ტყაშიმაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტყაშიმაფა – (მეგრ. „ტყის დედოფალი“). ტყის არსება, რომელიც გარეულ ნადირს პატრონობს. თუ მონადირე შეიყვარა და მანაც ერთგულება დაუმტკიცა და მათი ურთიერთობის საიდუმლო არ გასცა, კარგ ბედს აძლევს, ხელს უმართავს ნადირობაში.

სოფელ ჯვარში ცხოვრობდა სახელგანთქმული მონადირე. ერთხელ ნადირობისას ირემს დაედევნა, რომელმაც უღრან ტყეში შეიტყუა. ტყეში ბევრი ხეტიალის შემდეგ ტყაშიმაფას გადაეყარა, რომელმაც იგი გზაზე გაიყვანა. სამაგიეროდ სიყვარული სთხოვა მონადირეს, მონადირე დათანხმდა, რის შემდეგაც ნადირობაში ხელი არასოდეს მოცარვია, მაგრამ იმდენი ნადირი დახოცა, რომ ცოლი დაეჭვდა, სხვები ხელცარიელები ბრუნდებიან სანადიროდან, ჩემს ქმარს კი ამდენი ნანადირევი მოაქვსო. საიდან აქვს ასეთი იღბალი ნადირობაშიო? მონადირე დიდხანს არ ამხელდა ტყაშიმაფის საიდუმლოს, მაგრამ ცოლი არ მოეშვა და, ბოლოს, მონადირე გატყდა. გათქვა თუ არა საიდუმლო, მონადირეს დაეკარგა ნადირობის უნარი, სანადიროდან სხვებივით ხელცარიელი ბრუნდებოდა. ესეც არ აკმარა ტყაშიმაფამ: ერთ დღეს სახლის წინ ძაღლები აყეფდნენ, გაიხედა მონადირემ და სათოფეზე ირმები დაინახა. ჩამოიღო თოფი, დაუმიზნა და გაისროლა, მაგრამ ააცდინა. ასეთი მარცხი არასდროს დამართნია. გაიქცნენ ირმები, დაედევნენ ძაღლები და მონადირეც მიყვა მათ კვალს. ირმები კვირას მთაზე მოექცნენ, ხან ჩერდებოდნენ, ხან გარბოდნენ, დამიზნების დროს არ აძლევდნენ მონადირეს. ბოლოს, მთის წვერზე რომ ავიდნენ, მონადირემ ერთხელ კიდევ დაუმიზნა თოფი, მაგრამ ამ დროს ერთმა ირემმა ენა ამოიდგა და შეჰყვირა მონადირეს: მოვიდა შენი აღსასრულიო! აირჩიე, რად გირჩევნია იქცე – ხედ თუ ქვადო? ახლაღა გაახსენდა მონადირეს ტყაშიმაფას საიდუმლო, რომელიც გასცა, და დაფიქრდა: თუ ხედ ვიქეცი, მწყემსები მომჭრიან და დამწვავენო. და ისევ ქვად ქცევა ამჯობინა, ვერავინ ვერაფერს დამაკლებსო. ქვად მაქციეო, ესღა მოასწრო ეთქვა და წამსვე ქვად იქცა თავის ძაღლებიანად.

ყოველ წელიწადს, იმ დღის სწორს, როცა კაცი და ძაღლები ქვად იქცნენ, კვლავ ცოცხლდებიან მცირეხნით და გაისმის თოფის სროლა და ძაღლების ყეფა. ლენხერის ხეობაში დღესაც დევს სამი ქვა: ერთი მონადირეა, დანარჩენი ორი – ძაღლები.

ტყაშიმაფას სავარცხელი

ერთ დაბურულ ხევში ყოველ დილით ჩამოდიოდა ტყაშიმაფა, ანკარა წყალში კოჭებამდე ჩამოშლილ თმას იბანდა, მერე ლოდის ქვეშიდან სავარცხელს გამოიღებდა და თმას დაივარცხნიდა, დაიწნავდა და სავარცხელს ისევ ლოდის ქვეშ შეინახავდა. მონადირეს ბევრჯერ უნახავს ხევში ჩამოსული ტყაშიმაფა როგორ იბანდა თმას, როგორ ივარცხნიდა და იწნავდა, და შეუყვარდა იგი, მაგრამ ვერაფრით მოიხელთა.

ერთხელ მონადირემ მარჯვე ადგილი შეარჩია და ჩასაფრდა. ჩამოვიდა ხევში ტყაშიმაფა, გაიშალა ნაწნავები და, ის იყო, უნდა დაებანა თმა, რომ ამ დროს მოულოდნელად მიეპარა მონადირე, თმები დაუჭირა და მაკრატლით შეჭრა დაუპირა. შეევედრა ტყაშიმაფა: ოღონდ თმას ნუ მომჭრი და, რასაც მთხოვ, შეგისრულებო. მონადირემ სახლში წაყოლა და ცოლობა სთხოვა. ტყაშიმაფაც დათანხმდა და სახლში წაყვა. ისწავლა საოჯახო საქმე, მაგრამ ერთი ჩვეულება ვერ მიატოვა: დილით უსათუოდ იმ ხევში უნდა ჩასულიყო, ნაწნავები უნდა დაეშალა, თმა წყალში დაებანა, მერე სავარცხელი ლოდის ქვეშიდან ამოეღო და დაევარცხნა, და დაეწნა. მერე სავარცხელი ისევ ლოდის ქვეშ შეენახა. ბევრი ეხვეწა ქმარი, სახლში თბილი წყლით დაებანა თმა, ხევში ნუღარ ივლიდა, მაგრამ ტყაშიმაფამ არ მოიშალა ძველი ჩვეულება. ბოლოს, რომ ვერაფერს გახდა, კაცმა გადაწყვიტა, მოეპარა სავარცხელი. ჩავიდა ხევში, მოძებნა სავარცხელი და სახლში წამოიღო. თმის დასაბანად მისულ ტყაშიმაფას სავარცხელი თავის ადგილზე რომ არ დახვდა, საშინელი კივილი მორთო, მთელი ხევი გააყრუა მისმა კივილმა და მოთქმამ. მერე მივიდა სახლში, ერთი შვილი მამას დაუტოვა, მეორე თავად აიყვანა, მესამე კი შუაზე გახლიჩა – ერთი ნახევარი მამას მიუგდო, მეორე ნახევარი ზურგზე მოიკიდა და ისევ ტყეს დაუბრუნდა. წასვლის წინ ასე დაწყევლა კაცი: ნურც ამომწყდარხარ და ნურც აშენებულხარო. და, მართლაც, ამბობენ, იმ მონადირის გვარის ხალხი არც წყდება და არც მრავლდებაო. მათ ტყაშიმაფას დაწყევლილს ეძახიან.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები