ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშები (1964)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოკიოს სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი აანთო სპორტული სამყაროსთვის სრულიად უცნობმა 19 წლის იაპონელმა სტუდენტმა იოშინორი საკაიმ, რომელიც ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების დღეს - 1945 წლის 6 აგვისტოს დაიბადა

ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშები — ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1964 წელს (10-24 ოქტომბერი) ტოკიოში.

  • მონაწილე ქვეყანა 93
  • სპორტსმენი 5,151 / 678 ქალი / 4,473 კაცი
  • სპორტის სახეობა 19
  • მედლების კომპლექტი 163

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: დონ შოლანდერი (ცურვა, აშშ) 4
ქალებში: ვერა ჩასლავსკა (ტანვარჯიში, ჩეხოსლოვაკია) 3,1,0

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის 1940 წელს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ჩინეთში იაპონიის შეჭრის შემდეგ ასეთი უფლება ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკს გადაეცა. მეორე მსოფლიო ომის გამო ოლიმპიადას ვერც ჰელსინკში უმასპინძლეს, რადგან XII ოლიმპიური თამაშები გაუქმდა. 24 წლის შემდეგ ტოკიოს ჯერიც დადგა და გახდა პირველი აზიური ქალაქი, რომელსაც ოლიმპიადის მასპინძლობის პატივი ერგო.

ტოკიომ ოლიმპიადის მასპინძლობას ბრწყინვალედ გაართვა თავი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური თასი, „ღირსების დიპლომი“ და ბონაკოსას თასიც დაიმსახურა. ერთდროულად სამივე ეს ჯილდო მანამდე ოლიმპიური თამაშების არც ერთ დედაქალაქს არ მიუღია.

Tokios plakati.PNG

XVIII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გახსნა იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ, სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი ააგიზგიზა სპორტული სამყაროსთვის სრულიად უცნობმა, 19 წლის იაპონელმა სტუდენტმა იოშინორი საკაიმ, რომელიც ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების დღეს, 1945 წლის 6 აგვისტოს დაიბადა.

ტოკიოში ოლიმპიური დებიუტი ჰქონდათ ალჟირს, კამერუნს, ჩადს, კონგოს, სპილოს ძვლის კუნძულებს (კოტ დ’ივუარი), დომინიკის რესპუბლიკას, მადაგასკარს, მალის, მონღოლეთს, ნეპალს, ნიგერს, ჩრდილოეთ როდეზიას (დახურვის ცერემონიის დღეს ზამბიის სახელით მიიღო დამოუკიდებლობა), სენეგალს და ტანგანიკას (შემდგომში ტანზანია). ასევე მალაიზიის სახელით პირველად წარდგნენ მალაია, ჩრდილოეთ ბორნეო და სინგაპური, რომელიც 1968 წლიდან კვლავაც დამოუკიდებელი გუნდით გამოდის. თამაშებზე პირველად გამოჩნდა ლიბიაც, მაგრამ მხოლოდ გახსნის ცერემონიას დაესწრო. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის წარმომადგენლებმა ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ და საბოლოოდ იასპარეზეს გაერთიანებული გუნდის სახელით. ტოკიოს თამაშებისგან მოიკვეთა ინდონეზია (აზიის IV თამაშებზე ქვეყანაში ისრაელისა და ტაივანის არ შეშვებისთვის) და სამხრეთ აფრიკა (აპარტეიდული პოლიტიკისთვის).

დონ შოლანდერი (აშშ, ცურვა) - 4 ოქროს მედალი

ამერიკელმა ბადროს მტყორცნელმა ალფრედ ორტერმა მისთვის ზედიზედ მესამე ოლიმპიურ თამაშებზეც ოქრო მოიპოვა. მელბურნის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი, ავსტრალიელი მძლეოსანი ელიზაბეთ კატბერტი, ტრავმის გამო ჩაგდებული რომის ოლიმპიადის შემდეგ, ტოკიოში კვლავ გამოვიდა სარბიელზე და მეოთხე ოქროსაც დაეუფლა. კატბერტი დღემდე ერთადერთია (როგორც ქალებში ისე ვაჟებში), რომელმაც ყველა სპრინტერულ დისტანციაზე (100, 200 და 400 მ) ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა. თავიანთ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ ოქროს მედლები დაიმსახურეს დასავლეთ გერმანელმა ცხენოსანმა ჰანს გიუნტერ ვინკლერმა, საბჭოთა ნიჩბოსანმა ვიაჩესლავ ივანოვმა და ავსტრალიელმა მოცურავემ დონ ფრეზერმა, რომელმაც მსგავს წარმატებას ქალ მოცურავეთაგან პირველმა მიაღწია. ტოკიოში 4 ოქროს დაეუფლა ამერიკელი მოცურავე დონ შოლანდერი.

მელბურნისა და რომის ოლიმპიური თამაშების ოთხი ოქროს მედლის მფლობელმა, იაპონელმა ტანმოვარჯიშე ტაკაში ონომ, ვინც ამ თამაშების გახსნის ცერემონიალზე ყველა სპორტსმენის სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა, კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა.

მელბურნში (1956 წ) დაწყებული საჩემპიონო სვლა გააგრძელა საბჭოთა ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინამ, რომელმაც ტოკიოს დარბაზში მოპოვებული ორი გამარჯვებით ოქროს მედლების მონაგარი ცხრამდე გაზარდა. თუ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებსაც დავაჯამებთ, ლატინინას ანგარიშზე 18 ოლიმპიური ჯილდო გამოდის, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებლი იყო.

ტოკიოში ამობრწყინდა ჩეხოსლოვაკიელი ტანმოვარჯიშის, ვერა ჩასლავსკას ვარსკვლავი, რომელმაც იაპონიის დედაქალაქში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ტოკიოში ჩემპიონობით დაიწყო ამერიკელი ჯო ფრეზერის საკრივო კარიერა, რომელმაც ამ წარმატებას მძიმე წონაში მიაღწია. სამოყვარულო კრივში ჩემპიონობის შემდეგ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაეწერება პროფესიულ კრივშიც. და მაინც, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გმირად აღიარეს ეთიოპიელი აბებე ბიკილა - მან, ისევე როგორც რომში, ამჯერადაც ყველას აჯობა მარათონულ რბენაში, რაც პირველი შემთხვევა იყო თამაშების ისტორიაში.

ეს თამაშები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მისი ტელეტრანსლაცია მსოფლიო მასშტაბით პირველად განხორციელდა თანამგზავრით. ტოკიოში სარბენი ბილიკებისთვის ბოლოჯერ გამოიყენეს წიდის საფარი, ასევე ბოლოჯერ გამოიყენეს ხელის წამზომი, ჭოკით ხტომაში კი პირველად მოიმარჯვეს მინაბოჭკოვანი ჭოკი. აქვე სათავე დაედო ვაჟ ძიუდოისტთა ასპარეზობებს და ფრენბურთს (კაცები, ქალები). ამასთან, ქალებმა სათამაშო სახეობებში პირველი გუნდური ოლიმპიური მედლები სწორედ ფრენბურთში გაითამაშეს

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები