უკუქცევა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკუქცევაჯარების (ძალების) მიერ დაკავებული ზღუდეების (რაიონების) წინასწარგანზრახული ან იძულებითი დატოვება და მათი გამოყვანა ძლიერი მოწინააღმდეგის დარტყმების თავიდან ასაცილებლად, შემდგომი მოქმედებისათვის უფრო ხელსაყრელი მდგომარეობის დაკავებით. წინასწარგანზრახული უკუქცევა, ჩვეულებრივ, ეწყობა ფრონტის მეზობელ უბნებზე ან ზურგში ვითარების გაუარესების გამო. იძულებით უკუქცევას ახორციელებენ შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები ისეთ პირობებში, როდესაც არსებული ძალებით შეუძლებელია დაკავებული ზღუდის (რაიონის) შენარჩუნება და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას შეიძლება მოჰყვეს თავდაცვაში მყოფი ჯარების დამარცხება.

უკუქცევა ნებისმიერ ვითარებაში ხორციელდება მხოლოდ ზემდგომი უფროსის ბრძანებით ან ნებართვით, ორგანიზებულად და ფარულად იმ მიზნით, რომ დროულად გამოიყვანონ ჯარები ბრძოლისუნარიან მდგომარეობაში. უკუქცევა იწყება ჯარების ბრძოლიდან გამოსვლით და მოწინააღმდეგის უკან ჩამოტოვებით. ბრძოლიდან გამოსვლის და უკუქცევის შენაერთებსა და ნაწილებს უჩვენებენ უკუქცევის ზოლს ან მარშრუტებს, უკუქცევის საწყის და საბოლოო ზღუდეს და მათი დაკავების წესს, სარაკეტო ნაწილების პოზიციურ რაიონებს და არტილერიის საცეცხლე პოზიციებს, მართვის პუნქტების გაშლის ადგილებს. გარდა ამისა, შენაერთების (ნაწილების) მეთაურებს აცნობენ უკუქცევის შემდეგ მომავალი მოქმედებების ხასიათს.

უკუქცევაის დროს ჯარების საბრძოლო წყობა, ჩვეულებრივ, მოიცავს ნაწილებს (ქვედანაყოფებს), რომლებიც გამოყოფილია ბრძოლიდან გამოსვლის დასაფარავად, მთავარ ძალებს და ლოგისტიკას. ლოგისტიკის ნაწილები და ქვედანაყოფები უკან იხევენ პირველ რიგში. ბრძოლიდან გამოსვლა იწყება მას შემდეგ, რაც შენაერთების (ნაწილების) არიერგარდები დაიკავებენ აღნიშნულ ზღუდეებს და დასრულდება მთავარი ძალების მიერ ამ ზღუდეების გავლა.

ბრძოლიდან გამოსვლის და მოწინააღმდეგის უკან ჩამოტოვებისათვის, ჩვეულებრივ, იყენებენ ღამეს და ცუდი ხილვადობის პირობებს. I ეშელონის შენაერთები და ნაწილები გამოჰყავთ მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების ზღუდიდან მთელ ფრონტზე წინა ხაზზე დატოვებული ქვედანაყოფების დაფარვით. ბრძოლიდან გამოსვლისას მთავარი ძალები არიერგარდების დაფარვით ეწყობიან სალაშქრო კოლონებად, აღარ ყოვნდებიან შუალედურ ზღუდეებზე და გადადიან მათთვის დანიშნულ რაიონებში. დაფარვისათვის გამოყოფილი ნაწილები (ქვედანაყოფები) ინარჩუნებენ საბრძოლო საქმიანობის წინანდელ რეჟიმს და არ აძლევენ მოწინააღმდეგეს ორგანიზებული დევნის საშუალებას. მათი გამოყვანა იწყება, ჩვეულებრივ, მას შემდეგ, რაც მთავარი ძალები გაივლიან არიერგარდების მიერ დაკავებულ ზღუდეს.

უკუქცევა ხორციელდება უეცრად, როგორც წესი, მთელი ძალებით ერთდროულად. არიერგარდები თანამიმდევრულად იკავებენ ზღუდეებს და აქტიური, გადამწყვეტი მოქმედებებით ბოჭავენ ფრონტიდან გამოდევნებულ მოწინააღმდეგეს, უზრუნველყოფენ მთავარი ძალების ორგანიზებულ უკუქცევას.

არიერგარდების მანევრი ერთი ზღუდიდან მეორეზე ხორციელდება მათი მეთაურების ნებართვით. მთავარ ძალებს ან მათ ნაწილს შეუძლიათ, ვითარების მიხედვით, გაიშალონ ბრძოლისათვის შუალედურ ზღუდეებზე, თუ არიერგარდების და სალაშქრო დაცვის სხვა ორგანოების ძალები არ არის საკმარისი მდევარი მოწინააღმდეგის შეკავებისათვის. საბოლოო ზღუდეზე ან დანიშნულ რაიონში უკუქცეული ჯარები გადაჰყავთ დაჯგუფებაში, რომელიც შეესაბამება მომავალი მოქმედებების ხასიათს.

სამხედრო-საზღვაო ძალებში უკან დახევა არის სახომალდო ძალების მოქმედებები, რომლებიც წარმოებს საბრძოლო ამოცანის შესრულების ან ბრძოლიდან წინასწარ განზრახული (იძულებითი) გამოსვლის შემდეგ ბაზაზე (ზღვის დადგენილ რაიონში) გადასასვლელად. მისი მიზანია ხელახალი გაშლისათვის ახალი ან წინათ დასახული ამოცანის გადაწყვეტა, მოწინააღმდეგის უპირატესი ძალებისაგან გამორიდება და სხვა.

ზოგი ქვეყნის არმიაში უკუქცევას 1982 წლამდე ეწოდებოდა “უკუქცევითი მოქმედებები”.

განასხვავებენ უკან დახევის სამ ხერხს:

  • შემაკავებელი მოქმედებები,
  • ბრძოლიდან გამოსვლა,
  • უკუქცევა მოწინააღმდეგესთან შეუხებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები