სულხანიშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკო სულხანიშვილი

სულხანიშვილი ნიკოლოზ პაატას ძე - (1871, სოფ. აწყური, თელავის მაზრ. - 03.VIII.1919, თბილისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლოტბარი, გუნდის მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების შემკრები.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მუსიკალური ნიჭით, სიმღერის შესრულების ოსტატობით და კახური მოლხენის ტრადიციით სახელგანთქმული ღარიბი აზნაურის ოჯახში. 1878 წელს მშობლებმა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. წკრიალა ხმისა და განსაცვიფრებელი სმენის გამო მეორე წლიდან ჯერ საეკლესიო გუნდში აიყვანეს, შემდეგ სამოციქულოს კითხვაც დაავალეს. მალე საკუთარი სიმღერების წერაც დაიწყო. მის ყველაზე ადრეულ სიმღერად ითვლება დიმიტრი მაჩხანელის ლექსზე შექმნილი „ჩემს საყვარელ სამშბლოს“. 1884 თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფე გახდა, თუმცა ორი წლის შემდეგ დატოვა სასწავლებელი და თელავში დაბრუნდა. მუსიკალური განათლების მისაღებად კვლავ თბილისში გაგზავნეს, თბილისში, მოსკოვის დიდი თეატრის მომღერალმა - უსატოვმა მოწაფედ აიყვანა. მანვე გააცნო შალიაპინი. 1890 წელს თელავის საულიერო სასწავლებლის ლოტბარი გახდა, საეკლესიო გუნდს ხელმძღვანელობდა და ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა აღნიშნულ სასწავლებელს. სიმღერა „ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად“, რომელსაც თავის პირველ ნაწარმოებად თვლიდა, ძალიან პოპულარული იყო. გამოჩენილი მომღერლის - ფილიმონ ქორიძის ყურადღება მიიპყრო. 1901 წელს თელავში ექსპედიციისას ჩასული, ზარაფიშვილთან სტუმრად მყოფი დიმიტრი არაყიშვილი გაეცნო, რომელმაც მისგან ჩაიწერა ხალხური სიმღერები. 1905 წლის რევოლუციური მარში დაწერა და თელავის მოყვარულთა გუნდს ასწავლა. ნაწარმოები საყოველთაოდ ცნობილი გახდა და „თელავიეზა“ ეწოდა. 1908 წელს წარმატებით გამოვიდა ა. წერეთლის შემოქმედებით მოღვაწეობის 50 წლის იუბილეზე და იუბილარს ოდა „ვაშა აკაკის“ მიუძღვნა. 1913 წელს მონაწილეობდა ლადო მესხიშვილის იუბილეში, დაწერა თავისი საუკეთესო საგუნდო ნაწარმოებები „მესტვირული“, „სამშობლო ხევსურისა“, „გუთნური“. ამავე წლის 5 მაისს ილიას ძეგლის გახსნაზე გამოვიდა და თავისი „კახური ჰიმნი“ შეასრულა. 1916 წლის 22 ნოემბერს მისი ინიციატივით ნიკოლოზ ბართაშვილის 100 წლის იუბილე გაიმართა, სადაც პოეტის ცნობილი ლექსის „მერანის“ ტექსტზე შექმნილი თავისი კომპოზიცია შეასრულა.

მისი მოღვაწეობის უკანასკნელი პერიოდი დამოუკიდებელ საქართველოს უკავშირდება. 1918 წელს თავისუფალმა ხელოვანმა და მევიოლინემ, ილიკო აბაშიძემ, ქართული სამხედრო კავშირის დახმარებით აღადგინა „ქალ-ვაჟთა გუნდი“ და მის ლოტბარად ნიკო სულხანიშვილი მიიწვია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გუნდის მიერ ჩატარებული ეროვნული მუსიკის ორი კონცერტი. მათ შორის პირველი გაიმართა 1918 წლის 10 ივნისს ქართულ კლუბში, მეორე კი 30 ივნისს თბილისის ოპერის თეატრში. შესრულდა ნ. სულხანიშვილის, ზ. ფალიაშვილის. დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ა. ყარაშვილის და ი. ჯაბადარის ნაწარმოებები. კონცერტებში, გუნდის გარდა, მონაწილეობდნენ პირველი ქართველი საოპერო მომღერლები: ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ოლღა კალანდაძე და ვ. ლორთქიფანიძე. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია გუნდებმა: „მესტვირული“, „გუთნური“ და „სამშობლო ხევსურისა“. ერთ-ერთ კონცერტს ესწრებოდა კათოლიკოს პატრიარქი კირიონ II. 1919 დაწერა თავისი უკანასკნელი ნაწარმოები „ღმერთო ღმერთო“ და ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას და ნაძალადევის მუშათა გუნდს ხელმძღვანელობდა. ბოლოს მუშაობდა აკაკი წერეთლის პოემის მიხედვით შექმნილი ხუთმოქმედებიანი ოპერის „პატარა კახის“ საბოლოო ვერსიაზე, რომლის ძირითადი ნაწილიც ჯერ კიდევ 1914 წელს დაწერილი ჰქონდა. გარდაიცვალა 1919 წლის 3 დეკემბერს თბილისში. გარდაცვალების დღეს, ნოტების ჩემოდანთან ერთად, უკვალოდ დაიკარგა მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ოპერა „პატარა კახის“ პარტიტურაც. ცნობილი შედევრი „დაიგვიანეს“ სწორედ ამ ოპერიდან არის შემორჩენილი. ჩვენამდე კომპოზიტორის მხოლოდ შვიდმა ნაწრმოებმა მოაღწია. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნაწარმოებები

  • 1886 ვოკალური ტრიო „ჩემს საყვარელ სამშობლოს“;
  • 1891 „ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად“;

საგუნდო ნაწარმოებები:

  • 1905 „თელავიეზა“;
  • 1906 „ახალი ნანინა“;
  • 1913 „სამშობლო ხევსურისა“;
  • „მესტვირული“;,
  • „გუთნური“;
  • „დიდება ივერსა“;
  • 1919 „ქორალი“ („ღმერთო, ღმერთო“);
  • არია „დაიგვიანეს“ ოპერიდან „პატარა კახი“.


ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • ვ. ბერიძე, კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები), თბ., 1992;
  • ლ. დონაძე, ო. ჩიჯავაძ ე, გ. ჩხიკვაძე, ქართული მუსიკის ისტორია, წ. I., თბ., 1990;
  • გ. ნადირაძე, ნიკო სულხანიშვილი, თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნიკო სულხანიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები