უფლისციხის ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორსვეტიანი დარბაზის (მთავარი ტაძრის) კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში, ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე, მის ჩრდილოეთ მონაკვეთში. თარიღდება ანტიკური ხანით. როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყველა დეტალით მიეკუთვნება უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად ნაგებობათა რიცხვს.

ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსი, მისგან ჩრდილოეთით მდებარე თანადროული ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსთან ერთად, საქართველოში (მათ შორის უფლისციხის შიდა ქალაქის ნაგებობათა შორისაც) ანტ. ხანის ყველაზე ღირსშესანიშნავი, თავისებური და რთული არქიტექტურული ანსამბლია. იგი განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო საკულტო ცერემონიისათვის.

აღწერილობა

ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსი შედგება ორსვეტიანი ცენტრალური დარბაზის, მის ორივე მხარეს მდებარე სათავსების, ამაღლებული და ღია ბაქნებისა და ეზო-კარიბჭისაგან

ორსვეტიანი დარბაზი (თამარის დარბაზი) კვადრატულია (9,15X9,1მ; სიმ. 5,6 მ.). გეგმით ემსგავსება ცეცხლის ტაძარს. გამოკაფულია კლდეში. გამოვლენილია ოთხივე ფასადით და ბანით. კედლები ფაქიზადაა მოსწორებული. ნაგებობა დაზიანებულია: შემორჩენილია დარბაზის აღმოსავლეთი კედლის ნაშთი (1-1,5 მ.), ბურჯების რვაწახნაგიანი ბაზისები და მათი კაპიტელის ბალიშის კვადრატის კონტური „მზიდი კოჭის“ სიბრტყეზე, პილასტრიანი ოთახის ჩრდილოეთ კედელი და დანარჩენი კედლების ცოკოლები, აღმოსავლეთ ფასადის სამხრეთ ნაწილში ტრომპის მსგავსი პატარა დეტალი, რომლის ცენტრიდან ქვეითკენ მიემართება მკვეთრი ვერტიკალური ღარი (დეტალის ზედა ფორმა, კედლების გამოფიტვის გამო, გაურკვეველია), სამხრეთ ფასადის მომიჯნავე სათავსის კვალი (ამჟამად მის ადგილას ფეოდალური ხანის ორმოები და თონეებია); სამხრეთ სათავსის ბოლოში ჩანგრეულია გადახურვა.

დარბაზი საუკუნეთა მანძილზე, მისი საცხოვრისად გამოყენების დროს, მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ჩამოუტეხიათ ჭერის ჩრდილოეთ გვერდითი სათავსის, დასავლეთის ამაღლებული ბაქნის კედლის ზედაპირი, აგრეთვე დასავლეთ თაღებისა და სარკმლების ტიმპანები, რაც ამახინჯებს ინტერიერის არქიტექტურას ყველა კედელიში ამოუკვეთიათ ულაზათო თაროები და თახჩები; ჩრდილოეთ სათავსში და სამხრეთ სათავსის იატაკში ამოუღიათ ქვევრების, თონეებისა და კერის ჩასადგმელი ორმოები; აღმოსავლეთ ფასადის ჩრდილოეთ მხარეს და შენობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ამოუჭრიათ ვერტიკალური ფორმის საკვამლე მილები, რის გამოც მოუტეხიათ ფასადის ნაწილები. ფეოდალურ ხანაში დარბაზს უკვე აღარ ჰქონია წინა კედელი და სვეტები; დარბაზისა და ეზო-კარიბჭის იატაკი 1,5მ-ზე და ნანგრევებით ყოფილა დაფარული. ამას მოწმობს შემორჩენილ ფასადებზე ამ დონეზე გამართული უფრო განიერი შესასვლელი და ორივე ადგილის ხელუხლებელი იატაკი. ფეოდალურ ხანაში კარიბჭის ცოკოლზე აუშენებიათ მაღალი ქვითკირის კედლები; მოუჭრიათ დარბაზის ბაქნიდან დიდ ეზოში ჩასასვლელი განიერი ოთხსაფეხურიანი კიბის ნაწილი.

ორსვეტიან დარბაზს შესასვლელი აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში აქვს. შესასვლელი თაღოვანი ყოფილა. მის ორივე მხარეს, კედლის ქვედა ნაწილში, ნიშებია ამოკვეთილი. დასავლეთ კედელში, შესასვლელის პირდაპირ, ორი ტიმპანიანი თაღოვანი სწორკუთხა ღიადია, მის უკან – ამაღლებული დაბალჭერიანი ბაქანი. ამ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში სარკმელია, რომელიც კედელს უკან მოთავსებულ სათავსს ანათებს. დასავლეთ კედლის ღიადებს და სარკმელებს თაღები სხვადასხვა დონეზე აქვთ. სარკმლები დარბაზის გრძივ კედლებშიცაა, ორი – სამხრეთისაში, სამი – ჩრდილოეთისაში. ყველა სარკმელი ოთხკუთხაა, აქვს თაღი და ტიმპანი. გრძივ კედლებში გაჭრილი სარკმლები გადის დარბაზის ორივე მხარეს მდებარე სათავსებში, რომლებიც დარბაზს მხოლოდ ამ სარკმლებით უკავშირდებიან. პროფილირებულია პილასტრებისა და თაღების კაპიტელები. პილასტრების კუთხეები კარგადაა გამოკვეთილი. ჭერი ძელური გადახურვის იმიტაციაა. განივი ღერძის მიმართულებით გამოკვეთილია მძლავრი „მზიდი კოჭი“, რომელიც ორად ყოფს გადახურვის გრძელ მილს. „მზიდი კოჭის“ ორივე მხარეს „გადებულია“ მცირე კვეთის, ბრტყელი „კოჭები“ და „ლავანგარდი“ პროფილირებულია. „მზიდი კოჭი“ ეყრდნობა ორ სვეტს.

დარბაზის გვერდის სათავსოებს შესასვლელები აღმოსავლეთ კედელში აქვს. ჩრდილოეთი მცირე სათავსის შესასვლელი კი ცალკეა, დასავლეთ კედელში სათავსების იატაკი 1,25მ-ით მაღალია დარბაზის იატაკზე, უსწორდება სარკმლების ქვედა დონეს. სათავსებისა და დასავლეთ ბაქნის ჭერი დანაწევრებულია კვადრატულ მონაკვეთებად. თითოეულ მონაკვეთში გამოკვეთილია ორფერდა გადახურვა.

დასავლეთ ბაქანსა და ჩრდილოეთ სათავსს შორის მცირე სათავსია (3.65X3,4მ). რომელსაც შესასვლელი ბაქნიდან აქვს, დარბაზს უკავშირდება სარკმლით. სამხრეთი განაპირა სათავსი დარბაზის მხოლოდ დასავლეთ თაღოვან კედელს აღწევს. ამ სათავსიდან დარბაზის სამხრრეთი კედლის ბოლომდე პილასტრიანი ოთახი ყოფილა.

დარბაზის წინ ეზო-კარიბჭეა, რომელიც მის ირგვლივ მოსწორებული ბაქნიდან 0,6 მ-ით ჩაღრმავებულია. იგი გადახურული უნდა ყოფილიყო, რასაც ამტკიცებს ვერტიკალურად ჩაჭრილი ეზო-კარიბჭის ცოკოლი, საიდანაც სამი წყვილი პილასტრია გამოწეული (სავარაუდოა, რომ პილასტრებზე მსუბუქი გადახურვისათვის ქვის სვეტები იყო აღმართული). ეზოს ცენტრში ამოკვეთილია ფართო წრე (დიამ. 1,12მმ; სიღრმე 0,11მ), რომელიც, შესაძლოა, რიტუალური დანიშნულებისა იყო.

ეზოსა და სამხრეთ სათავსის წინ ღია ბაქანია. იგი, ეზოსთან ერთად, დამხრობილია ჩრდილოეთისაკენ – მთის აღმართისაკენ, რაც ერთადერთი შემთხვევაა შიდა ქალაქში ბაქნის აღმმოსავლეთ ნაწილში ხის სვეტების ჩასადგმელი სამი მოზრდილა ორმო და ვარცლის მსგავსი ღრმა აუზებია. ბაქნის ქვეშ, ქუჩის პირას, გამოქვაბულის მსგავსი უფასადო სათავსია. ეზოსა და საკანს სხვადასხვა სიგრძის კარგად ნაკვეთი ოთხი კიბე აქვს, რომლებიც დაბლა, მთავარი ქუჩის დონეზე მდებარე ეზოში ჩადის. ეზო დიდია, სამკუთხა. ეზოს ჩრდილოეთ მხარეს კიბეების პირდაპირ, ერთსაფეხურიანი ჩასასვლელებია, რომლებიც ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსის ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსთან აკავშირებენ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები