უფლისციხის დიდეზოიანი სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის დიდეზოიანი სახლი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში, მთავარი ქუჩის დასავლეთ კიდეზე, თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. დიდეზოიანი სახლის (30X20,5 მ) ოთახების სამივე ჯგუფი მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. იგი წარჩინებულთა საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. შენობა დაზიანებულია: გამოფიტულია კედლებისა და გადახურვის ზედაპირი. არ შემორჩენილა ეზოს სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარე ოთახების წინა კედელი, ჩრდილოეთი ოთახის გამყოფი კედლები, სამხრეთი ოთახების აღმმოსავლეთი კედელი და გადახურვა, ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე მთლიანად, ღია დარბაზისა და მის უკან მდებარე ოთახის გამყოფი კედელი. ნაგებობას ეტყობა მრავალი გადაკეთების და შეკეთების კვალი. XVII ს. ჩატარებული გადაკეთებით შენობა იქცა სოფლის ოჯახის საცხოვრებლად, მიუხედავად მრავალი სახეცვლილებისა კომპლექსს მაინც აქვს შენარჩუნებული ძირითადი არქიტექტურული სახე.

დიდეზოიანი სახლის ოთახები განლაგებულია დიდი ეზოს სამ მხარეს და ასიმეტრიულია ეზოს და შენობის მთავარი ღერძის მიმართ. კომპლექსის წამყვანი ელემენტია ღია დარბაზი (4,8X3,85 მ), რომელიც აღმოსავლეთით, ქუჩიდან ეზოში შესასვლელის პირდაპირ მდებარეობს. იგი საზეიმო თუ სარიტუალო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო. დარბაზი შედგება მაღალი კამაროვანი ოთახისგან. ოთახს ფასადის კედელი არა აქვს და გახსნილია თაღოვანი ღიობით, რომლის ორივე მხარეს, ეზოს კუთხეებში, ამოყვანილია მაღალი, კონქით გადახურული ნიშები. დარბაზის ცენტრში ამოკვეთილია გულდასმით დამუშავებული წრიული ფორმის ორმო (დიამ. 1,95 მ, სიღრმე 0,15 მ), რომელიც სარიტუალო დანიშნულებისა უნდა იყოს. გადაკეთების დროს ღია დარბაზი ხის სართულშუა გადახურვით გაუყვიათ ორ სართულად (გრძივ კედლებზე შემორჩენილია კოჭების ჩასადგმელი ოთხ-ოთხი ბუდე). პირველ სართულზე გაუკეთებიათ დიდი ოთახი (7X7,4 მ), რომლის ფართობის გადიდების მიზნით შეუღრმავებიათ დარბაზის გრძივი კლდის კედლები და დარბაზის ფასადის წინ გადაუტანიათ ქვით ნაშენი კედელი. მეორე სართულზე, ღია დარბაზის ფარგლებში, ლოჯიაა, ლოჯიის წინ – ღია აივანი.

ღია დარბაზის უკან მასზე დაბალი, ბრტყელჭერიანი კვადრატული ოთახია (4,85X4,75 მ), რომელიც დარბაზს კარით უკავშირდებოდა (შემორჩენილია კარის წირთხლის კვალი). ოთახის ჭერი წარმოადგენს კლდეში ამოკვეთილი ხის კოჭოვანი გადახურვის მიბაძვას. ოთახს სიგანეზე ორად ყოფს თავხე, რომელზედაც, გრძივი ღერძის მიმართულებით, გამოკვეთილია მოკლე კოჭების წყობა. ოთახის ოთხივე კედელზე ამოკვეთილია პროფილირებული შემკვრელი ლავგარდანი, რომელზედაც „კოჭების“ ბოლოები აწყვია.

ეზოს სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი ოთახია. ისინი უფრო დაბლებია, ვიდრე ღია დარბაზი. ჩრდ. მხარის, ერთი-მეორის გვერდით განლაგებულ ოთახებს შესასვლელი ეზოდან აქვთ. აქედან დასავლეთისას კიდევ აქვს ღია დარბაზთან დამაკავშირებელი კარი (დარბაზის ჩრდილო-აღმმოსავლეთ კუთხეში). ორივე ოთახი კლდეში ნაკვეთი კამარითაა გადახურული. სამხრეთ მხარის ოთახებიდან ერთ ოთახს (დასავლეთისას) აქვს ეზოდან შესასვლელი. მეორე (სამხრეთის) ოთახში, პირველ ოთახთან დამაკავშირებელი კარის გარდა, კიდევ არის ერთი კარის კვალი აღმოსავლეთ კედელში. ორივე მხარის ოთახების კლდის დანგრეული კედლები XVII ს. აღუდგენიათ წყობილი ქვით, ჩრდილოეთი მხარის დასავლეთ ოთახში ჩაუდგამთ ექვსი ღვინის ქვევრი, რომელიც კირის ხსნარითაა გამაგრებული. ეზო ქუჩიდან კლდის ღობით იყო შემოღობილი. ეზოს ირგვლივ, კედლებთან, ამოკვეთილია განიერი ცოკოლი-სკამი. კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს ამოკვეთილი მრავალი ორმო (თონეების, ქილების, საქსოვი დაზგების ჩასადგმელი) და ბუდეა (ხის ბოძებისა და ღობის სარების ჩასამაგრებელი).


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები