ტაო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაოსაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი.

კლარჯეთი ტაოსთან ერთად ხშირად ერთ რეგიონად გაიაზრებოდა: „ტაო-კლარჯეთი“. მაგრამ ისინი მაინც დამოუკიდებელი ეთნოგრაფიული ერთეულები იყო. ტაო მდ. ჭოროხის შუა დინების აუზშია. ძვ.წ. 401 წ. ბერძენი ქსენოფონტი ამ კუთხის მოსახლეობას ტაოხებად მოიხსენიებს. ძვ.წ. I ათასწლეულში ტაო კოლხეთის სამეფოში შედიოდა. ისევე როგორც კლარჯეთში, ტაოშიც თავდაპირველად დასავლურ ქართული ელემენტი მკვიდრობდა. აქ ძალიან ადრე მოხდა აღმოსავლურ ქართული ტომების ინფილტრაცია. ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნისთანავე (ძვ.წ. IV-III სს.) ტაო მისი ორგანული ნაწილი გახდა. ტაოს ძვ.წ. II ს. სომხეთი დაეუფლა. ახ.წ. I-II სს. კვლავ ქართლის სამეფოში შედიოდა. შემდგომ კვლავ სომხეთმა მიიერთა და მამიკონიანთა ფეოდალური სამფლობელო იყო. ამიტომ ტაოში ქართულ მოსახლეობასთან ერთად, განსაკუთრებით იმიერ-ტაოში, სომხურიც გაჩნდა. ქართველებსა და სომხებს შორის საეკლესიო დაპირისპირების დროს, ტაოში დიოფიზიტობამ გაიმარჯვა და ის დიოფიზიტობის ძლიერ ცენტრს წარმოადგენდა. VIII-IX სს-ში ტაოში ფართო სამონასტრო მშენებლობა იყო გაჩაღებული. აქ აიგო ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები (ბანა, ხახული, ოშკი, პარხალი...).

კლარჯეთთან ერთად ტაოში მიეცა დასაბამი ბაგრატიონების სამეფო დინასტიას. ტაოში მოღვაწეობდნენ ქართული საეკლესიო კულტურის მოღვაწეები - იოანე და ექვთიმე მთაწმინდელები. XII-XIII სს-ში ტაო საქართველოს ფეოდალური მონარქიის სანაპირო ქვეყანა იყო. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ, ტაო სამცხე-საათაბაგოს სამთავროში შედიოდა. XVI ს-ის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ეთნოგრაფიული ერთეულები და მათ შორის, ტაოც ოსმალეთმა დაიპყრო.

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები