესერთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ბაქოს კომიტეტები გაერთიანდა რუსეთის ესერთა პარტიის კავკასიის კავშირში. ესერები არ გამოირჩეოდნენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანი გავლენით. ესერთა ადგილობრივ მცირერიცხოვან ორგანიზაციებში ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების რევოლუციონერები შედიოდნენ, განსაკუთრებით რუსები.

1917 წლის მანძილზე ადგილობრივი ესერები განაგრძობდნენ რუსეთი ესერთა პარტიაში მუშაობას, მაგრამ ქართველ ესერთა შორის ძლიერდებოდა ნაციონალური განწყობა. 1918 წლის მაისში ესერთა პარტიის კავკასიის ორგანიზაციების მეშვიდე კონფერენციაზე მოხდა განხეთქილება, რის შედეგადაც ქართველი ესერები გამოეყვნენ რუსულ პარტიას.

1918 წლის ივნისში ქუთაისში ჩატარდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და მოხდა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანიზაციების ნაციონალიზაცია. იმავე წლის 10-15 დეკემბერს შეიკრიბა ქართველ ესერთა პარტიის მეორე ყრილობა. მასზე პროგრამა და წესდება გადაისინჯა და ისინი ახალი ვარიანტის სახით დამოუკიდებელი საქართველოს რეალობასთან შეჯერდნენ. პარტიის ქვაკუთხედად აგრარულ სფეროში რჩებოდა მიწების სოციალიზაცია. ესერებს მიაჩნდათ, რომ რუსული ბოლშევიზმი იყო სოციალიზმი უდემოკრატიოდ, ხოლო ქართული მენშევიზმი - დემოკრატია უსოციალიზმოდ. ესერები უარყოფდნენ აგრეთვე სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების სტრატეგიულ პოლიტიკას - ჯერ ბურჟუაზიული სისტემის განმტკიცებას და ამის შემდეგ სოციალიზმის მშენებლობას. ისინი პირდაპირ სოციალისტური სისტემის რეალიზაციის მომხრენი იყვნენ და ხშირად მემარცხენე პოზიციებიდან აკრიტიკებდნენ მთავრობას.

მეორე ყრილობამ ესერთა პარტიის თავმჯდომარედ და ესერთა მთავარი პარტიული ორგანოს, გაზ. „შრომის“ რედაქტორად აირჩია ლეო შენგელაია. მისი მოადგილე იყო ივანე გობეჩია. საქართველოს ეროვნულ საბჭოში, შემდგომ - პარლამენტში შედიოდნენ ესერები: კ. მესხი, გრ. ნათაძე, ვლ. გობეჩია, ი. ჩერქეზიშვილი, ი. გობეჩია, ი. აბაკელია, კ. ჯავრიშვილი, ლ. შენგელაია, ნ. პანჩუაშვილი, ი. კაკაბაძე, ი. ვარაზაშვილი.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაში ესერები წარმოდგენილი იყვნენ გზათა მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის, სახით, თუმცა, მისით კმაყოფილი არ იყვნენ. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ესერთა პარტიის ხუთი წევრი მოხვდა: ლ. შენგელაია, ივანე და იოსებ გობეჩიები, ილია ნუცუბიძე და გრიგოლ ნათაძე.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ ხანებბში ესერების პარტია ორად - მემარცხენე და მემარჯვენე ნაწილებად გაიყო. მემარცხენეებმა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არჩიეს. თავდაპირველად მათ ბოლშევიკურ ხელისუფლებას ბრალი დასდეს ქართველი ხალხის ეროვნული უფლებების უგულებელყოფაში, გაილაშქრეს ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის წინააღმდეგ და ა. შ. აქტივობა მცირე ხანს გაგრძელდა.

1921 წლის ბოლოს ქართველი ესერების პარტიამ არსებობა შეწყვიტა. თვით საქართველოს საგანგებო კომისიას (ჩეკას) 1922-1923 წლებში ესერთა აქტივობის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გააჩნდა.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • დ. შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, ფედერალისტები, თბ., 1993;
  • რ. გრძელიძე, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია (1910-1924), თბ., 1998.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები