ტიტანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიტანები(ბერძნ.) უფროსი თაობის ღვთაებები. ურანოსისა (ზეცის) და გეას (დედამიწის) შვილები, რომელთა თავდაპირველი სახელი, მითოგრაფოსთა თქმით, უნდა ყოფილიყო ტიტა. ესენი იყვნენ: ოკეანოსი, კოიოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი.

ტიტანებად იწოდებოდნენ მათი შვილებიც. ტიტანებმა იქორწინეს თავიანთ დებზე, ტიტანიდებზე: ოკეანოსმა – ტეთისზე (მათ შთამომავლებს ოკეანიდებად მოიხსენიებენ), კოიოსმა – ფოიბეზე (შვილები – ლეტო და ასტერია), კრიოსმა – ევრიბიეზე (შთამომავლები – ასტრეოსი, პალასი, პერსევსი), ჰიპერიონმათეაზე (შვილები – ჰელიოსი, სელენე, ეოსი), იაპეტოსმა – კლიმენეზე (შვილები – პრომეთე, ეპიმეთევსი, ატლასი), კრონოსმარეაზე (შვილები – ჰერა, ჰესტია, ჰადესი, დემეტრე, პოსეიდონი, ზევსი).

ტიტანები მხარში ედგნენ კრონოსს, რომელმაც დაამხო ურანოსი, ხოლო თავისი ძმები – კიკლოპები და ჰეკატონქეიროსებიტარტაროსიდან იხსნა. განიმტკიცა რა თავისი ძალაუფლება, კრონოსმა კვლავ ტარტაროსში ჩაამწყვდია კიკლოპებიცა და ჰეკატონქეიროსებიც.

როდესაც ახალი თაობის ღმერთებმა ზევსის წინამძღოლობით ტახტიდან ჩამოაგდეს კრონოსი, ტიტანთა ნაწილმა ზევსის წინააღმდეგ გაილაშქრა, ნაწილი – მიემხრო, ნაწილი სულაც არ მონაწილეობდა ამ ბრძოლაში. საომრად შემართული ტიტანები ოთრისის მთაზე დაბანაკდნენ, ხოლო კრონოსისა და რეას შვილები მუდამ ღრუბლებით დაბურულ ოლიმპოსზე. გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელსაც ტიტანომაქია უწოდეს მითოგრაფოსებმა. კიკლოპებისა და ჰეკატონქეიროსების დახმარებით დაამარცხეს ოლიმპიელებმა ტიტანები და ტარტაროსში ჩაამწყვდიეს. ღმერთების ახალი თაობის გამარჯვებამ დაამკვიდრა ახალი რელიგია (ოლიმპიური რელიგია), რომელმაც შეცვალა პირველყოფილი წარმოდგენები სამყაროზე.

გვიანი ხანის მითებში ოლიმპიელები შეურიგდებიან ტიტანებს და მათ „ნეტართა კუნძულებზე“ დაავანებენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები