ტრაგედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაგედია - (ბერძნ. tragodia – თხის სიმღერა) თეატრალური ჟანრი, რომელიც წარმოიშვი მაგიური რიტუალის და მითოსის შერწყმის შედეგად. კლასიკური ფორმით იგი ჩამოყალიბდა საბერძნეთში, რის შემდეგ გავრცელება ჰპოვა მთელ მსოფლიოში.

სარჩევი

ტრაგედიის წარმოშობა

დიონისე

არისტოტელეს აზრით ტრაგედია წარმოშობა დიონისეს სადიდებელ სიმღერას უკავშირდება, რომელიც დიონისეს დღესასწაულებზე სრულდებოდა.

დღესასწაულზე დიონისეს წინასწარ საზვარაკოდ გასუქებულ ხარს უკლავდნენ. მსხვერპლშეწირვის დროს ღვთაების სადიდებელი სიმღერა - დითირამბი ჟღერდა. თავდაპირველად დითირამბს ერთი პიროვნება ასრულებდა და მას იმპროვიზაციული ხასიათი ჰქონდა, მოგვიანებით კორინთელმა პოეტმა არიონმა დითირამბი ერთპიროვნული სიმღერიდან საგუნდო სიმღერად გადააქცია, ხოლო გუნდის წევრები თხის ქურქით შემოსა - იმის საჩვენებლად რომ დიონისეს თანაშემწენი ნახევართხა სატირები იყვნენ. თხის ქურქში გამოწყობილ გუნდის მონაწილეებს ეწოდებოდათ "ტრაგო", ხოლო მათ სიმღერას - "ტრაგოდია" (ტრაგოს - "თხა", ოდე - "სიმღერა. ანუ "თხათა სიმღერა")

დღესასწაულის იმ ნაწილმა, რომელშიც დიონისეს უმღეროდნენ დითირამბს, დასაბამი მისცა ტრაგედიის წარმოშობას. არისტოტელეს აზრით ტრაგედია დითირამბის დამწყებთაგან წარმოიშა. გუნდში რომელიც მღეროდა დითირამბს, გამოირჩეოდა კორიფევსი, რომელიც სიმღერის დამწყები იყო. თუ თავდაპირველად დითირამბის დანიშნულება მხოლოდ დიონისეს ქება-დიდება იყო, მოგვიანებით ის გადაიქცა სიმღერად, რომელშიც დიონისეს თავგადასავალი იყო მოთხრობილი. კორიფევსი ანსახიერებდა ტანჯულ დიონისეს, ხოლო დანარჩენი გუნდი - მის მხლებელ სატირებს.

დროთა განმავლობაში დიონისეს დითირამბი შეიცვალა საგმირო დითირამბით, ე. ი. დითირამბის საგნად, ნაცვლად დიონისესი, გახდნენ გმირები. (აგამემნონი, აქილევსი, ადრასტე და სხვ.), რომლებმაც წარსულში დიდი ღვაწლი დასდეს საბერძნეთს.

საგმირო დითირამბის გაჩენამ შეცვალა თვით გუნდის სტრუქტურაც: სატირების გუნდი აღარ შეეფერებოდა საგმირო ქოროს, გაჩნდა გუნდი, რომელიც გმირის ისტორიის შესაფერისი იყო. გაჩნდა მსახიობიც, რომელსაც შეეძლო გამოცალკევებოდა გუნდს და განესახიერებინა დიონისე ან რომელიმე გმირი.

მსახიობს შეეძლო გამოეწვია გუნდი არა მარტო სასიმღეროდ, არამედ სამოქმედოდაც. მას შეეძლო საუბარი გაემართა გუნდის მეთაურთან, კორიფევსთან და მასთან გამართული საუბრით რაიმე ეპიზოდი განევითარებინა. ამგვარად დითირამბის განვითარების ამ ეტაპზე პირველად ჩნდება მოქმედება, რაც ტრაგედიის, როგორც დრამის ძირითად ელემენტს წარმოადგენ.

პირველი პოეტი, რომელმაც გუნდიდან გამოჰყო მსახიობი და დააკისრა მას ამა თუ იმ თავგადასავლის განსახიერება, იყო თესპიდი. თესპიდის ამ რეფორმამ (534 წელს) მისცა დასაბამი ტრაგედიას.

ერთი მსახიობი, რასაკვირველია მოქმედებას ვერ განავითარებდა და მას მოქმედების განვითარებაში გუნდი შველოდა, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა, რადგანაც გუნდს თავისი საგუნდო პარტია ჰქონდა.

ეს სირთლე სძლია პოეტმა ესქილემ (525-455), რომელმაც მოქმედების განვითარებისათვის შემოიყვანა მეორე მსახიობი. პოეტმა სოფოკლემ (496-406) კიდევ ერთ - მესამე მსახიობი დაამატა, და ამით უფრო მეტად განავითარა მოქმედება.

ტრაგედიის ამოსავალი წერტილი იმ ბირთვშია, რომელსაც დითირამბის შემსრულებელი გუნდი ეწოდება და რადგან ტრაგედიის როგორც დრამის, მთავარი მნიშვნელობა მოქმედების განვითარებაშია, ამდენად მისთვოს უპირველესი მნიშვნელობა მსახიობის გაჩენაა.

ატიკური ტრაგედიის წარმომადგენლები

ძვ. წ. VI-V საუკუნეები წარმოადგენდნენ ბერძნული ტრაგედიის განვითარების კლასიკურ ხანას. ჩვენამდე მოაღწია სამი პოეტის ესქილეს, სოფოკლეს და ევრიპიდეს ტრაგედიების ნაწილმა.

ბერძნებს ჰყავდათ სხვა ტრაგიკოსებიც. მათ შორის ყოფილან ისეთებიც, რომელნიც თანამედროვეთა შეფასებით არა თუ არ ჩამოუვარდებოდნენ გამოჩენილ სამ ტრაგიკოსს, არამედ ზოგჯერ სჯობნიდნენ კიდეც მათ ტრაგიკულ აგონებში. დიდასკალიებმა შემოგვინახა მრავალი ცნობა, რომ მათ არა ერთხელ დაუმარცხებიათ შეჯიბრებებში ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე. ამ ტრაგიკოსთაგან გამოირჩევიან იონი (452-449) და აქეოსი. აქეოსი ერეტრიელი იყო, სოფოკლეს და ევრიპიდეს ხშირად შეჯიბრებია, 11-ჯერ გაუმარჯვია. ცნობილია აგრეთვე ტრაგიკოსი აგათონი (პლატონის "სიმპოსიონის" მოქმედი პირი), რომელსაც 416 წელს "ლენეებზე" გამარჯვება მოუპოვებია.

ძვ. წ. მეოთხე საუკუნის ცნობილი ტრაგიკოსები იყვნენ: კრიტიასი, მელეტოსი, თეოდექტე და ქაირემონი.

შუა საუკუნეები

ტრაგედიამ მთლიანად დაკარგა თავისი მეამბოხე სულისკვეთება და ბობოქარი ვნებები მონოთეიზმის ეპოქაში. მის სანაცვლოდ გაძლიერდა მისტიკური მედიტაციის (პოეტური ჭვრეტა-აზროვნება) ფორმები. შუა საუკუნეების საეკლესიო თეატრალურ ჟანრებში – ლიტურგიკული დრამა, მისტერია, მირაკლი – გაძლიერდა მაგიური რიტუალისათვის დამახასიათებელი მისტიციზმი, თუმც სრულიად ახალი შეფერილობით. თუკი ადრეულ ხანაში მაგიური ქმედება რელიგიური ექსტაზისთვის იყო განკუთვნილი, ამჯერად იგი ვედრების და მორჩილების სამსახურში ჩადგა.

ღორძინების ეპოქა

ტრაგედია თავის უფლებებში მთლიანად აღდგა აღორძინების ეპოქაში. მართალია, ღმერთებმა, ნახევარღმერთებმა და ღვთიური ძალით აღბეჭდილმა პერსონაჟებმა ადგილი დაუთმეს მოკვდავებს, მაგრამ ახლა მოკვდავებმა შეიძინეს სიმბოლოს მნიშვნელობა. ამასთანავე, დაკარგა რა რიტუალური შინაარსი, ტრაგედიამ რეალობა უფრო სრულყოფილად ასახა. მას ორგანულად შეერწყა მორალიტეს და ფარსის ელემენტები. მარლომ, შექსპირმა, ლოპე დე ვეგამ, კალდერონმა – ახალ საფეხურზე აიყვანეს ტრაგედიის ხელოვნება.

ტრაგედია მე-18 მე-19 საუკუნეებს თეატრში

ეძიებდნენ რა კათარსისს უმწიკვლო ფორმით, კლასიცისტებმა დააპირეს ტრაგედიისათვის პირვანდელი სახის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ფაბულისა და პერსონაჟის გარდა, მათთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა დროის, ადგილის და მოქმედების ერთიანობა. დიდმა კლასიცისტებმა (კორნელი, რასინი) შეძლეს კიდეც ტრაგიკულ ვნებათა ნაწილობრივი აღდგენა. მაგრამ მათ მხედველობიდან გამორჩათ ტრაგედიის მითოსური, არქეტიპული ხასიათი; გამორჩათ ის, რომ ტრაგედია ვერ იტანს ვერც დროის, ვერც ადგილის, ვერც მოქმედების კონკრეტიზაციას და, მით უფრო, გმირის მიზნების ყოფით სიცხადეს. ამიტომ სრულიად ბუნებრივი აღმოჩნდა ჯერ განმანათლებლების (ვოლტერი, დიდრო), განსაკუთრებით კი „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის წარმომადგენლების გოეთესა და შილერის უარყოფითი რეაქცია ტრაგედიის კანონიკურ ჩარჩოებში განთავსების მიმართ.

გოეთე შეეცადა ტრაგედიის და ეპოსის გამთლიანებას, რითაც სრულიად ახალი ხედვა დაამკვიდრა (ფაუსტი), მაგრამ ტრაგედიის ჟანრს ამით ვერაფერი შესძინა. სამაგიეროდ, შილერმა შეძლო მიეღწია ჭეშმარიტი ტრაგედიული ჟღერადობისათვის ბუნტარული სულისკვეთების წყალობით მხოლოდ მეამბოხე გმირია ტრაგედიის პერსონაჟი.

ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ტრაგედიის გმირი ებრძოდა გარეშე ძალებს, ფიზიკურად ნადგურდებოდა, მაგრამ სულიერად იმარჯვებდა. რომანტიკული ინდივიდუალიზაციის და პიროვნული რეფლექსიის (თვითანალიზის) შედეგად, კონფლიქტმა გმირის სულში გადაინაცვლა. რომანტიზმის უდიდესმა წარმომადგენლებმა ჰიუგომ, ბაირონმა, მიუსემ, ჰაინემ შეძლეს ტრაგიკული პერსონაჟების მიმართ უდიდესი თანაგრძნობის აღძვრა. მაგრამ, ეპოქის სულისკვეთებიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ტრაგედიის ღია პათოსი.

გარეშე ძალებთან ჭიდილში კიდევ უფრო სუსტნი აღმოჩნდნენ იბსენის და გუცკოვის ტრაგიკული პერსონაჟები.

მაგიური რიტუალისთვის დამახასიათებელი მედიტაციურობა, ოღონდ უფრო შუასაუკუნეობრივი, ვიდრე წარმართული, მთელი სიღრმით აღადგინეს მეტერლინკმა, უაილდმა, დ’ანუნციომ, ვერჰარნმა. მათ შექმნეს „ტრაგიკული სინათლის“ ატმოსფერო, მაგრამ არა ტრაგიკული მასშტაბი.

ტრაგედია XX საუკუნის თეატრში

ტრაგედიის ცალკეული ელემენტები მუდმივად მიგრირებენ XX ს. დრამატურგიაში, თითქოს განსაკუთრებულ ძალას იკრებენ ეგზისტენციალ ისტებთან (ანუი, სარტრი, კამიუ), მაგრამ წმინდა სახით იგი თანადროულობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და მსოფლიო თეატრალურ კულტურაში აქა-იქ წარმოდგება მხოლოდ რარიტეტის (სამუზეუმო) სახით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები