ბილინგვიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბილინგვიზმი – (ლათ. bi – ორმაგი, lingua – ენა), ორენოვნება, საზოგადოების ან ინდივიდის მიერ ორი ენის გამოყენება კონკრეტული კომუნიკაციური სიტუაციის შესაბამისად.

ტერმინი „ბილინგვიზმი“ ენათმეცნიერებაში დაამკვიდრა ამერიკელმა ლინგვისტმა ჯ. ა. ფიშმანმა (1967) ამერიკელი ლინგვისტის ჩ. ფერგიუსონის „დიგლოსიის“ თეორიაზე დაყრდნობით.

ჩ. ფერგიუსონის თეორიის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებაში სხვადასხვა ენის გამოყენების ფსიქოლინგვისტურ ასპექტს განიხილავს, ჯ. ფიშმანმა ორი მიმართულებით განავითარა: 1. სიტუაცია აპირისპირებს ერთი ენის „მაღალ“ და „დაბალ“ ვარიანტებს; 2. სიტუაცია „მაღალი“ და „დაბალი“ ფუნქციით აპირისპირებს სხვადასხვა ენის ვარიანტებს: დიგლოსია ფუნქციურ დიფერენციაციას ახდენს ერთი ენის ვარიანტებს შორის, ბილინგვიზმი – ორ ენას შორის.

ბილინგვიზმის მოვლენას უკავშირდება ენათა პრესტიჟის საკითხი, რაც ენობრივი პოლიტიკითაც განისაზღვრება და ფსიქოლოგიური ფაქტორებითაც (მაგ., პარაგვაიში, სადაც ყველა ლაპარაკობს ესპანურად და გუარანიზე, ესპანური „მაღალი“ ფორმაა, გუარანი – „დაბალი'); ზოგ საზოგადოებაში ბილინგვიზმი ინდივიდუალურია და არა სოციალური (მაგ. შვეიცარია, ბელგია), ზოგში კი ბილინგვიზმი სოციალური მოვლენაა (ცარისტულ რუსეთში არისტოკრატია ლაპარაკობდა ფრანგულად, ხალხი – მხოლოდ რუსულად); იშვიათ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს მცირე ჯგუფი ერთადერთი ლინგვისტური ვარიანტით.

ბილინგვიზმი განიხილავს ენათა ენობრივ სოციალურ მიმართების საკითხებს კონკრეტულ საზოგადოებაში, ასე რომ, ნაწილობრივ, დიგლოსიის ინტერესთა სფეროშიც იჭრება. როგორც თანამედროვე სოციოლინგვისტები აღნიშნავენ, ბილინგვიზმი არის მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობის და არა მხოლოდ ბილინგვური ქვეყნების პრობლემა. დღეს 5000-მდე განსხვავებული ენა 250 ეროვნულ სახელმწიფოშია გავრცელებული, ეს კი იწვევს ენათა სტატუსისა თუ ფუნქციონირების საკითხთა გამწვავებას; ყოველი ენობრივი სიტუაცია საგანგებო განხილვას მოითხოვს. ნებისმიერ გეოპოლიტიკურ ცვლილებას შეიძლება ენათა სტატუსის ცვლაც მოჰყვეს. ერთი და იგივე ენა სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვა როლს ასრულებს (მაგ., მაღალი სტანდარტულობისა და სალიტერატურო ტრადიციის მქონე ესპანური ენა აშშ-ში მხოლოდ მეორეხარისხოვანია).

ბილინგვიზმი ენათა კონტაქტების სხვადასხვა ფორმას გულისხმობს. ცნობილია: ინდივიდუალური, საოჯახო, სიტუაციური, ნაციონალური, ეროვნულ უმცირესობათა, სახელმწიფო ბილინგვიზმი და სხვ. ბილინგვური მეტყველების თავისებურებანი აისახება ფონოლოგიაში, მორფოსინტაქსში, ლექსიკაში, სემანტიკასა და პარალინგვისტიკაში.

ბილინგვიზმი მრავალენოვნების (მულტილინგვიზმის) ყველაზე დამახასიათებელი სახეა.

მ. ტაბიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები