დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა უპარტიოთა კავშირი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი - „პარტიათა გარეშე მყოფი ქართველების დამოუკიდებელი პოლიტიკური კავშირი”, იგივე დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) პოლიტიკური კავშირი დაარსდა 1918 წლის ივლისში. ის ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს - მეცნიერებს, პოეტებს, სამხედროებსა და სხვებს აერთიანებდა. კავშირი მიზნად ისახავდა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას.

უპარტიოთა კავშირი არ ყოფილა წმინდა პოლიტიკური პარტია თავისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესდებითა და პროგრამული დოქტრინით, მაგრამ გააჩნდა პოლიტიკური პლატფორმა, რომლის უმთავრესი მუხლები იყო:

  • საქართველოში დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და გაძლიერება;
  • საქართველოს პოლიტიკური სოციალური და ეკონომიკური განვითარება დემოკრატიულ ნიადაგზე;
  • შემოქმედებითი თეორიული და პრაქტიკული მუშაობა.

ამ მიზნების განსახორციელებლად კავშირი გეგმავდა კრებების გამართვას, რეფერატების მომზადებას საჭირბოროტო სახელმწიფოებრივ საკითხებზე და სხვ.

კავშირის ხელმძღვანელი ორგანო იყო საბჭო, რომელიც შედგებოდა 12 წევრისაგან: ირაკლი გუნცაძე, პროფ. ივანე ჯავახიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დუტუ მეგრელი, ივანე აფხაზი, კონსტანტინე ამირეჯიბი, ესტატე მაჩაბელი, გიორგი ჯაფარიძე, გრიგოლ გაბაშვილი, ვახტანგ ღამბაშიძე, კონსტანტინე მაყაშვილი და დავით კარიჭაშვილი. საბჭოს თავმჯდომარედ ზოგიერთ დოკუმენტში მოხსენიებულია ირაკლი გუნცაძე, ხოლო ზოგან - გიორგი ჩაჩიბაია.

საქართველოს ეროვნულ საბჭოში უპარტიოთა კავშირის წარმომადგენლები იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობის ყოფილი წინამძღოლი, გენერალ-მაიორი კ. აფხაზი და პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე კ. მაყაშვილი. უპარტიოთა კავშირის პოლიტიკური მრწამსი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის იდეოლოგიას შეესაბამებოდა (კ. აფხაზი შემდეგში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა).

უპარტიოთა კავშირის პირველი პოლიტიკური აქტივობა თბილისის საქალაქო არჩევნებში გამოიხატა, რომელიც 1919 წლის 1-2 თებერვალს გაიმართა. ამ არჩევნებში კავშირის წევრები ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა და მისგან გამიჯნულ რადიკალ-დემოკრატებთან ერთობლივი სიით გამოვიდნენ. დამფუძნებელი კრების არჩევნებში (1919 წლის 14-16 თებერვალი) უპარტიოთა კავშირი კვლავ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან ბლოკში გაერთიანებას აპირებდა. ამით აიხსნება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ ეროვნულ-დემოკრატათა საკანდიდატო ხელნაწერ სიაში შეყვანილი იყო უპარტიოთა კავშირის 7 წევრი. უცნობია, რა მიზეზით (შესაძლოა, თბილისის საქალაქო არჩევნებში წარუმატებლობის გამო), მაგრამ ბოლო მომენტში კავშირმა ეროვნულ-დემოკრატთაგან გამოყოფა გადაწყვიტა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა. კავშირის საარჩევნო სიაში (№11) სულ 10 კაცი იყო დასახელებული: ზურაბ ავალიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, კონსტანტინე მაყაშვილი და სხვ. უპარტიოთა კავშირის სიას ხმა მხოლოდ ათასამდე ამომრჩეველმა მისცა. მათ შორის დედაქალაქში 480 ხმა აღირიცხა. ამ შედეგით კავშირი დამფუძნებელი კრების მიღმა დარჩა.

1920 წლიდან დაიწყო არასოციალისტური ეროვნულ-პოლიტიკური ძალების ურთიერთდაახლოებისა და ერთმანეთთან შერწყმის პროცესი. ედპ-ის მთავარი კომიტეტი და უპარტიოთა კავშირის საბჭო ურთიერთთანამშრომლობდნენ და პერიოდულად ერთობლივ სხდომებსაც მართავდნენ. უპარტიოთა კავშირი საქართველოს დამფუძნებელი კრების მეორე დამატებით არჩევნებში ედპ-სა და ეროვნულ პარტიასთან ბლოკში გამოვიდა.

1920 წლის 8 დეკემბერს მოწვეულ საგანგებო სხდომაზე არასოციალისტურ პარტიათა წარმომადგენლებმა გაერთიანებისა და „ერთი მთლიანი ეროვნული ფრონტის შექმნის“ შესახებ იმსჯელეს. სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომ: „საჭიროა არასოციალისტურ პარტიათა იდეური, პრაქტიკული და ორგანიზაციული გაერთიანება“. არასოციალისტურ პარტიათა გამაერთიანებელი კონფერენცია 1921 წლის 23-27 იანვარს თბილისში გაიმართა. კონფერენციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ-დემოკრატიული, მიწის მესაკუთრეთა ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული პარტიები და უპარტიოთა პოლიტიკური კავშირი ერთ ორგანიზაციად გაერთიანდნენ, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული პარტია ეწოდა. პარტიის მთავარ კომიტეტში უპარტიოთა კავშირიდან არჩეული იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, ნიკოლოზ თავდგირიძე და გიორგი ამირეჯიბი.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1 აგვისტო, 1918;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები