ტურინის სუდარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Turinis sudara.png

ტურინის სუდარა - სუდარა, რომელშიც გაახვიეს ქრისტე, ჯვარცმიდან გარდამოხსნის შემდეგ. საუკუნეების განმავლობაში ინახება იტალიის ქალაქ ტურინში და სახელწოდებაც იქედან მომდინარეობს.

ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ამ სუდარას უწოდებს მეხუთე სახარებას, რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი, რომელიც ჯვარცმულს მიაყენეს. ტურინის სუდარას საუკუნეების განმავლობაში დაატარებდნენ სხვადასხვა წმინდა ადგილებში. მას მიეახლებოდა უამრავი მლოცველი და ეფინებოდა უამრავი მტვერი ყვავილებისა. მასზე აღბეჭდილია ყვავილებიც, - 28 სახის ყვავილია და აქედან 20 იზრდება უშუალოდ იერუსალიმში, ხოლო 8 - მის გარშემო და ისინი ყვავილობენ მარტში და აპრილში. სწორედ აღდგომის პერიოდში... სუდარაზე კიდევ ორი მონეტაა აღბეჭდილი (ძველად მონეტებს თვალებზე ადებდნენ მიცვალებულს, რათა თვალები არ გახელოდა). მარცხენა თვალზე დადებულია 29 წელს ტიბერიუს კეისრის დროს მოჭრილი მონეტა, მარჯვენაზე კი - 30 წელს პილატეს მმართველობის დროს მოჭრილი მონეტაა აღბეჭდილი.

სუდარა მოქსოვილია სელისაგან. იგი საკმაოდ დიდია - ორი სიგრძეა ადმიანის, მოოქროსფეროა, გამოსახულება გადასულია ნეგატივის სახით. ტურინის სუდარა დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდა, - ასეული წლების წინ კი გამოსახულება მასზე უფრო მკვეთრი იყო.

ძალზე საინტერესოა როგორ მოხდა გამოსახულების აღბეჭდვა სელის ქსოვილზე. მეცნიერული ანალიზი ადასტურებს, რომ გამოსახულება სუდარაზე გადავიდა ძლიერი გამოსხივების შედეგად და მოხდა დეჰიდრაცია სელის ბოჭკოებისა, გამოსახულება უაღრესად მკვეთრია, თითოეული დეტალი იდეალურად ფოკუსირებულია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველი სხივი, რომელიც გამოდიოდა სუდარაში გახვეული სხეულიდან იმართებოდა - ზებუნებრივი, ღვთაებრივი ხელი მართავდა. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გამოსხივების სიძლიერე, რომელიც სხეულიდან გამოდიოდა, შეიძლება შევადაროთ ატომური დაშლის შედეგად მიღებულ უდიდეს გამოსხივებას, ოღონდ ძალიან, ძალიან მცირე ხნით. ვიმეორებ, რომ ტურინის სუდარაზე გამოსახულება სასწაულებრივად გადავიდა და მეცნიერებას მისი გამეორება არ ძალუძს.

ტურინის სუდარა ბევრ რამეს მოგვითხრობს, ბევრ რამეს აზუსტებს წმინდა წერილიდან. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სუდარაზე გამოსახულია სრულყოფილი აღნაგობის მამაკაცი და დადგენილია, რომ ის იყო 175-180 სმ სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის წონაც დაახლოებით 75- 80 კგ-ია და ასაკი დაახლოებით 30-45 წელი. პათოლოგ-ანატომებმა უაღრესად თანამედროვე აპარატურით დაადგინეს, რომ გარდაცვალება სუდარაში გახვევამდე რამოდენიმე საათით ადრე მოხდა. მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს ისიც, რომ სხეული ქსოვილში იმყოფებოდა არაუმეტეს 40 საათისა, ეს არის 2-3 დღე...

ტურინის სუდარის მიხედვით წარბები დამსკდარი და დასიებულია, მარჯვენა ქუთუთო გახელილია და საკმაოდ ძლიერი ტრავმაა მარჯვენა თვალის ქვეშაც, ცხვირი დასიებულია ტრავმა მარჯვენა ლოყაზე,- მარცხენა ლოყასა და ნიკაპის მარცხენა მხარეს აღინიშნება დასიება, ცხვირის წვერი საკმაოდ ძლიერადაა დაზიანებული, მარჯვენა ლოყაზე ძლიერი დარტყმის კვალია, სავარაუდოდ 4-5 სმ სისქის ჯოხია ძალიან ძლიერ დარტყმული, - სახე თითქმის დეფორმირებულია ამ დარტყმისგან.

რასობრივი კუთვნილებაც კი უდიდესი სიზუსტით იშიფრება სუდარაზე, - ამას უნიჭიერესი მხატვარიც ვერ დახატავდა,- ეს არის სემიტური ტიპის სახე, თმები და წვერები გაყოფილი შუაზე. თმები გრძელია და უკან შეკრული. ამგვარი ვარცხნილობა დამახასიათებელი იყო ანტიკური ხანის ებრაელთათვის.

აშკარად ჩანს, რომ ეკლის გვირგვინი ედგა ადამიანს, რომელიც გახვეული იყო სუდარაში, თავის არეში, - თხემზე, შუბლზე, თავის ქალაზე აღენიშნება 30 საკმაოდ ღრმა ჭრილობა. ჩანს, რომ ეს გვირგვინი არის არა მარტო შუბლზე სალტის სახით, არამედ - როგორც ქუდი მთელ თავზე. მხრები აწეულია - ასეთ მდგომარეობაში მოხდა გარდაცვალება, - როგორც პათანატომები ამტკიცებენ, ეს აშკარა ნიშანია იმისა რომ გარდაცვალება მოხდა გაგუდვით, - და შეიძლება ამას მოყვა კიდევ გულის გახეთქვა.

სხეული დაზიანებულია მათრახის ცემით, რომლის ბოლოებში გარკვეული სიმძიმეები იყო მობმული, - ტყვიის ან ფოლადის. სწორედ ამგვარი ღვედებით ამათრახებდნენ დამნაშავეებს ადრეულ საუკუნეებში - ეს იყო ხარის ძარღვებით მოქსოვილი მათრახი. ქრისტეს დაახლოებით 39-40 მათრახი დაარტყეს და ეს დარტყმები იმდენად მძიმე იყო, რომ სპეციალურად არ არტყამდნენ გულის მხარეს, რათა გული არ გახეთქოდა. დადასტურებულია რომ ორი ჯალათი ურტყამდა, ერთი-მაღალი, მეორე-დაბალი. განსასჯელი კი სამოცდაათიოდე სმ-ის ბოძზე იყო ხელებით მიბმული და ეს ადამიანი ტკივილისგან მუხლებში იყო მოხრილი. ზურგის მარჯვენა მხარე ტრავმირებულია, ასევე მარცხენა ბეჭიც, რომელიც ორჯერ არის ტრავმირებული მძიმე საგნით. დაზიანებულია ორივე მუხლი, მარცხენა მუხლი გახეთქილია, წაქცევის კვალი ჩანს. მარჯვენაზე დიდი ჭრილობაა, არა ხელის მტევანზე არამედ მაჯაზე. ეს ჭრილობა შეესაბამება სამსჭვალის ზომას, რომლითაც ჯვარზე მიაჭედებდნენ ხოლმე ადამიანებს რომის იმპერიაში და ეს ჭრილობა უშუალოდ უფლის სამსჭვალის ზომისაა, რაღაც კუტთხოვანი ფორმა აქვს.

ჯვარცმულს მარჯვენა გვერდში დიდი ჭრილობა აღენიშნება (4,4X1,1) სმ-ის ზომის. ისიც დასტურდება, რომ ჭრილობა მიყენებულია გარდაცვალების შემდეგ. ამის დადგენა პათანატომებს არ გაუჭირდებოდათ, რადგან ამ ჭრილობიდან გადმოსულია არა სისხლი არამედ რაღაც წითელი მასა და შრატი განცალკევებით (სახარებაში აღწერილია, რომ სისხლი და წყალი გადმოსდიოდა მაცხოვარს გვერდიდან). შეიძლება ითქვას, რომ ეს სითხე გულის პერანგიდანაა გადმოღვრილი, რაც შეიძლება მაშინ მომხდარიყო, თუ ჯვარცმულს გული გაუსკდებოდა და სითხე გულის პერანგში ჩაგროვდებოდა. სუდარაზე აღბეჭდილია გარდაცვლილის სხეულზე მიმდინარე ორმოც საათიანი პროცესები, - თუ მეტ ხანს დარჩებოდა სხეული სუდარაში, მაშინ დაიწყებოდა ხრწნის შესაბამისი პროცესები, რაც ახლა არ აღინიშნება.

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთი ნიუანსი, - ნაწამები სხეული გახვეული იყო სუდარაში, ყველა ჭრილობა, სისხლის ყოველი წვეთი აღიბეჭდა ქსოვილზე, შემდეგ მოხდა დიდი გამოსხივება, რაც გადავიდა სხეულზე, ოღონდ იქ, სადაც სისხლია გადმოღვრილი, ისევე დარჩა, გამოსხივება მას არ შეხებია... გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ სისხლის წვეთის ფორმა შეცვლილი არ არის.

ტურინის სუდარა ადასტურებს, რომ ის, ვინც გახვეული იყო სუდარაში, გარდაიცვალა გაგუდვით და სავარაუდოდ, გულის გასკდომითაც. საერთოდ, სუნთქვა ხდება გულმკერდის კუნთის გაფართოებით, რასაც მოჰყვება გულმკერდის შიდა სივრცის გაფართოება, რის შედეგადაც ჰაერი შედის ფილტვებში, შემდეგ იკუმშება ეს კუნთები და ჰაერი გამოიდევნება. ჯვარცმის ჟამს ადამიანის იმგვარი მდგომარეობა უკავია, რომ მის კუნთებს ფილტვების გაფართოვების უნარი აღარ შესწევს. იმისთვის, რომ მან ეს შესძლოს, უნდა დაეყრდნოს ფეხებს, წამოიწიოს ოდნავ და ჩაისუნთქოს. ჯვარცმულის წამოწევა შეუძლებელი ხდება, რადგან ორივე ხელი მილურსმული აქვს, ამიტომ ჯერ ერთი მხარე უნდა წამოწიოს და ფეხებს დააწვეს, შემდეგ-მეორე. უფალს უსასტიკესი ტკივილის გადატანა უხდებოდა, რათა დაყრდნობოდა სამსჭვალს, რომელიც მის წმინდა ფეხებში იყო გაყრილი ... ეს არის საშინელი, ენით აუწერელი ტკივილი, მაგრამ ამ უმნიშვნელო წამოწევებს რეფლექსურად აკეთებდა სხეული, რათა ესუნთქა. და, რადგან იგი ძლიერ იყო დასუსტებული ტანჯვის გამო, სწორედ ამიტომ მისმა ორგანიზმმა ვეღარ შეძლო სუნთქვა, ვეღარ აიწია, რათა ჩაესუნთქა და გაგუდვით აღესრულა, - და, როგორც მედიკები ადასტურებენ - გულის გახეთქვითაც


წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები