უთანაფიშთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უთანაფიშთი(ბაბილონ.) „სიცოცხლის მპოვნელი“, წარღვნის გმირი, უბარათუთუს ძე. გილგამეშის ეპოსის პერსონაჟი, რომლის თავგადასავალი მოთხრობილია ეპოსის XI დაფაში. უთანაფიშთი თავად მოუთხრობს გილგამეშს წარღვნის ამბავს. როცა ღმერთებმა ქვეყნიერების წარღვნით წარხოცა განიზრახეს, მათ შორის ერთმა, კაცთა მოდგმისადმი კეთილად განწყობილმა ეამ, ევფრატის ნაპირას გაშენებულ ძველ ქალაქ შურუფაქში მცხოვრებს, თავის რჩეულს, უთანაფიშთის, ღმერთების ეს საიდუმლო გაუმხილა. გამოეცხადა სიზმარში და მოუწოდა: „ჰოი, კაცო, შურუფაქელო, უბარათუთუს ნაშიერო! სახლი დაანგრიე, ხომალდი ააგე! განაგდე დოვლათი, სიცოცხლე იხსენი! ყოველი სულდგმული, რაც არის, ხომალდზე აიყვანე“. ღმერთმა ისიც გამოუცხადა მას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ხომალდი.

საგონებელში ჩავარდნილმა უთანაფიშთიმ ჰკითხა თავის კეთილისმყოფელს, რა უნდა ეთქვა ქალაქისთვის – უხუცესებისთვის და მის მკვიდრთათვის, როცა ხომალდის შენებას შეუდგებოდა. რისთვის აშენებდა ამ უზარმაზარ ხომალდს? ეამ მიუგო: ასე უთხარი, ენლილმა მომიძულა, ვეღარ დავდგები ამ ქალაქში. წავალ, გავცურავ, ჩემს ბატონს ვეწვევი და მასთან დავიწყებ ცხოვრებას. ასეც მოიქცა უთანაფიშთი. დაიწყო ხომალდის შენება. მთელი ქალაქი ეხმარებოდა მშენებლობაში. იგი ყოველდღე უკლავდა მშენებლებს ხარებს და ლუდით და ღვინით უმასპინძლდებოდა. ბოლოს ააგეს ხომალდი, შიგნიდან და გარედან ფისით შეფისეს და ორ მესამედზე შეაცურეს ზღვაში. მაშინ უთანაფიშთიმ აზიდა ხომალდზე ყველაფერი, რაც ებადა, ოქრო-ვერცხლი იყო, თუ სხვა რამ საქონელი და, რაც მთავარია, წყვილ-წყვილად ყველა პირუტყვი და ფრინველი, შინაური და გარეული. აიყვანა ხომალდზე თავისი სახლეული, ვინც კი მის სახლში იყო დაბადებული. იტვირთა ხომალდმა ყველაფერი, რაც კი საჭირო იქნებოდა კაცობრიული ცხოვრების აღსადგენად წარღვნის დასრულების შემდეგ. მზის ღმერთმა შამაშმა დათქვა დრო, როცა თავსხმა წამოვიდოდა ციდან – უთანაფიშთი უნდა ასულიყო ხომალდზე და მჭიდროდ დაეგმანა კარი.

დადგა დათქმული ჟამი და ცა შემზარავად მოიღრუბლა, სიბნელე ჩამოწვა მიწაზე. ახედა ცას უთანაფიშთიმ, შევიდა ხომალდში და დაგმანა კარი. მეორე დღეს დაიწყო წარღვნა. ჯერ ადადი, ჭექა-ქუხილის ღმერთი, აგრგვინდა ცაზე და ქარიშხლის მაცნეები მოედვნენ ცის კიდურს და მთა-ბარს. ნიაღვრებმა ამოხეთქეს მიწიდან და შეუერთდნენ ციდან წამოსულ ღვარს. ატყდა სამხრეთის ქარი, ყველაზე მძვინვარე ოთხი კიდის ქარს შორის, და მისი მობერვისაგან მიწა თიხის ქოთანივით შეტორტმანდა და გაიბზარა. ჩამოწვა უკუნი წყვდიადი, ცისქვეშეთში არაფერი ჩანდა, აღარც ხალხი, აღარც ქალაქები, აღარც ველ-მინდვრები. აღარც სულდგმული – მხოლოდ ერთმანეთში აღრეული წყლები, როგორც ქვეყნის გაჩენამდე იყო. ეს ქაოსის მობრუნებას ჰგავდა. ღმერთებიც კი შეშინდნენ და უკიდურეს ცას შეაფარეს თავი. ქალღმერთი იშთარი მშობიარე ქალივით აკივლდა., სინანულით მოთქვამდა: „წყეულიმც იყოს ის დღე, მიწად გადიქცეს, როცა ღმერთების კრებულში ბოროტი ვიზრახე!... განა ეს ხალხი მე არ გავაჩინე, ახლა თევზებივითზღვას რომ ავსებენ?“ შვიდ დღეს და შვიდ ღამეს ქროდა ქარიშხალი და დააქროლებდა უთანაფიშთის ხომალდს. მეშვიდე დღეს ზღვა ამყუდროვდა და წყალმა დაიხია ხმელეთიდან. ხომალდი შედგა. მიხვდა უთანაფიშთი, რომ შეწყდა წარღვნა და გახსნა სარკმელი, გაიხედა და, რას ხედავს: ხმელეთზე ყველაფერი წარხოცილი და გაცამტვერებულია, კაცთა მოდგმა და ყოველი სულდგმული განადგურებულია. ამის შემხედვარე უთანაფიშთი, ერთადერთი გადარჩენილი კაცი, ჩაიკეცა და ცხარედ ატირდა, ცრემლები ღვარად სდიოდა ღაწვებზე. ტირილით გული რომ იჯერა, წამოდგა და დაელოდა, როდის გაჩერდებოდა საბოლოოდ ხომალდი, რადგან ჯერ კიდევ ტივტივებდა იგი. ჯერ არ მიმდგარიყო ხმელეთს – მის წინ უზარმაზარი მთა ნიცირი აღმართულიყო. ამოსვა უთანაფიშთიმ მტრედი და გაუშვა. მტრედმა ვერ ნახა მშრალი ადგილი დასაჯდომად და უკანვე მობრუნდა. ახლა მერცხალი ამოსვა და გაუშვა, მერცხალიც მოფრინდა უკან. ბოლოს, ყორანი გაუშვა. ყორანმა იპოვა ხმელეთი, დაჯდა და ყრანტალებდა, უკან აღარ მობრუნებულა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ წარღვნის წყლებს საბოლოოდ მიეტოვებინა ხმელეთი. მაშინ გადმოვიდა ხომალდიდან უთანაფიშთი და გადმოსხა ყველა პირუტყვი და ფრინველი. ააგო სამსხვერპლო და ოთხივე კუთხისკენ შესწირა ღმერთებს მსხვერპლი. გორაკის წვერზე საკმეველი აკმია, მისმა სურნელებამ აავსო მთელი არემარე და ცასაც მისწვდა. საკმევლის სუნი იყნოსეს ღმერთებმა და შემოეხვივნენ მსხვერპლის შემწირველს. მოვიდა იშთარი, აღმართა თავისი ყელსაბამი და წარმოთქვა ყველა ღმერთის გასაგონად: „აჰა, ღმერთებო, ჩემი ყელსაბამი: ვით არ დავივიწყებ საფირონის თვლებს, ისე ეს დღეები მემახსოვრება – უკუნისამდე არ დავივიწყებ...“

მოვიდა ენლილიც, წარღვნის მთავარი განმზრახველი. დაინახა ხომალდი და განრისხდა, წყრომით აღივსო ღმერთების მიმართ: როგორ გადარჩა სულიერი, როგორ გადაურჩა მოკვდავი წარღვნას? ვინ ამცნო ადამიანს საიდუმლო, ვინ ასწავლა ადამიანს ხომალდის აშენება, რომ თავი დაეღწია წარღვნისათვის? მაშინ ნინურთამ გასცა ეა, ვინ იქნებოდა, თუ არა იგი, რომელიც სულ მუდამ სწყალობს კაცთა მოდგმას. ის გაუმხელდა ადამიანს ღმერთების საიდუმლო განაჩენს. წარდგა ეა და თავი გაიმართლა: მე არ გამიმხელია ღმერთების განგებულება. მხოლოდ სიზმარი ვახილვინე უთანაფიშთის და თავად ამოიცნო საიდუმლო. მან ბრალი დასდო ენლილს, რომ გონივრულად არ განსაჯა და ცოდვილისა და უცოდველის ერთიანად დაღუპვა განიზრახა. „ცოდვილს თავის ცოდვას მიუთვლიდი, ბრალეულს თავის ბრალს მიუთვლიდი. კაცი უცოდველი არ დაღუპულიყო, კაცი უბრალო არ დასჯილიყო!..“ და ასე უთხრა ბოლოს: აჰა, განადგურებულია კაცთა მოდგმა. ერთადერთი კაცია გადარჩენილი შენს სასჯელს. აჰა, დგას იგი შენს წინაშე. ახლა შენ განსაჯე მისი სამართალი“. ახლა კი მოტყდა ენლილი, დაუცხრა რისხვა და სისასტიკე. მოჰკიდა ხელი უთანაფიშთის და მის მეუღლეს, მუხლი მოაყრევინა თავის წინაშე, შეეხო მათ შუბლებს და ასე აკურთხა ისინი: „აქამდე მოკვდავი იყო უთანაფიშთი. ამიერიდან უთანაფიშთი და მისი ცოლი, დაე, მსგავსნი გახდნენ ჩვენი, ღმერთებისა! დამკვიდრდეს შორეთში უთანაფიშთი, მდინარეთა დასაბამთან“. და, მართლაც, ენლილმა და სხვა ღმერთებმა გააუკვდავეს ისინი ქვეყნიერების გარეთ, შორეთში და ამის გამო ეწოდება მას „შორეული უთანაფიშთი“.

საყოველთაო დიდი წარღვნის შესახებ:


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები