სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე ყრილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე ყრილობა - საქართველოს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე ყრილობა მიმდინარეობდა 1920 წლის ივნისში. იგი ცენტრალური კომიტეტის სახელით ნ. ჟორდანიამ გახსნა. ყრილობას გადამწყვეტი ხმით 149, ხოლო სათათბიროთი 11 დელეგატი ესწრებოდა.

თავმჯდომარედ ა. ლომთათიძე იქნა არჩეული, მოადგილეებად ს. დევდარიანი და ბ. თევზაია, მდივნებად გრ. ურატაძე, ვ. ხუნდაძე და გ. ბახტაძე;

საპატიო თავმჯდომარეებად: კ. კაუცკი და პ. აქსელროდი.

ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში იყვნენ: ნ. ჟორდანია (თავმჯდომარე), ს. ჯიბლაძე, ი. წერეთელი, ნ. ჩხეიძე, ი. რამიშვილი და სხვ.

ყრილობამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა. ყრილობაზე მოხსენებით გამოსულმა ნ.ჟორდანიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგ ორ - შინაურსა და გარეშე ძალებზე გაამახვილა ყურდღება. შინაურ მტრებში მან ქართველი ბოლშევიკები, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრები, ესერები, დენიკინელები და ოსი სეპარატისტები დაასახელა. რაც შეეხება გარეშე მტრებს, მისი მტკიცებით, ბოლშევიკური რუსეთი, მოხალისეთა არმიის წარმომადგენლები, სომეხი ნაციონალისტები და სხვები იყვნენ. მათი აგენტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდნენ ოსმალეთში, ევროპაში და სახელს უტეხდნენ საქართველოს მთავრობას. ანტიქართული ძალები მაშინ აძლიერებდნენ საქმიანობას, როცა დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგებოდა. ოსმალეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედების დროს, ქართველი ბოლშევიკების მიერ ლეჩხუმის, გორის, ზუგდიდის, სენაკის, დუშეთისა და საჩხერის მაზრებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოწყობილი გლეხთა აჯანყებები ამის დადასტურება იყო, რადგან ისინი საბჭოთა რუსეთის დაფინანსებით განხორციელდნენ.

ყრილობის მიერ განხილული საკითხებიდან შეიძლება აღვნიშნოთ:

  • კონსტიტუციის ძირითად პრინციპები (რ. არსენიძის მოხსენება);
  • ადგილობრივი თვითმმართველობა;
  • ქვეყნის უსაფრთხოება;
  • ეროვნული ჯარისა და სახალხო გვარდიის რეორგანიზაცია;
  • დაღუპულთა და დასახიჩრებულთა ოჯახების დახმარება, აგრარული რეფორმა (ნ. ხომერიკის მოხსენება);
  • საშუალო და დაბალი საფეხურის სასოფლო-სამეურნეო სკოლების შექმნა;
  • ეროვნული მეურნეობის და ეკონომიკის აღორძინება;
  • დაბალი სასოფლო-სამეურნეო სკოლები და სხვ.

ყრილობამ განსაკუთრებული ადგილი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკითხსაც დაუთმო. მათი უფლებების შემუშავებისას ისეთი ფორმის გამოძებნის საკითხი დააყენა, რომელიც საქართველოს სინამდვილის შესატყვისი იქნებოდა და მათ მოთხოვნებს კანონიერების ფარგლებში დააკმაყოფილებდა. ასეთ ფორმად კულტურული ავტონომია იქნა მიჩნეული. საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა საკითხის გადაწყვეტას ყრილობის მონაწილენი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სრული დაცვით ცდილობდნენ.

ყრილობამ აირჩია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი: ნ. ჟორდანია, ირ. წერეთელი, ნ. ჩხეიძე, ვ. ჯუღელი, ს. დევდარიანი, აკ. ჩხენკელი, ვ. ჯიბლაძე, ს. ჯიბლაძე, ალ. ლომთათიძე, ა. სალუქვაძე, ბ. თევზაია, დ. ონიაშვილი, ნ. რამიშვილი, მ. ხოჭოლავა, ი. სალაყაია, ბ. მიკირტუმოვი, ვ. წულაძე, ნ. ხომერიკი, პ. მაჭარაძე, მეიფარიანი, რ. არსენიძე, ი. ბადრიძე, გ. ცინცაბაძე, ე. გეგეჭკორი და ალ. დგებუაძე.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

შ. ვადაჭკორია, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე ყრილობა ეროვნული სახელმწიფოს მოწყობის შესახებ, იხ. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე), წიგნი I, თბ.,. 2003.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები