ტანვარჯიშის მოყვარულთა საზოგადოება შევარდენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შევარდენი - ტანვარჯიშის მოყვარულთა საზოგადოება 1918-1922 წლებში მიზნად ისახავდა „ტან ვარჯიშობის ფართო გავრცელებით გაეძლიერებინა საქართველოს ფიზიკური და სულიერი სიმტკიცე. აღეზარდა საქართველოს ღირსეული შვილები; განევითარებინა მათში ვაჟკაცობა, მედგრობა, გამბედაობა, სიმარდე და ტანის სისხარტე; აგრეთვე ჩაენერგა შეგნება წესმორჩილებისა, მოვალეობისა, ძმობა-ერთობა-თავისუფლებისა და გრძნობა სიმშვენიერისა“.

დაარსდა 1918 წლის 25 აგვისტოს, ძირითადად ორი სპორტული ორგანიზაციის გაერთიანების შედეგად. 1917-1918 წლებში საქართველოში არსებობდა ქართველ მხედართა კავშირის „ტან-სავარჯიშო“ საზოგადოება „ამირანი“ და რუსული საზოგადოება „სოკოლის“ თბილისის ფილიალი. ამ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, მათ ბაზაზე დაარსებულიყო საზოგადოება „შევარდენი“. საქართველოს სამხედრო სამინისტრომ „შევარდენს“ გადასცა ორგანიზაცია „ამირანის“ ქონება. „შევარდენის“ დამფუძნებელმა კრებამ, რომელსაც 37 წევრი ესწრებოდა, აირჩია საბჭო - გაიოზ ბერელაშვილის, გიორგი ნიკოლაძის, ირაკლი ლორთქიფანიძის, გიორგი ეგნატაშვილის და თამარ ნიკოლაძის შემადგენლობით.

საზოგადოება „შევარდენმა“ რამდენიმე მიმართულებით გაშალა თავისი საქმიანობა - პრაქტიკული მეცადინეობის პარალელურად ორგანიზაციის წევრები გამოსცემდნენ წიგნებს, ჟურნალებს (გამოიცა ჟურ. „შევარდენის“ რამდენიმე ნომერი), მუშაობდნენ სპორტული ტერმინოლოგიის შექმნა-დახვეწაზე, მეცადინეობას უტარებდნენ საზოგადოების მწვრთნელებს (ვარჯიშთავებს). 1920 თბილისში დაარსდა „ტანვარჯიშობის სამასწავლებლო ინსტიტუტი“. „შევარდენი“ მხოლოდ ტანვარჯიშის განვითარებისთვის არ ზრუნავდა. საზოგადოების შიგნით მოქმედებდა ფარიკაობის, ველოსპორტის, ძალოსნობის, ჩოგბურთის, ფეხბურთის სექციები. „შევარდენის“ წარმომადგენლობები შექმნილი იყო ყველა დიდ ქალაქში, ასევე არსებობდა სტუდენ-შევარდენთა, მუშა-შევარდენთა წრეები. მთლიანობაში საზოგადოება 10 ათასამდე წევრს აერთიანებდა. შემუშავებული იყო წევრებისთვის სპეციალური სამოსი (დახატა მხატვარმა ვალერიან სიდამონ-ერისთავმა), რომლის ტარებისას აუცილებელი იყო სამკერდე ნიშნის ქონაც.

საზოგადოება „შევარდენის“ მიერ ტარდებოდა როგორც ადგილობრივი შეჯიბრებები, ასევე რესპუბლიკური მასშტაბის სპორტული ღონისძიებები. 1920 წლის 16-17 აპრილს ჩატარდა „შევარდენის“ შეჯიბრება „დაბალ, საშუალო და მაღალ თანრიგებში“. მას დიდძალი ხალხი დაესწრო, მათ შორის იყვნენ განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე, ქალაქის მოურავი ბენია ჩხიკვიშვილი, დამფუძნებელი კრების განათლების კომისიის თავმჯდომარე ლ. ნათაძე, ასევე დამფუძნებელი კრების წევრები დ. შარაძე, გ. ქიქოძე, ნ. კალანდაძე და სხვა. განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო „შევარდენის“ გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი - 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 1919, 1920 და 1921 წლებში. ეს მასობრივი სანახაობა ჩატარდა „ვაკის სარბიელზე“ ანუ ვაკის სტადიონზე. 1919 წლის 26 მაისის გამოსვლაში მონაწილეობდა 281 მოვარჯიშე; 1920 წლის ვარჯიში ყველაზე მასშტაბური იყო. მასში მონაწილეობდა „შევარდენის“ 507 წევრი და 2814 მოხალისე. ერთ-ერთ საჩვენებელ ნომერში ერთდროულად სტადიონზე გამოვიდა 1717 მონაწილე. 1921, მიუხედავად გასაბჭოებისა, საზოგადოება „შევარდენმა“ აღნიშნა 26 მაისის დღესასწაული და ვარჯიში მონაწილეობა მიიღო 916 წევრმა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ „შევარდენის“ საქმიანობა თანდათან შეიზღუდა. ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივ გაერთიანებად მონათლეს და 1922 წლის 3 ნოემბრის საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით გააუქმეს.

ჯაბა სამუშია

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები