უფლისციხის წითელი ოთახის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წითელი ოთახის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს უფლისციხეში, შიდა ქალაქის შუა უბნის განაპირას, ჩრდილორთით, შიდა ქალაქის მთის სამხრეთ ფერდობზე, მთავარი ქუჩის პირას, დიდ ეზოში. ეზოს ჩედილოეთით, ერთმანეთის გვერდით, წითელი და სადა ოთახებია, სამხრეთით – ორი სათავსი, კედლების ნაწილები და კლდე, რომელზეც აღმართულია აგურით ნაგები ქრისტიანული ეკლესია. კომპლექსში შედის საკუთრივ წითელი ოთახი, მის წინ მდებარე ღია დარბაზი (=სადა ოთახი) და ეზოს სამხრეთით მდებარე ნაგებობა. კომპლექსი თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია ოთახისა და ღია დარბაზის წინა კედლები, ღია დარბაზის კამარის ნაწილი, ჩამოთლილია წითელი ოთახის სამხრეთ-დასვლეათი კედლის დეკორი და ღია დარბაზის კედლების სიბრტყეები; გამოფიტულია დარბაზის საფასადო მხარე; შემორჩენილი კედლები და კამარაც დაბზარულია. ყველა კედელში უხეშად ამოკვეთილია თახჩები და ბუდეები. შემდგომი გადაკეთებების დროს ეზოსა ოთახებში ჩაშენებულია ცუდად ნაგები ქვის კედლები (1959 წ. საქ. სსრ ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლ. ექსპედიციამ ნაგებობის დროებითი დაცვის მიზნით ამოაშენა წითელი ოთახის სამხრ. კედელი). იატაკში ამოჭრილია სხვადასხვა დანიშნულების და სახის ორმო-ბუდეები, აგრეთვე XVI–XVII სს. სამარხები – ერთი წითელი ოთახის ღია დარბაზის წინ, ათი სამხრეთ ნაგებობის დიდი დარბაზის აღმოსავლეთ კედელთან, ეკლესიის კედლის ძირში. სამხრეთ ნაგებობის მხოლოდ ფრაგმენტებადაა შემორჩენილი. ქუჩიდან ეზოში შესასვლელი კლდის კედელში ამოუკვეთიათ მოგვიანებით.

წითელი ოთახი გრძივ ღერძზე განლაგებული ორი სათავსისაგან შედგება: დაბალი, დახურული ოთახისა და მის წინ მოთავსებული, უფრო დიდი და მაღალი ღია დარბაზისაგან ნაგებობა მთლიანად კლდის მასივშია გამოკვეთილი, გარედან გამოვლენილია მხოლოდ დარბაზის აზიდული თაღით. ოთახი თითქმის კვადრატულია (5X4,7 მ), მასში შესასვლელი ღია დარბაზის უკანა კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. ოთახი გამოირჩვეა არქიტექტურული გაფორმებით. კედლები დანაწევრებულია მაღალ ცოკოლზე შემდგარი პილასტრებით, რომლებიც რთულად პროფილირებული კაპიტელებით მთავრდება. ოთახს ირგვლივ მიუყვება სამმაგი „შემკვრელი“ ლავგარდანი, რომელსაც „ეყრდნობა“ ბრტყელ ჭერზე ამოკვეთილი რთული „კონსტრუქციის“ ხის კოჭოვანი გადახურვის იმიტაცია. „გადახურვის“ მალს (5,1 მ) ორად ყოფს განივი „მზიდი“ კოჭი, რომელზედაც „გადებულია“ გრძივი „კოჭების“ შიგა ბოლოები. გარეთა ბოლოები პილასტრებს შორის არის მოქცეული, რაც არღვევს წითელი ოთახის „კონსტრუქციული“ სისტემის სიზუსტეს.

ოთახის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში (შესასვლელის პირდაპირ) ამოკვეთილია მცირე ზომის თაღიანი თახჩები. აღმოსავლეთი კედლის სამხრეთ კუთხეში კიდევ ერთი ოთხკუთხა თახჩაა (შენიღბული საგანძურის შესასვლელი). თახჩის პირზე ამოკვეთილია ფოსო. რომელშიც იდგმებოდა შესანიღბი ფილა, ოთახი შემურულია. მურის ფენის ქვეშ ჩანს წითლად შეღებილი ჭერი და კედლები.

წითელი ოთახის წინ არსებული ღია დარბაზის, სადა ოთახის (11X5,1 მ) ფასადის მხრიდან მთლიანად გახსნილი კამაროვანი სათავსია, დამხრობილია სამხრეთისაკენ. სადაა, მის სამივე კედელს გასდევს მხოლოდ ფაქიზად დამუშავებული ცოკოლი. ფასადის დასავლეთ კედლის ცოკოლში შემორჩენილია ყვითელი ქვის პროფილირებული კუთხის ბაზისი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ღია დარბაზის ფასადი მოპირკეთებული ყოფილა ყვითელი ქვით. დარბაზის წინ ამოჭრილია ერთი სამარხი.

ნაგებობის მაგვარი კომპოზიცია (ოთახის წინ ღია დარბაზით) უფლისციხის მშენებლობაში მიღებული არქიტექტურული თემის უმარტივესი ვარიანტია. წითელი ოთახი როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყველა დეტალით მიეკუთვნება უფლისციხის კედელში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად ნაგებობათა რიცხვს.

ეზოს სამხრეთით მდებარე ნაგებობა შედგება ორი ნაწილისაგან: ეზოსპირა, აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული მცირა სათავსისა (9X4,1 მ) და მის უკან, სამხრეთით მდებარე დიდი დარბაზისაგან (10X10,5 მ). დარბაზის სამხრეთ კედლის ნაწილი და დასავლეთ კედლის სამხრეთ ბოლო დანგრეულია. შემორჩენილი კედლების ფრაგმენტების სიმაღლე 2,1 მ-ია. სამხრეთ ნაგებობა მრავალჯერ გადაუკეთებიათ. მოგვიანებით მცირე სათავსის განივი კედელი და დარბაზის ჩრდილოეთ კედელი სხვადასხვა ჯიჭის ქვითა და მიწის ხსნარით ამოუშენებიათ. დიდი დარბაზის აღმოსავლეთ კედელთან, ეკლესიის კედლის ძირში ამოჭრილია ათი სამარხი (XVI-XVII სს). რამდენიმე სამარხთან კედელში ამოკვეთილია ნიშები.

სამხრეთ ნაგებობის მცირე სათავსი კომპლექსის დერეფანი უნდა იყოს. მის დასავლეთ კედელში მთავარი ქუჩიდან ვიწრო კლდეკარია გაჭრილი. შემორჩენილი ცოკოლი გვაფიქრებინებს, რომ დერეფანი ეზოსკენ, ღია დარბაზის პირდაპირ იყო გახსნილი და ეზოში შესვლა ქუჩიდან მხოლოდ დერეფნის გავლით შეიძლებოდა. ანტიკური ხანის სხვა შემოსასვლელი ეზოს არა აქვს. დერეფანი ეზოდან გამოყოფილი იყო გლუვად დამუშავებული კედლით (სიგ. 14 მ), მის დასავლეთ ბოლოში გასასვლელი (2,65 მ) მდებარეობს. ეზოს ცოკოლი უხვევს ამ გასასვლელში და შედის დერეფნის ინტერიერში.

დიდი დარბაზი ოთხკუთხაა. შემორჩენილ სამხრეთ კედელში ამოკვეთილია კარის ფოსო (დაუდგენელია ანტიკური ხანისაა იგი თუ გადაკეთების დროს არის ამოკვეთილი). იატაკში ამოკვეთილია ოთხი ბუდე. ფორმათა სიზუსტით და ზედაპირის გლუვი დამუშავებით ისინი ანტიკური ხანას მიეკუთვნებიან. იატაკში ამოკვეთილია აგრეთვე წყალსაწრეტი ღარის სათავე. ღარი ეკლესიის ტერასაზე ჩამოდის.

სამხრეთ ნაგებობის იატაკი ეზოს დონეზეა. ეს დონე გრძელდება სამხრეთისკენ და დიდი დარბაზის წინ ქმნის ტერასა-ბაქანს. ტერასიდან მთავარ ქუჩამდე ჩამოდის განიერი კიბე. დარბაზის გარეთა მოცულობა მთლიანად (ოთხივე ფასადით) ყოფილა გამოვლენილი. ამჟამად არ ჩანს აღმოსავლეთ ფასადი, რადგან აღმოსავლეთ კედლის გადარჩენილი ქვედა ნაწილი გამოყენებულია ქრისტიანული ეკლესიის დასავლეთ კედლის საძირკველად. სავარაუდოა, რომ დიდი დარბაზის გაგრძელებაზე კიდევ მდებარეობდა ნაგებობა, რომელიც ეკლესიის ქვეშაა მოქცეული.

კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული ოთხკუთხა ტერასა-ეზო (16,2 X9,2 მ), იგი ქუჩების დონესთან შედარებით ჩაღრმავებულია (2,2 მ-ით). ეზო იზოლირებულია. მის ორივე მხარეს სათავსებია. მათი განივი მხარეები შემოსაზღვრულია ჩაჭრილი კედლებით. ფაქიზად დამუშავებულ ეზოს შემოვლებული აქვს თლილი კლდის ცოკოლი, რომელიც დასავლეთით იმდენად განიერია (2,65 მ), რომ ტახტად (ამაღლებულ ბაქნად) გამოდგებოდა. „ტახტი“ ორია, გაყოფილია კედლით. ეზოში არ არის ანტიკური დროისათვის დამახასიათებელი სამეურნეო და საოჯახო საქმიანობისთვის განკუთვნილი ადგილი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები