სპექტაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპექტაკლი — (ფრანგ. spectacle, < ლათ. spectaculum – სანახაობა), თეატრალური კოლექტივის მიერ შექმნილი თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები (მსახიობები, მხატვარი, კომპოზიტორი და სხვ.), რომელსაც სათავეში უდგას დამდგმელი რეჟისორი. სპექტაკლის მომზადების პროცესი იწყება პიესის შერჩევით, რომელიც უნდა პასუხობდეს მაყურებლის სულიერ და ესთეტიკურ მოთხოვნებს, მოცემული დასის შესაძლებლობებს. სპექტაკლის ჩანაფიქრში ზოგადად უკვე მოხაზულია მიზანი (სტანისლავსკის მიხედვით – „ზეამოცანა“, ნემიროვიჩ-დანჩენკოს მიხედვით „მარცვალი“), რის გამოც იდგმება ეს სპექტაკლი. ამ მიზნიდან გამომდინარე, ხდება პიესის ინტერპრეტაცია, როლების ფუნქციების განსაზღვრა და წარმოდგენის ფორმის ძიება. სპექტაკლის ჩანაფიქრი კონკრეტდება მხატვართან მუშაობის დროს, რასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სპექტაკლის სტილისტური და გამომსახველობითი თავისებურების ჩამოსაყალიბებლად.

სპექტაკლის დადგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია მიზანსცენების შექმნა, რაც მსახიობთა მიზანმიმართული ქმედების გარდა, მთლიანად სცენური სივრცის ორგანიზაციასაც გულისხმობს. მიზანსცენის შემწეობით იქმნება, აგრეთვე, სპექტაკლის ტემპო-რიტმი. ყოველივე ამას კრავს და სულს შთაბერავს მსახიობის ხელოვნება. რეჟისორის მუშაობა მსახიობთან და ძირითადი იდეის მსახიობის შემწეობით გადმოცემა, სპექტაკლის წარმატების უმთავრესი პირობაა. ამას ემატემა მუსიკალური და ქორეოგრაფიული გაფორმება, სხვადასხვა სცენური ეფექტები, აკუსტიკური ფონი, სინათლის პარტიტურა სპექტაკლზე მუშაობის დასკვნითი ეტაპია გენერალური რეპეტიცია, რომელიც ტარდება მაყურებლის თანდასწრებით და მიღებული შედეგებიც იზომება მაყურებლის რეაქციის მიხედვით.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები