სქემ მიტროპოლიტი ეფრემი (ჩახვაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ათანასე

სქემ მიტროპოლიტი ეფრემი (ჩახვაშვილი) – სქემ მიტროპოლიტი ეფრემი ერისკაცობაში ანზორ იორამის ძე ჩახვაშვილი, დაიბადა 1936 წლის 4 თებერვალს გურჯაანის რაიონ სოფელ კარდენახში. არასრული განათლება მიიღო კარდენახში, ხოლო 1953 წელს დაამთავრა სიღნაღის საშუალო სკოლა. მისი ბავშვობა დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. გაჭირვება, ეკლესია-მონასტრების შევიწროება ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ნორმა იყო. იგი ბავშვობიდანვე ჩაება შრომით საქმიანობაში. 16 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფი მიიყვანეს სიღნაღში ცნობილ ექიმ ვახტანგ მათიაშვილთან, ექიმმა ყურადღებით გასინჯა და უჩვეულო რამ უთხრა მას: „შენ ხარ ანგელოზის ავადმყოფი, შესაწირი შესწირე, ილოცე და მონასტრებში სანთელი დაუნთე უფალს, მალე გამოკეთდებიო“. ახალგაზრდა ანზორ ჩახვაშვილმა ანაგის მონასტერს მიაშურა, სადაც შეხვდა და დაუახლოვდა ღრმადმორწმუნე კაცს გიორგი ნადირაშვილს, რომელმაც ასწავლა ხუცური ანბანი, მისცა სასულიერო წიგნები. მეუფე ათანასე დიდი სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებს დედულეთს, ტეტელოშვილების ოჯახს, სადაც სითბო და სიყვარული არ მოჰკლებია ახალგაზრდაში. 1953-1957 წლებში ანზორ ჩახვაშვილი შრომით საქმიანობას ეწეოდა კარდენახის კოლმეურნეობაში, 1957-1959 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1959-1962 წლებში სწავლობდა სიღნაღის ზოოვეტრინარულ ტექნიკუმში.

1965 წელს ანზორ ჩახვაშვილი ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1967 წელს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის მიერ იკურთხა დიაკვნის ხარისხში, ეწოდა სახელი ანდრია და განაწესეს სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1968 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის რომანოზის (პეტრიაშვილი) წერილობითი თხოვნის საფუძველზე გაიწვიეს ალავერდის ეპარქიაში. მეუფე რომანოზმა აკურთხა მღვდლად და განწესებულ იქნა ბოდბის წმიდა ნინოს ეკლესიაში მეორე მღვდლად. 1969-1970 წლებში მსახურობდა თელავის ღვთაების ეკლესიაში, ხოლო 1971-1979 წლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1978 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა წმიდა სინოდის ხხდომა, სადაც ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსად გამორჩეულ იქნა სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზი ანდრია ჩახვაშვილი. 15 დეკემბერს მამა ანდრია აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ათანასე, 17 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, 24 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს ბოდბელ ეპისკოპოსად.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის მეუფე ათანასე უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1982 წლის 1 ივნისს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1989 წელს – მიტროპოლიტის ხარისხში. 1992 წლის 12 მაისს იგი გადაყვანილ იქნა ალავერდელ მიტროპოლიტად. 1993 წლის 1 სექტემბერს დაბრუნდა ბოდბის კათედრაზე, საიდანაც 1996 წლის 21 ოქტომბერს დადგინდა რუსთველ მიტროპოლიტად. 2002 წლის 17 ოქტომბერს რუსთავის ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია. რელიგიურ-კონფენსიური და ეთნიკური თვალსაზრისით ფრიად რთული ეპარქიაა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია, აქ მართლმადიდებლებთან ერთად ცხოვრობენ მაჰმადიანი აზერბაიჯანელები, მონოფიზიტი სომხები, საჭიროა ფრთხილი და გაწონასწორებული პოლიტიკა, რათა არ მოხდეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება.

მეუფე ათანასე ყველაფერს აკეთებს, რათა იყოს ქართული სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ისტორიული ტრადიციების ღირსეული გამაგრძელებელი. მისი ღვაწლით ახალ ეპარქიაში, სადაც არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია, გაიხსნა რუსთავში წმინდა ვახტანგ გორგასლის, ღვთისმშობლის ხარების, წმიდა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, მიქაელ მთავარანგელოზის, გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიები. წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის, წმიდა ნინოს, ცამეტი ასურელი მამის, გრიგოლ ხანძთელის, ალექსი შუშანის სამლოცველო სახლები. შენდება ამაღლების, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები. მარნეულის ცენტრში გაიხსნა მართლმადიდებელი ეკლესია.

მიტროპოლიტი ათანასე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო წმიდა სინოდის უპირატესი მღვდელმთავარია, იგი დაჯილდოებულია წმიდა გიორგის წმიდა ნინოს ორდენებით. მინიჭებული აქვს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის უფლება. 2009 წლის 1 ნოემბრიდან პენსიაში გავიდა. გარდაიცვალა 2012 წლის 9 აგვისტოს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიკრძალა 14 აგვისტოს, სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მძიმე ავადმყოფი მიტროპოლიტი ათანასე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დიდი სქემით შემოსეს. აღკვეცისას მიტროპოლიტ ათანასეს სახელად ეფრემი ეწოდა, წოდება კი შემდეგნაირად შეიცვა სქემ-მიტროპოლიტი ეფრემი.


Logo1.JPG ათანასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

მიტროპოლიტი ათანასე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები