სპირმენი ჩარლზ ედვარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპირმენი ჩარლზ ედვარდ

სპირმენი ჩარლზ ედვარდ - Spearman Charles Edward, Спирмен Чарльз Эдвард, 1863-1945

ინგლისელი სტატისტიკოსი და ფსიქოლოგი. მუშაობდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის, დიაგნოსტიკის, ფსიქოლოგიის თეორიის და ისტორიის, პიროვნების და სოციალური ფსიქოლოგიის დარგებში. ფსიქოლოგიას ეუფლებოდა ლაიფციგის უნივერსიტეტში, ვ. ვუნდტის ლაბორატორიაში. მთელი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. იყო სამეფო საზოგადოების წევრი (1924); ბრიტანული ფსიქოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1928-1931), რამდენიმე უცხოური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, აკადემიისა და საზოგადოების საპატიო წევრი.

სპირმენი იკვლევდა ადამიანების უნარიანობა-თვისებებს მკაცრი ფსიქომეტრული და სტატისტიკური პროცედურების გამოყენებით. სხვადასხვა დავალებების შედეგების კორელაციის გარკვევის პროცესში სპირმენმა ფსიქოლოგიაში სტატისიკური მეთოდოლოგია შეიტანა (ფაქტორული ანალიზი), შეიმუშავა კორელაციური მეთოდი (სპირმენის რანგობრივი კორელაციის კოეფიციენტი).

კვლევამ სპირმენი მიიყვანა ე.წ. „ინტელექტის ორფაქტორიან თეორიამდე”. მის თანახმად, არსებობს საერთო „ფაქტორი G” (General - გენერალური), რომელიც ყოველგვარი გონებრივი მოქმედების წარმატებულობის საფუძველია. სხვანაირად მას ეწოდება: „საერთო ინტელექტი”, „ზოგადი გონიერება”, „ზოგადი ნიჭიერება”, „ზოგადი უნარიანობა”. გარდა ამ „G ფაქტორისა” გამოიკვეთება მრავალი „ფაქტორი S” (Special - სპეციალური), რომლებიც მხოლოდ გარკვეული სახეობის ქცევებისთვისაა დამახასიათებელი, მოქმედებს მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციაში და საჭიროა ამოცანების გადასაწყვეტად ცალკეულ დარგებში. საკუთრივ ინტელექტი სწორედ „G ფაქტორია”. ის განისაზღვრება, როგორც „გონებრივი ენერგია”, რომლის ინდივიდუალურ განსხვავებულობასაც ზომავს ინტელექტის ტესტები. მათ შორის განსაკუთრებით სანდოა რავენის ტესტი და რ. კეტელის მიერ შექმნილი ინტელექტის ტესტები. რ. კეტელმა სპირმენის „G ფაქტორი” ორ კომპონენტად გაყო («C» - კრისტალიზებული ინტელექტი და «F» - ფლუიდური ინტელექტი). რ. კეტელის აზრით, კრისტალიზებული ინტელექტი გამოცდილების, განათლების და კულტურული გავლენების შედეგია; მისი დანიშნულება ცოდნა-უნარჩვევათა დაგროვება და მოწესრიგებაა. ხოლო ფლუიდური ინტელექტი ორგანიზმის ნერვული სისტემის ბიოლოგიურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. სპირმენის მიხედვით, ეს შესაძლებლობები გონებრივი ენერგიის სამი ნიშნით ხასიათდება: 1. „გონებრივი ენერგიის” რაოდენობა; 2. „ენერგიის” გადართვის სისწრაფე ერთი მოქმედებიდან მეორეზე; 3. მოქნილობა, ანუ გარკვეული მოქმედების შესრულების მერე „გონებრივი ენერგიის” აღდგენის უნარი (საპირისპიროდ რიგიდულობისა).

სპირმენის მოსაზრებები კრიტიკული განხილვის საგანი გახდა. ზოგი უარყოფდა თავად „G ფაქტორის” ანუ ერთი თანდაყოლილი თვისების არსებობას. სხვებს არ არწმუნებდა ამ ფაქტორის სპირმენისეული მათემატიკური დასაბუთება. ამაზე საპასუხოდ სპირმენი თანამშრომლებთან ერთად აუმჯობესებდა თეორიულ და სტატისტიკურ ბაზას. მიუხედავად ამისა, უკვე 1930-იანი წლებიდან, ინტელექტის ორფაქტორიანი მოდელი თანდათანობით ე.წ. მრავალფაქტორიანმა მოდელებმა შეცვალა (ჯ. გილფორდი, ინტელექტის სამგანზომილებიანი სტრუქტურის მოდელი, ლ. ტურსტონი, პირველადი გონებრივი უნარები, მრავლობითი უნარიანობის თეორია, ადამიანის უნარიანობის სამწევრა მოდელი). მათი პოპულარობის მიუხედავად, სპირმენის შეხედულებას ერთი გენერალური ფაქტორის არსებობის შესახებ არ დაუკარგავს სარწმუნობა. ინტელექტის სტრუქტურის თანამედროვე მოდელები უშვებენ როგორც ზოგადი ინტელექტუალური უნარიანობის, ისე კერძო, სპეციფიკურ უნარიანობათა ერთდროულ არსებობას.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები