ტივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტივი

ტივი - საბას განმარტებით, ტივი არის „ძელნი შეწყობილნი წყალთა სავალად“ ე.ი. ერთად შეკრულ-შეკოჭილი დამორილი ძელები, რომლებსაც მდინარეზე აცურებდნენ, ჩაჰქონდათ სასურველ ადგილას, იქ შლიდნენ და ყიდდნენ, როგორც ხის მასალას. არსებობდა სატრანსპორტო და სხვადასხვა სამეურნეო ფუნქციისთვის გამოსაყენებელი ტივები.

საქართველოში მეტივეობას მისდევდნენ მდინარეების - მტკვრის, ლიახვის, ცხენისწყლის, რიონის, ხეობებში. რა თქმა უნდა, გამონაკლისები იყო სხვაგანაც. ეთნოგრაფიულ ყოფას უხვად შემორჩა ტივის კულტურასთან დაკავშირებული ემპირიული მასალები: ტივის ხის ჯიშების, მათი შერჩევა-მოჭრის, შეკვრა-შეკოჭვის, ორთაყვირის დასმის, დაცურებისა და „წყლის კაცების“, ანუ ეტივეობის საქმესთან დაკავშირებით. მეტივეობა ძირითადად დაწინაურებული იყო ხე-ტყით მდიდარ რეგიონებში. მეტივეობის კლასიკურ მხარეს წარმოადგენდა ბორჯომის ხეობა, სადაც უხვად მოიპოვებოდა მშენებლობისათვის საჭირო წიწვოვანი ხეები. აქ ტყის კაცები გვარებისა და ნათესაობის მიხედვით გაერთიანებულნი იყვნენ მოდგამში (არტელში) და გაყიდულ მორებში აღებულ თანხას ინაწილებდნენ მათი შრომისა და გამოცდილების გათვალისწინებით. მორების დასამზადებლად გამოიყენებდნენ „სისო ხერხსა“ და ე.წ. "მეტიურა ცულს", რომლის ფორმა თითქმის იმეორებს ბრინჯაოს კოლხური ცულების ფორმას.

ხის მოჭრა ხდებოდა მთებში. მორებს აცურებდნენ შუროში//სვანში (ხალახინი, იმერ.). მოაგროვებდნენ მდინარის მდოვრე ადგილას, გაუკეთებდნენ ნაცხვირს, შიგნით ამოუყრიდნენ მაგარ წნელს, გაკოჭავდნენ ერთმანეთში, მიამაგრებდნენ ორთაყვირს, რომელიც მიმართულებას აძლევდა ტივს და დააცურებდნენ წყალზე. თუ მტკვარი მოდიდებული მოდიოდა, ბორჯომელი მეტივეები ერთ დღეში ჩამოდიოდნენ თბილისში, ხოლო ჩვეულებრივ 2-3 დღეს უნდებოდნენ. შუა საუკუნეების არაერთ საბუთში ტივი მოხსენიებულია, როგორც სატრანსპორტო და სურსათის გადატანის საშუალება. XI ს. ბაგრატ IV-ს თბილისის ამირა გაექცა ტივის მეშვეობით. XIX ს. მდინარე მტკვარზე ყოველწლიურად საშუალოდ 1500-დან 1800-მდე ტივს აცურებდნენ. თბილიში ორი სატივე, ანუ „სატიო“ იყო, სადაც ძირითადად ხდებოდა მორების გაყიდვა.

თბილისურმა ბოჰემამ ტივი თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და ერთ დროს ტივზე ქეიფი და დროსტარება ქალაქის კოლორიტულ ნიშნად იქცა


ლიტერატურა

გ. გასიტაშვილი, სატივეზე ტივი შევკარ, 2004.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები