სულეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულეთი – მკდართა სულების ადგილსამყოფელი.

სხვანაირად შავეთი სამ ნაწილად იყოფა: სამოთხე, ჯოჯოხეთი და მდუღარე კუპრის ტბა. ახალმისულის სულმა ჯერ ბეწვის ხიდი უნდა გაიაროს: თუ ცოდვებით არ არის დამძიმებული, მსუბუქად გაივლის და გადარჩება, თუ ცოდვები აწევს, ვერ გაივლის. კუპრის ტბაში ჩავარდება და დაღუპულია. ბეწვის ხიდზე მშვიდობიანად გასული ერთ თვალუწვდენელ ტრიალ მინდორზე მოხვდება, რომლის შუაგულში მაღალი ციხე დგას, მის კარებთან ორი დიდი ძაღლი აბია, მათ შორის სულეთის კარის ყარაული დგას. სულს ამ კაცთან მიიყვანენ. ის გაგზავნის მას სამსჯავროზე, ძაღლები გამოეკიდებიან, მაგრამ სააქაოდან გამოტანებულ საგზალს გადაუგდებს მათ და მოეშვებიან. სულს სამსჯავრო ოთახში შეიყვანენ და ბჭეებს წარუდგენენ, რომლებიც აწონიან მის მიერ ჩადენილ ცოდვა-მადლს: თუ ცოდვა დიდად ჭარბობს და სული საჯოჯოხეთოა, ჯოჯოხეთში გზავნიან, თუ ოდნავ – ციხის ქვედა სართულში დაუდებენ ბინას. მადლიანთათვის სამოთხეა განკუთვნილი. ჯოჯოხეთი ბნელით არის მოცული, ღვთის შუქი არ უნათებს იქ მყოფთ, არც ტაბლა მოსზით სამზეოდან, არც ღვთის ულუფა კვირაობით. სამოთხე კი ღვთის შუქით არის განათებული და კარგი ულუფაც მოსდით ღვთისგან და სააქაოდ, სადაც მათ მადლი აქვთ გაწეული. სახელოვან ადამიანებს სულეთში დიდი პატივით ეგებებიან; მათთვის სუფრაა გაშლილი, ვერცხლის თასებითა და ლუდის სავსე კოდებით გაწყობილი: ლუდს ვერცხლის ვაშრაპებით იღებენ და ახალმოსულს მიართმევენ... სულეთში მიცვალებულნი გვარებად (ანდაბებად) არიან თავმოყრილნი. ესენი არიან მათი მგებრნი (მიმგებებელნი). ახლადგარდაცვლილი თავის ანდაბთან მიყავთ – ესენი მისი დედიძმები და მამიძმები არიან. გათხოვილ ქალთა სულები ქმრეულის ანდაბში მიდიან.

„სამზეოს დაკლებულები სულეთსა გროვდებიანო,
სულეთში ახალგაზრდანი ერთ ალაგს იყრებიანო,
სანთელს ანთებენ, კელაპტრებს, წინ სუფრას გაიშლიანო,
სულეთში ბერნი, მოხუცნი, სუფრის თავს დასხდებიანო“.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები