ტიროსის სამეფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიროსის სამეფო – ერთ-ერთი უძველესი ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე.

ჰეროდოტეს ცნობებით ქალაქი ძვ.წ. XXVIII საუკუნეში აიგო. ეს თარიღი მას ტიროსელმა ქურუმებმა დაუსახელეს. პირველი ისტორიული დოკუმენტი ტიროსზე თელ-ელ ამარნის წარწერაზეა, სადაც წერია, რომ ტიროსის მმართველი თავის სუზერენს, ეგვიპტეს სთხოვს დახმარებას სიდონისა და ამორევლების წინააღმდეგ. ძვ.წ. XIV საუკუნის ეგვიპტურ დოკუმენტში ტიროსი აღწერილია, როგორც ძლიერი საზღვაო ქალაქი, სადაც განვითარებულია თევზჭერა და ვაჭრობა.

ქალაქი ტიროსი მთლიანად მატერიკზე არ იყო აგებული, ის განსაკუთრებით განვითარდა სანაპიროსთან ახლო მდებარე კუნძულთან, რომელიც თითქმის მიბმული იყო კონტინენტს. კუნძულზე დასალევი წყალი არ იყო და გემებით გადაჰქონდათ სანაპიროდან, ხოლო ალყის დროს წვიმის წყალს აგროვებდნენ ჭურჭელში.

ტიროსი თავიდან მეორე მძლავრ ფინიკიურ ქალაქზე, სიდონზე სუსტი იყო და კონკურენციას ვერ უწევდა მას, მაგრამ როდესაც ძვ.წ. XII საუკუნეში ფილისტიმელებმა სიდონი დაანგრიეს ვითარება ტიროსის სასარგებლოდ შეიცვალა. ტიროსმა აღზევება და გამდიდრება დაიწყო. დაარსა კოლონიები მთელს ხმელთაშუაზღვისპირვთში: კადისი, უტიკა, კართაგენი და ა.შ. კოლონიების საშუალებით ფინიკიელები მთელი ხმელთაშუა ზღვის მბრძანებლები გახდნენ. ზოგჯერ კოლონიები ჯანყდებოდნენ ტიროსის წინააღმდეგ, მაგალითად ქალაქი უტიკა, მაგრამ ტიროსელები წარმატებით უმკლავდებოდნენ ამბოხებებს.

ტიროსის უდიდესი მეფე ხირამ I იყო (ძვ.წ. 969-936), ბრძენი პოლიტიკოსი და დიდი მშენებელი. სწორედ ამ მეფის დახმარებით შესძლო ისრაელ-იუდეის გაერთიანებული სამეფოს ხელმწიფემ, სოლომონ ბრძენმა იერუსალიმში უფლის ტაძრის აგება (ხირამი და სოლომონი კარგი მეგობრები და მოკავშირეები იყვნენ რაც ორივე ქვეყნის განვითარებას და გამდიდრებას უწყობდა ხელს).

ისრაელ-იუდეის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ისრაელის სახელმწიფო აგრძელებდა ტიროსელებთან ურთიერთობას. ისრაელისმეფე აქაბს, ცოლად ჰყავდა ტიროსის უზურპატორი მმართველის, იტობალ I-ის და, იზაბელი. იტობალ I და მისი შემდგომი მეფეები: მათონ I და პიგმალიონი ხარკს უხდიდნენ ასურელებს, რათა ეს უკანასკნელნი თავს არ დასხმოდნენ ტიროსს.

მეფე ტიგლათფალასარ III-ს ტიროსის მმართველები ხირამ II და მათონ II 150 ტალანტს უხდიდნენ. მათონ II-ის შემდეგ მეფობდა ელულაი (პიუი), რომელმაც ასურელთა მეფის, სალამანასარ IV-ის ალყას 5 წელიწადი გაუძლო. მეფე ელულაის კავშირი ჰქონდა შეკრული იუდეის მეფესთან ეზეკიასთან და ეგვიპტის ფარაონ ტაჰარქასთან და ასე ახერხებდა ასურელთაგან თავის დაცვას. ასურეთის მეფე ასსარგადონი ებრძოდა ტიროსის მეფე ბაალს, მაგრამ ვერ მოახერხა ქალაქის აღება (ომი გამოიწვია ბაალის ეგვიპიტესთან დაკავშირებამ).

ამდენმა ომებმა და ალყებმა დაასუსტა ძლიერი ქალაქი და მან ვეღარ გაუძლო მონათა ძლიერ აჯანყებას, რომელიც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. მონებმა ტახტზე თავიანთი მეფე, სტრატონი დასვეს.

ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორ II-ის მეფობის დროს ტიროსი ეგვიპტესა და იუდეას ემხრობოდა რის გამოც ბაბილონელი მეფე ქალაქს თავს დაესხა და 13 წელი ალყაში ჰყავდა (ამ დროს ტიროსის მეფე იტობალ II იყო), რის შემდეგაც ტიროსმა ზავის დადება მოახერხა მოალყეებთან.

მეფე იტობალი ბაბილონში გადაასახლეს, ხოლო ტახტზე ბაალ II ავიდა, მალე სამეფო მმართველობა რესპუბლიკურმა შეცვალა. ქვეყანას „სუფეტები“, კრების მიერ არჩეული მმართველები მართავდნენ. დროებით ტიროსი ისევ სამეფო გახდა და მეფედ ხირამ III (ძვ.წ. 552- 532) დააბრუნეს ბაბილონიდან. მისი მმართველობისას ტიროსი სპარსეთის იმპერიაში მოექცა, თუმცა ავტონომიური უფლებებით. ტიროსელთა აგებული ხომალდები სპარსეთის საზღვაო ძალების მთავარ ძალად იქცა, რადგან ფინიკიელები შესანიშნავი ზღვაოსნები იყვნენ. ისინი იბრძოდნენ ბერძენ-სპარსელთა ომებშიც.

როდესაც დიდი მაკედონელი დამპყრობელი, ალექსანდრე დიდი სპარსეთის იმპერიას ებრძოდა და მის ქალაქებს იღებდა, ყველაზე დიდ სიძნელეს ტიროსთან წააწყდა. ქალაქმა თითქმის შვიდი თვე გაუძლო მაკედონელთა მთავარი ძალების მუდმივ შეტევებს, მაგრამ საბოლოოდ დაეცა და სასტიკად დაისაჯა. მაკედონელებმა მოსახლეობის ნაწილი ამოწყვიტეს, ნაწილი მონებად გაჰყიდეს, თუმცა ქალაქი არ დაუნგრევიათ. ტიროსმა კიდევ ერთ სახელოვან ალყას გაუძლო (პტოლემაიოსების ეგვიპტის მმართველობის დროს). ქალაქი 15 თვე უმკლავდებოდა ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი უნიჭიერესი სარდლის და დიადოხოსის (მემკვიდრის), ანტიგონე ცალთვალას ალყას. იუდეის ომში ტიროსი ებრაელების წინააღმდეგ იბრძოდა. ძვ.წ. I საუკუნეში ქალაქი რომაელებმა დაიპყრეს.

ტიროსში ქრისტიანობა სწრაფად გავრცელდა, რადგან აქ მოღვაწეობდა მოციქული პავლე და ქალაქი მალე საეპისკოპოსოდ იქცა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები