ტრიათლონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Triatloni.PNG

ტრიათლონი − (ინგლ. triathlon). სპორტოს კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა. აერთიანებს ველორბოლას, ცურვასა და მარათონულ რბენას.

ისტორია

თანამედროვე ტრიათლონის წარმოშობა 1920-იანი წლების საფრანგეთს მიეწერება, სადაც ერთ ფრანგულ გაზეთში Les Trois Sports-ის სახელის მქონე ერთგვარ სამჭიდზე პირველი მასალა გამოქვეყნდა. შეჯიბრება ითვალისწინებდა 3 კილომეტრზე რბენას, 12 კილომეტრზე ველორბოლას და მარნას არხში ცურვას.

წარწერის ტექსტი

თავისებური სამჭიდი ოკეანის გაღმა აშშ-ში, სან დიეგოშიც განვითარდა. ამასთან, მიჩნეულია, რომ ფრანგულ ასპარეზობას სან დიეგოში გავრცელებაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა, რადგან ის, სავარაუდოდ, უფრო დამოუკიდებლად განვითარდა.

როგორც არ უნდა იყოს, თანამედროვე ტრიათლონს სან დიეგოს სარბენ კლუბთან მივყავართ. მისმა წევრებმა – დონ შანაჰანმა და ჯეკ ჯონსტონმა მარათონულ რბენაში მოსამზადებლად მკაცრი მძლეოსნური ვარჯიშების ალტერნატივად ტრიათლონს ჩაუყარეს საფუძველი. ამგვარად, ისინი მის პიონერებადაც მოგვევლინენ. 1974 წლის 25 სექტემბერს ტრიათლონში პირველი ოფიციალური ასპარეზობა შედგა, რაც ითვალისწინებდა 10 კილომეტრზე რბენას, 8 კილომეტრზე ველორბოლას და 500 მეტრზე ცურვას.

ტრიათლონური ასპარეზობები ოთხ სტანდარტს ითვალისწინებს – სპრინტერულს, ოლიმპიურს, გრძელ მანძილზე შეჯიბრებას და ულტრას.

ახალი სახეობა ევროპაშიც გავრცელდა და 1989 წელს საფრანგეთის ქალაქ ავინიონში ტრიათლონის საერთაშორისო კავშირი დაფუძნდა. იმავე წელს გაიმართა მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი მოკლე (უკვე ოლიმპიურ ანუ სტანდარტულ) დისტანციებზე: ცურვა 1,5 კმ-ზე, ველორბოლა 40 კმ-ზე და რბენა 10 კმ-ზე.

გზა ჩამოყალიბებიდან ოლიმპიურ სახეობად აღიარებამდე ტრიათლონმა რეკორდულად მოკლე დროში გაიარა. 2000 წელს სიდნეის თამაშებში ტრიათლონის ოლიმპიური დებიუტი შედგა (მოკლე დისტანციაზე). კაცებში გაიმარჯვა კანადელმა საიმონ უაითფილდმა, ქალებში – შვეიცარიელმა ბრიჯიტ მაკმაჰონმა.

Triatloni 2.PNG

2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამას დაემატა ტრიათლონის კიდევ ერთი დისციპლინა შერეული (2 კაცი, 2 ქალი) გუნდური ესტაფეტა.

წესები

ასპარეზობა ტარდება სხვადასხვა დისტანციაზე: ოლიმპიური დისტანცია ინდივიდუალური დისციპლინისთვის – ცურვა 1,5 კმ, ველორბოლა 40 კმ, რბენა 10 კმ; ოლიმპიური ესტაფეტა შერეული გუნდებისთვის (2 კაცი, 2 ქალი) – ცურვა 300 მ, ველორბოლა 8 კმ, რბენა 2 კმ. გრძელი დისტანცია – შესაბამისად, 2,5 კმ, 80 კმ და 20 კმ. „რკინის კაცის“ დისტანცია – 3,8 კმ, 180 კმ და 42,195 კმ (მარათონი).

შეჯიბრება ცურვით იწყება. სპორტსმენს აცვია ელასტიკური კოსტიუმი, რომელიც გამოსადეგია ტრიათლონში შემავალი სამივე სახეობისათვის. მისი სისქე 3 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. აკრძალულია რაიმე დამატებითი სამარჯვების გამოყენება (ფარფლები და სხვ.). სპორტსმენები სტარტს თავთხელიდან იღებენ. მარშრუტი მონიშნულია ერთმანეთისაგან 50 მეტრით დაშორებული ტივტივებით. თუ წყლის ტემპერატურა დასაშვებ ნორმაზე დაბალია, შეჯიბრება არ ჩატარდება. ლიდერისგან 25 მეტრით წინ მიცურავს ნავი, რომელიც შეჯიბრების მონაწილეებს მოძრაობის მიმართულებას უჩვენებს. საკმარისია სპორტსმენმა ხელი ასწიოს, რომ მას მაშინვე დახმარებას გაუწევენ.

ველორბოლა იწყება მაშინვე, როგორც კი ცურვის ეტაპი დამთავრდება. ტრიათლონის ველოსიპედი შემსუბუქებული მოდელისაა და დურალუმინის ბორბლები აქვს. ველოსიპედისტისთვის სავალდებულოა ჩაფხუტი, რომელსაც მისი პირადი ნომერი უნდა ეწეროს.

რბენა შეჯიბრების ბოლო ეტაპია. მისი ფინიში ერთდროულად მთელი რბოლის ფინიშიც არის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები