სპასპეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპასპეტი - (საშ. სპარს. spahpat - მხედართმთავრი), შინაარსობრივად იგივეა, რაც სპასალარი, მაგრამ „ქართლის ცხოვრება“ მათ ერთმანეთისაგან ასხვავებს. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზის (ძვ. წ. IV ს. მიწურული და III ს. პირველი ნახ.) დროინდელ ქართლში სპასპეტი უმაღლესი რანგის სამხედრო მოხელე იყო - იგი მეფის შემდეგ მეორე პირს წარმოადგენდა და საერთო სარდლობას უწევდა ერისთავთა ჯარებს - „მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა“. სპასპეტის სამოხელეო ტერიტორია იყო სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი რეგიონი: „ტფილისითგან და არაგვითგან ვიდრე ფანვარადმდე, რომელ არს შიდა ქართლი“. სპასპეტის, როგორც უმაღლესი სამხედრო მოხელის სტატუსი და საგამგებლო ტერიტორია საუკუნეთა განმავლობაში უცვლელი რჩებოდა. ვახტანგ გორგასალის სპასპეტი ჯუანშერი V ს-ის მეორე ნახევარში ასევე იყო „მპყრობელი შიდა ქართლისა და მპყრობელი ყოველთა ერისთავთა“.

გვიანანტიკურ და ადრეფეოდალურ ქართლში სპასპეტები სოციალური წარმომავლობით ქართლის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ და სამეფო ოჯახთან ბუნებრივი ან ხელოვნური („მამამძუძეობით“) ნათესაობით იყვნენ დაკავშირებულნი, ისინი, მხედართმთავრობასთან ერთად, ითავსებდნენ მსაჯულისა და უფლისწულის აღმზრდელის მოვალეობებს. ვახტანგ გორგასლის მამამ, მეფე მირდატმა, „რამეთუ წესი იყო, რომელ შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზარდნიან“, თავისი ძე ვახტანგი სპასპეტ საურმაგს მისცა აღსაზრდელად.

VI-X სს-ში, ერთი მხრივ, უცხო დამპყრობთა ბატონობისა და, მეორე მხრივ, ერისთავთა გამთავრების პირობებში სპასპეტის ინსტიტუტი დაკნინდა. საქართველოს ხელახალი გაერთიანების შემდგომ (XI ს.) იგი ძველი მნიშვნელობით იწყებს აღორძინებას, მაგრამ უკვე სპასალარის სახელწოდებით. ხანგრძლივი ტრადიციის მქონე „სპასპეტის“ ინსტიტუტთან გენეტიკურად იყო დაკავშირებული დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) მიერ შემოღებული ამირსპასალარის თანამდებობა.



წყაროები და ლიტერატურა

  • ლეონტი მროველი 1955: 24-25;
  • ჯუანშერი 1955: 143;
  • მესხია 1979: 18-19.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები