სქიზმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სქიზმა - ბერძ. skhísma (ზმნიდან skhízein „დაყოფა“) განხეთქილება რელიგიურ გაერთიანებაში, ეკლესიაში. ამ ტერმინით უმთვარესად ქრისტიანული ეკლესიის წიაღში მომხდარი განხეთქილება აღინიშნება. მაგალითად, სქიზმა რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ან განხეთქილებები კათოლიკურ ეკლესიაში, რამაც ანტიპაპიზმი წარმოშვა. განხეთქილებაში მყოფ ქრისტიან თანამორწმუნეთა ჯგუფს სქიზმატებს უწოდებენ. კათოლიკეები ასეთებად მიიჩნევენ მართლმადიდებლებს. მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, კათოლიკეები ერეტიკოსებად უნდა ჩათვალონ თუ სქიზმაში მყოფებად.

დიდი სქიზმა

თუ ადრე „დოგმატური ბრალმდებლის“ როლში თითქმის ყოველთვის რომი გამოდიოდა, IX საუკუნის მეორე ნახევრიდან საბრალმდებლო სკამზე იგი თავად აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე ბრალდებები კონსტანტინოპოლის მხრიდან, უმთავრესად, კანონიკურ წეს-ჩვეულებითი და საღვთისმეტყველო-დოგმატური ხასიათისა იყო. განხეთქილებას საფუძველი ჩაეყარა დაბა ბიზანტიონის დედაქალაქად გამოცხადებისა და იმპერიის გაყოფისთანავე (395 წ). VII–VIII საუკუნეებში აღმოსავლეთის ეკლესიები მორიგმა წვალებამ მოიცვა და, რადგან ყველა ცდა ხატებზე მართებული შეხედულების შემუშავებისა იმხანად ამაო აღმოჩნდა, პაპებმა კურსი საფრანგეთისაკენ აიღეს. 800 წელს პაპმა ლეონ III–ემ რომის იმპერიის მემკვიდრედ აკურთხა კარლოს დიდი, რაც ბიზანტიელი იმპერატორების იგნორირებას უდრიდა. რომისა და კონსტანტინოპოლის კათედრებს შორის ატყდა დავა გავლენის სფეროთა განაწილების თაობაზე, კერძოდ, ბულგარეთისა და მიმდებარე რეგიონების გამო. პრობლემები გაჩნდა სამხრეთ იტალიაშიც, სადაც VII–VIII საუკუნებში თავი შეაფარეს ხატთაყვანისმცემლებმა და იქ ბერძნული კოლონიები შექმნეს. კონსტანტინოპოლი მათ საკუთარ სამწყსოდ მიიჩნევდა, რასაც პაპი უკანონობად თვლიდა. რომი ბიზანტიონის მთავარეპისკოპოსს ადანაშაულებდა „მსოფლიო პატრიარქის“ ტიტულის უზურპირებისთვის, უძველესი და ჭეშმარიტად სამოციქულო კათედრების – ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის – დამორჩილების გამო უწოდებდა მას „უგვარტომოს“, რადგან მიაჩნდა, რომ მისი აღზევება იმპერატორმა განაპირობა და არა სამოციქულო მემკვიდრეობამ.

პირველი სერიოზული კონფლიქტი IX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა ორი პიროვნებაპატრიარქი ეგნატე და ბიზანტიის იმპერატორის რჩეული ფოტი (ფოტიოსი). ამ დავაში პატრიარქ ეგნატეს მხარს უჭერდა პაპი ნიკოლოზ პირველი, რომელმაც მდგომარეობის შესასწავლად კონსტანტინოპოლში თავისი ლეგატები მიავლინა, მაგრამ ფოტიმ ლეგატები მიიმხრო და პაპის მოსაზრებები არ გაითვალისწინა. პაპმა ნიკოლოზ I-მა საგანგებო სხდომა მოიწვია იმპერატორის ელჩების თანდასწრებით, რომელზეც უარყოფითად შეაფასა ლეგატების საქმიანობა, დაგმო ფოტი, მისი მფარველი იმპერატორი, მათი თანამოსაგრენი და აღიარა პატრიარქ ეგნატეს პრეტენზიის საფუძვლიანობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. საპასუხოდ პატრიარქმა ფოტიმ და იმპერატორმა დაგმეს რომის ადმინისტრაციული, კულტმსახურებითი და დოგმატური პოზიციები და კონსტანტინოპოლის მიერ ახლადმოქცეულ ბულგარეთზე იურისდიქციის თვითნებურად გავრცელებაც დასდეს რომს ბრალად. პატრიარქმა ფოტიმ შეადგინა და აღმოსავლეთის პატრიარქებს დაუგზავნა საყოველთაო ეპისტოლე, რომელშიც მან წარმოადგინა იმ ბრალდებათა ვრცელი ნუსხა, რასაც რომის ეკლესიას უყენებდნენ. კონსტანტინოპოლისთვის მიუღებელი იყო შაბათის მარხვა, რძითა და ყველით მარხვა, სამღვდელოთა უქორწინებლობის მოთხოვნა (ცელიბატი), ფილიოკვე (მრწამსისათვის დამატება ფრაზისა ძისაგან სული წმიდის გამოსვლის თაობაზე), წვერის პარსვა, დიაკონთა ეპისკოპოსად კურთხევა და ა.შ., თუმცა თავად პატრიარქი ფოტი არამცთუ დიაკვნობიდან, არამედ ერისკაცობიდან აღაზევეს მღვდელმთავრის რანგში. პატრიარქ ფოტის წერილში მოყვანილი განსხვავებები საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ამ კონფლიქტამდე აღმოსავლური ეკლესიები მათ შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ.

867 წელს კეისარმა ბასილი I–მა, მაკედონელმა მორწმუნეთა გულის მოგების მიზნით, ფოტი გადააყენა და კონსტანტინოპოლის კათედრაზე პატრიარქი ეგნატე აღადგინა. 869 წელს პაპ ნიკოლოზ I–ის მემკვიდრის, ადრიანეს, ინიციატივით შედგა კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრება, სადაც პაპის ლეგატებმა წაიკითხეს ბულა, რითაც ხაზი გაუსვეს შვიდი საეკლესიო კრების შეუვალ ავტორიტეტს, ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის უცვალებლობას და შეაჩვენეს ყველა ერესი და ერეტიკოსი, მათ შორის პატრიარქ ფოტის მიმდევრები, განაჩინეს ანათემა ნებისმიერ ერისკაცზე, ვინც თვითნებურად დაადგენს მღვდელმთავარს.

პატრიარქმა ფოტიმ მოახერხა იმპერატორ ბასილი I-ისა და პაპის მოდგილის, იოანე VIII-ის გულის მოგება. 879 წლის საეკლესიო კრებაზე მან მოიწვია პაპის ლეგატები, ისარგებლა მათ მიერ ბერძნული ენის არცოდნით და თავი მსოფლიო პატრიარქად გამოცხადა. როდესაც ყველაფერი გაირკვა, პაპმა ლეგატები დასაჯა, პატრიარქ ფოტის კი ანათემა გამოუცხადა.

დიდი სქიზმა გარდაუვალი იყო, საამისოდ მრავალი მიზეზი დაგროვდა და XI საუკუნის შუა წლებში, პაპ ლეონია (IX ს.). პატრიარქ მიქაელ კერულარიოსისა და მეფე კონსტანტინე მონომახის (IX ს.) დროს განხეთქილებაც მოხდა. განახლდა დავა სამხრეთ იტალიის მიწების გამო. პაპის ბრძანებით იქიდან გააძევეს ბერძნები, რომლებიც უარს ამბობდნენ რელიგიური ცხოვრების ლათინურ წესზე და თავს კონსტანტინოპოლის მრევლად თვლიდნენ. პასუხად პატრიარქმა 1053 წელს კონსტანტინოპოლში ლათინური ტიპის ეკლესიები დახურა და ერესად მონათლა უფუარი პურით ზიარების მათებური წესი. ეკლესიათა საჭეთმპყრობლებმა ურთიერთბრალდებით წერილების გამოქვეყნება დაიწყეს. დასავლელებს, ძირითადად, სამი სიახლის, ანუ ცდომილების – უფუარი პურის, შაბათის მარხვისა და ცელიბატის გამო გმობდნენ. 1054 წლის 16 ივლისს პაპის ლეგატებმა წმინდა სოფიის ტაძარში წირვის დროს საკურთხეველზე დადეს ბულა, რომლის მიხედვითაც კერულარიოსს ბრალად ედებოდა წესჩვეულებების გაფეტიშება, უვიცობა, დოგმატისა და კულტის განურჩევლობა და, რაც მთავარია, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებათა აბუჩად აგდება – რომის საყდრის უპატივცემულობა. პატრიარქთან ერთად ირისხებოდა ყველა, ვისაც ეეჭვებოდა, რომ წმინდა ტახტი აღმატებული მადლით იყო მოსილი. ოთხი დღის შემდეგ, 20 ივლისს, შედგა ადგილობრივი კრება თორმეტი მიტროპოლიტის, რამდენიმე ეპისკოპოსისა და სამღვდელო დასის შემადგენლობით. ეს იყო ტრიბუნალი, რომელმაც ანათემა შეუთვალა პაპსა და მის თანამოაზრეთ, ბულა კი დაწვეს. რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ერთმანეთი შეაჩვენეს. მოხდა დიდი სქიზმა: დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები გაითიშნენ. მიზეზი პოლიტიკური, საბაბი – დოგმატური. ეკლესიათა გაყოფის ფაქტი დღემდე სხვადასხვაგვარადაა კვალიფიცირებული. კათოლიკეები მას „ბერძენთა სქიზმას” უწოდებენ, მართლმადიდებლები, უფრო ხშირად, „ლათინთა ერესს“. ამ მოვლენის შეფასების თვალსაზრისით, ერთსულოვნება არც დასავლეთში შეინიშნება და არც აღმოსავლეთში.

სქიზმატური ეკლესიები საქართველოში

საქართველოს საპატრიარქომ 1999 წელს გამოაქვეყნა იმ ეკლესიებისა და ჯგუფების სია, რომლებიც მასთან იმხანად განხეთქილებაში იმყოფებოდნენ („საპატრიარქოს უწყებანი“, 612.XI, № 44).

ესენია:

1. ბოსტონის დაჯგუფება, ე.წ. აქვსენტიოსის ფრთა (მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში),
2.ბერძნული სქიზმა, ე.წ. ქრიზოსტომოსის ფრთა (არქიმანდ. გრიგოლ კობახიძის ჯგუფი);
3.მოსკოვის სქიზმა (ეპისკოპოსების: ამბროსის, მოსესა და ნოდარის შემადგენლობით),
4.ბერძნული სქიზმა, ე.წ. კვიპრიანეს ფრთა (გლდანის ეპარქია),
5. სტაროვერები (ეპისკოპოსები იონა და პავლე),
6. ზედაზნის ჯგუფი (მღვდელი ლავრენტი ბუზიაშვილი და ბორის ივანოვი),
7.სრულიად საქართველოს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირი (ეპისკოპოსი ნიკოლოზი, ფოთი).
8.ეპისკოპოს ქრისტეფორეს ეკლესია („სხვენის ეკლესია“), რომელიც, ჩამოთვლილი გაერთიანებებისაგან განსხვავებით, ეკუმენური მოძრაობის მიმართ თანაგრძნობით გამოირჩევა.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები