ტიტჩენერი ედვარდ ბრედფორდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიტჩენერი ედვარდ ბრედფორდ

ტიტჩენერი ედვარდ ბრედფორდ - Titchener Edward Bradford, Титченер Эдвард Брэдфорд, 1867-1927

ამერიკელი ფსიქოლოგი, სტრუქტურული ფსიქოლოგიის ლიდერი. დაიბადა ინგლისში. სწავლობდა ოქსფორდში და ლაიფციგში ვ. ვუნდტთან. 1892 წელს გადასახლდა აშშ-ში და დარჩენილი ცხოვრება ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტს კორნელის (იტაკა, ნიუ-იურკის შტატი) უნივერსიტეტში, სადაც შექმნა სტრუქტურული ფსიქოლოგიის ძლიერი სკოლა. გაითქვა სახელი იმით, რომ ფსიქოლოგიას მისცა აკადემიური დისციპლინის სახე, რისთვისაც „ამერიკელ ვუნდტსაც” უწოდებდნენ.

აგრძელებდა რა ვუნდტის ხაზს, ტიტჩენერს მიაჩნდა, რომ ცნობიერება ქმნის დახშულ შინაგან სამყაროს. ფსიქიკა და ცნობიერება გაიგივებულია - რაც ცნობიერების მიღმაა - მიეკუთვნება ფიზიოლოგიას. ცნობიერების შესწავლა მისი ელემენტების გამოყოფას გულისხმობს. ასეთებია: შეგრძნებები (აღქმის ელემენტები), წარმოდგენები (მეხსიერებისა და წარმოსახვის ელემენტები) და ემოციური მდგომარეობები (რთული გრძნობების ელემენტები). ფსიქოლოგიის უპირველესი ამოცანა ამ ელემენტების აღწერაა ექსპერიმენტის გამოყენებით, რომელიც აზუსტებს ინტროსპექციის მონაცემებს. ტიტჩენერის თანახმად, ინტროსპექცია არ არის ჩვეულებრივი თვითდაკვირვება, არამედ სპეციალური ვარჯიშით გამომუშავებული უნარი ცნობიერების მოვლენების, როგორც ასეთების, აღწერისა, განყენებით იმ გარე საგნებისაგან, რომელთაც ცნობიერება ასახავს. ვინც ასეთ დახვეწილ „ანალიზურ თვითდაკვირვებას” არ ფლობს, მას „სტიმულის შეცდომა” მოსდის. მაგ., ინტროსპექციული ანგარიშისას ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ „გზა უსწორმასწოროა”, რაც გარე ობიექტის (სტიმულის) თვისებას აღნიშნავს, არამედ ის, რომ „წნევა ტერფზე სულ უფრო არაერთგვაროვანი გახდა”.

ტიტჩენერი დაუპირისპირდა ვიურცბურგის სკოლის მტკიცებას აზროვნების არათვალსაჩინო ბუნების შესახებ და შეიმუშავა „მნიშვნელობის კონტექსტური თეორია”. მის თანახმად, ყოველგვარი ცოდნა ობიექტის შესახებ აიგება გრძნობად-წარმოდგენითი ელემენტების ერთობლიობიდან. ასეთ კონტექსტში არსებობს ე.წ. სენსორული ბირთვი, რომელსაც ძნელად შესამჩნევი კუნთური და ორგანული შეგრძნებები ქმნის. მაშინაც, როდესაც კონტექსტის დანარჩენი ელემენტები ცნობიერებაში არაა, სენსორული ბირთვი ყოველთვის აქტუალურია. ის ცნობიერებაში მთელ მნიშვნელობას წარმოადგენს და გაწაფული ანალიზური თვითდაკვირვება მას ყოველთვის აღმოაჩენს. მაშასადამე აზროვნება მაინც თვალსაჩინო, სენსორულ-წარმოდგენითი ბუნებისაა.

ტიტჩენერი უპირისპირდებოდა ფუნქციონალიზმსაც და მიაჩნდა, რომ მხოლოდ ცნობიერების სტრუქტურის შესწავლის შემდეგ შეიძლება განიხილებოდეს საკითხი, თუ როგორ მუშაობს ის. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგია ფუნდამენტურ დისციპლინად იყო მიჩნეული, ხოლო მისი მონაცემების მიყენება პრაქტიკისადმი უარყოფილ იქნა. ამის გამო ტიტჩენერი მძაფრად გააკრიტიკეს ამერიკულ ფუნქციონალიზმსა და ბიჰევიორიზმში.

ტიტჩენერის ყველაზე ცნობილი მოწაფეები იყვნენ ე. ბორინგი და ჯ. გილფორდი.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები