სურმანიძე ლალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლალი სურმანიძე

სურმანიძე ლალი − Surmanidze Lali, Сурманидзе Лали 1956-

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1993), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით. ასპირანტურა გაიარა თსუ-ს ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრაზე. აქვე მუშაობს 1986 წლიდან, ჯერ სოციოლოგიის კათედრაზე, შემდეგ, 2006 წლიდან − სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ხოლო 2014 წლიდან − ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. არის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში შეიქმნა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მიმართულება. ლ. სურმანიძე ინტერდისციპლინური სასწავლო-აკადემიური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების − „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)” ხელმძღვანელია.

ლ. სურმანიძის სამეცნიერო ინტერესების სფეროა ფსიქოლოგიისა და კულტურის ურთიერთმიმართების პრობლემატიკა, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია, კულტურის ფსიქოლოგია და კროსკულტურული ფსიქოლოგია; ემპირიული კვლევის მეთოდოლოგიისა და მეთოდოლოგიური სინთეზის საკითხები; ექსპერიმენტული ფსიქოსემანტიკა და სემიოტიკა.

კულტურის მეცნიერულ-ფსიქოლოგიური შესწავლა ლ. სურმანიძის სამეცნიერო საქმიანობის ერთერთი წამყვანი მიმართულებაა. მის საკანდიდატო დისრტაციაში პირველად იქნა წარმოდგენილი ქართული მსოფლმხედველობის შესახებ ექსპერიმენტული კვლევის მონაცემები. ქართული ფოლკლორული ფრაზეოლოგიზმების ბაზაზე შეიქმნა „სემანტიკური სივრცეები“, ფსიქოსემანტიკური ექსპერიმენტის შედეგად ჩატარდა მათი ანალიზი; გამოვლინდა ფოლკლორულ იდიომურ გამონათქვამებში იმპლიციტურად მოაზრებული, ქართულ ენა-კულტურაში უპირატესი მნიშვნელოვნების მქონე შეფასების კრიტერიუმები ადამიანისა. მათზე დაყრდნობით გაანალიზდა ე.წ. უნივერსალური/არქეტიპული, სოციალური, ფსიქოლოგიური, ეგოსთან დაკავშირებული ეთნიკური სტერეოტიპები და მენტალური კულტურული მოდელები.

კულტურის „შიგნიდან” (ემიკურ) შესწავლასთან ერთად, ლ. სურმანიძე კულტურას შეისწავლის კროსკულტურული (ეტიკური) მიდგომითაც. საერთაშორისო კროსკულტურული კვლევის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა რომანტიკული პარტნიორის ფიზიკურ მიმზიდველობაში მხედველობითი (ვიზუალური), სმენითი (აკუსტიკური), შეხებით-კინესთეზიური და ყნოსვითი ფაქტორების როლს, მან გამოავლინა 13 სენსორული ფაქტორის მნიშვნელოვანი ღირებულება: ექსპრესიული ქცევა, ცეკვა, სიმღერა, სახის სტრუქტურა, სხეულებრივი მახასიათებლები, თმა, თვალების თავისებურებანი, ხმა, ლაპარაკის ექსპრესიული მანერა, კანი, ჩაცმულობა, ტუჩები. გამოავლინა რომანტიკული მიმზიდველობის ზოგადი და ეთნოკულტურულად სპეციფიკური ფაქტორები.

მონოგრაფიაში „ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები” კულტურათა ფსიქოლოგიური ტიპოლოგიის − „ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი” − კროსკულტურული კონცეპტუალური ჩარჩო განხილულია საზოგადოდ კულტურისა და ფსიქოლოგიური მეცნიერების ურთიერთმიმართების კონტექსტში. სადოქტორო დისერტაციაში „კულტურის კვლევის პარადიგმულ-თეორიული და მეთოდოლოგიური ტენდენციები” ავტორმა დაასაბუთა, რომ კულტურის შემეცნება მოითხოვს კულტურულ-ისტორიული და პოზიტივისტური მიდგომების გაწონასწორებულ თანაარსებობას, რაც გულისხმობს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული პარადიგმების {ორგვარი ფსიქოლოგია} მეთოდოლოგიის სინთეზს. მიაჩნია რა, რომ კულტურის შემეცნება მიმართული უნდა იყოს „ახსნისა” და „გაგების” პრინციპების აქტიური გამოყენებისკენ, ავტორი მიმართავს მრავალფეროვან კვლევით ტექნოლოგიებს, როგორც პოზიტივისტურს (ექსპერიმენტი), ისე ჰერმენევტიკულს (სემიოტიკური ანალიზი, ფენომენოლოგია, დისკურსის ანალიზი და სხვა).

მთავარი ნაშრომები:

  • ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები (თეორიული მოდელები, ემპირიული კვლევები). თბილისი: “ნუკერი”, 2001;
  • The Formation of Nation-State and Cultural Identity: A Georgian Perspective // International Black Sea University (IBSU) Scientific Journal, N 2 (2), 2008. (თანავტორებთან ერთად); კულტურა მეთოდოლოგიურ პრსპექტივაში. თბილისი: “უნივერსალი”, 2010;
  • Stereotypes in the Framework of Personality Traits Cultural Constructs // BULLETIN of Peoples’ Friendship University of Russia, 2010; The Georgians’ Perception of Mental Concepts in the Context of the Value of Family // Moldoscopie (Probleme De Analiza Politica), N 1 (XLVIII), Chişinău: CEP USM, 2010 (TanavtorebTan erTad);
  • Sensory Values in Romantic Attraction in Four Europeans Countries: Gender and Cross-Cultural Comparison // Cross-Cultural Research, Vol. 50(5), 2016 SAGE Publications (TanavtorebTan erTad).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები