უიტმერი ლაიტნერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უიტმერი ლაიტნერ

უიტმერი ლაიტნერ - Witmer Lightner, Уитмер Лайтнер, 1867-1956

ამერიკელი ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის, ფუძემდებელი, ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის (APA) ერთერთი ორგანიზატორი. სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჯეიმს კეტელთან და ლაიფციგის უნივერსიტეტში ვ. ვუნდტთან. იქ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1892 წ.). მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც 1896 წელს დააარსა პირველი ფსიქოლოგიური კლინიკა. დღეს მას უფრო კონსულტაციურ-პედაგოგიურ ცენტრს ვუწოდებდით. აქ გადიოდნენ დიაგნოსტიკას და მკურნალობას გონებრივად ჩამორჩენილი (ეს ტერმინი უიტმერის შემოტანილია) ბავშვები და მოზარდები. უიტმერის მიერ შეთავაზებულ მკურნალობის რეჟიმს არ ეთქმოდა ფსიქოთერაპია თანამედროვე გაგებით, იგი უფრო XIX საუკუნის ფსიქიატრიულ დაწესებულებათა ზნეობრივ თერაპიას წააგავდა. უიტმერი ცდილობდა ბავშვის საშინაო და სასკოლო გარემოს რეკონსტრუირებას, რათა შეეცვალა მისი ქცევა.

კლინიკური ფსიქოლოგია (ეს ტერმინი უიტმერს ეკუთვნის) აშშ-ში სწრაფად გავრცელდა. 1914 წლისთვის მოქმედებდა ოციოდე ფსიქოლოგიური კლინიკა, რომელთა უმეტესობა უიტმერის კლინიკის მსგავსად იყო ორგანიზებული. უიტმერმა დააარსა ჟურნალი „ფსიქოლოგიური კლინიკა“ (Psychological Clinic, 1907), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი იყო ამ დარგში. იგი იყო ერთერთი იმ რამდენიმე ფსიქოლოგს შორის, რომელთაც 1892 წელს ს. ჰოლის ხელმძღვანელობით ამერიკის ფსიქოლოგიურ ასოციაციას დაუდეს დასაბამი.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები