ტარუღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტარუღა - (მონღ. daruga), მოურავი XVI-XVIII სს-ის აღმოსავლეთ საქართველოში.

სეფიანთა ირანში, საიდანაც იგი საქართველოში გავრცელდა, ტარუღა პოლიციის უფროსს ეწოდებოდა, რომელიც, ასევე, პასუხისმგებელი იყო გადასახადების აკრეფაზე (სეფიანთა ირანში ეს თანამდებობა ხშირად ქართველებს ეკავათ. შაჰ აბას I-ის დროიდან სეფიანთა სატახტო ქალაქის - ისფაჰანის ტარუღები თითქმის ყოველთვის გამუსლიმებული ქართველები იყვნენ).

საქართველოში სამოხელეო ტერმინი ტ. XVI ს-ის 80-იანი წლებიდან, სვიმონ I-ის (1556-1569, 1578-1600) ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ ჩნდება საშუალო რანგის ადგილობრივი ადმინისტრაციული მოხელის აღსანიშნავად. იგი ყოველთვის მოიხსენიება მელიქთან, ქეთხოდასთან, მოურავთან და სხვა მოხელეებთნ ერთად.

ტარუღა ჰყავდა სოფელსაც და ქალაქსაც. ქართულ და ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში იხსენიება „ქალაქის“ (თბილისის), გორის, ალგეთის, თელავის ბაზრის ტარუღები. ამავე დროს ტარუღს ვხვდებით მეფის, დედოფლისა და სათავადოების ადმინისტრაციებშიც. ქალაქების (თბილისი, გორი) და ადმინისტრაციული ერთეულების (სომხითი) ტარუღები მეფის მიერ ინიშნებოდნენ. „დასტურლამალის“ მიხედვით, სამეფო მეჯლისის დროს სუფრის გაშლაში მონაწილეობას იღებდა ფარეშხანის (ფარეშების-მსახურთა უწყება) ტარუღა მის სარგოს „სატარუღე“ გამოსაღები ეწოდებოდა.

ისტორიულ საბუთებში ტარუღები, ძირითადად, არ არიან პერსონიფიცირებულნი. იშვიათია შემთხვევები, როდესაც ტარუღას სახელი და გვარია მითითებული. 1594 წ-დან იხსენიება გორის ტარუღა ამ თანამდებობაზე თავდაპირველად სხვადასხვა პირები ინიშნებოდნენ, რაც მიანიშნებს, რომ ტარუღა და მოურავი ჯერ კიდევ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მაგრამ, მოგვიანებით ეს თანამდებობა სამემკვიდრეო გახდა და იგი ამილახვრებმა შეითავსეს, რომლებიც ადრიდანვე გორის მოურავობას ფლობდნენ. ტარუღა სარგოს სახით შემოსავალს იმ სოფლებიდან იღებდა, რომლების ტარუღობაც ეძლეოდა.

ტარუღები XVII-XVIII სს.

  • ჯავახიშვილი პაატა - ფარეშხანის, სოფელ ახალდაბისა და სხვა სახასო ადგილების ტ. 1633 წ. (ქსის 1955: 105, 106).
  • ამილახვარი იოთამბეგ - გორის ტარუღა 1692 წ. (ქსის 1955: 358).
  • ანდრონიკაშვილი ზაალბეგ - ყორჩიბაში; მარტყოფის ტარუღა 1703 წ. (ქსის 1955: 411).
  • ამილახვარი ავთანდილ-ბეგ - გორის (სეფიაბადის) ტარუღა 1708 წ. (სის 1965: 39; ТКПФ 1995: 129).
  • ამილახვარი გივ-ბეგ - გორის ტარუღა 1708 წ. (სის 1965: 39; ТКПФ 1995: 129).


წყაროები და ლიტერატურა

ქსის 1955: 105, 106, 358, 411; ТКПФ I 1995: 129; ფუთურიძე 1965: 39; Месхия 1959: 245-246.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები