უთურგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უთურგა – ხევსური უთურგა, რომელსაც მეორე სახელად სიგირგალსაც ეძახდნენ, სხვებთან ერთად გიორგი წმინდისაკენ მიდიოდა გუროდან. გზიდან უკან გაბრუნდა, მათრახი დამრჩაო. სახლში უცადეს, უცადეს და, რომ აღარ მოვიდა, დაჰყვნენ წყალს, ეძებეს წყალში, არსად ჩანს. ოთხ დღეს ეძებეს. ბოლოს, ერთ ხიდთან სისხლის წვეთები შეამჩნიეს, სხვა ვერაფერი ნახეს.

უცებ ხედავენ, ზემოდან, ფრიალოდან მოდის უთურგა. დახვდნენ ძირს მამამისი და სხვები. მამას ზურგი შეაქცია, დევი ხარო. ერთხანს არეული ყოფილა უთურგა, მერე მოსულა გონს და მოუყოლია: ხიდზე ერთი კაცი შემხვდა, ნაბდიანი, უზარმაზარი, შატილელი კაცი მეგონაო, ნაცნობს მივამსგავსეო. ახლოს რომ მივედით ერთმანეთთან ხიდზე, მივხვდი, რომ არც შატილელია და არც კაცი. შემოვკარი ხმალი და მერე არაფერი მახსოვსო. ოთხი დღე კარატის ჯვარში ყოფილა შეფარებული...

ამის მერე გახუცესებულა უთურგა კარატის ჯვარში, გუროში. ერთხელ უთურგას დაუტაცნია ხელი დროშისათვის, განძს მივაგენიო და გასულა ხალხის თვალწინ ფრიალოზე. ერთ ადგილას დაუპირებია დროშა, დაუწყია თხრა და უცებ ხბო გამოჩენილა, უზარმაზარი თვალი ჰქონია შუბლზე. უთურგას გული წასვლია და ხევში გადავარდინილა.

უთურგას დევი

უთურგას, დევი ჰყავდა დაძმობილებული. ერთხელ, როცა უთურგა და მისი ოჯახი სამკალზე იყვნენ, წყლის თუნგში მკლავის სისქე შხამიანი გველი ჩასულიყო და წყალი მოეწამლა. ეს ამბავი მთაზე მიმავალ უთურგას ძმობილ დევს გაუგია და დაუწყია ძახილი უთურგასთვის: ძმობილო უთურგაო! რა გინდა, ძმობილოო! – გაპასუხებია უთურგა. თუნგიდან წყალი არ დალიოთო, – დაუძახნია დევს, – მანდ ჩამოსასვლელად არ მცალია და წყალს რომ დალევთ, მაშინ გაიგებთ, რისთვის გეძახდითო. მივიდა უთურგა, გადმოღვარა წყალი თუნგიდან და გადმოყვა გველი. ასე გადაარჩინა დევმა უთურგა და მისი ოჯახი მოწამვლას.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები