უფლის კვართი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლის კვართი - იესო ქრისტეს პერანგი ღვთისმშობლის მიერ იყო მოქსოვილი. „ხოლო კვართი იგი ... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“. ქრისტეს სამოსელი - „კვართი საუფლო“ - ითვლება სვეტიცხოვლის ტაძრისა და მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთ მთავარ სიწმიდედ.

პირველი საუკუნის დასაწყისში, როცა ქართლის ტახტზე ავიდა ადერკ მეფე, იერუსალიმიდან მოვიდა ცნობა, რომ სინედრონის გადაწყვეტილბით ქართლის ებრაელებს უნდა გაეგზავნათ თავისი წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა ქრისტეს ჯვარცმაში. ამ მიზნით წავიდა იერუსალიმში მღვდელმთავარი ელიოზ მცხეთელი, რომელსაც მრავალი ჯარისკაცის თანხლებით მცველად გაჰყვა ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა ელია მღვდელმთავართა ტომიდან იყო. წასვლის წინ მან შვილს სთხოვა, წილი არ დაედო მესიის სისხლის დათხევაში, „რამეთუ ის არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული“.

როცა მაცხოვარი გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, საშინელთა კრჩხიალებითა (შეკივლებით) დაიძახა: „მშვიდობით მეუფეო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მხსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა!“ - და მყის აღესრულა (ქართ. ცხ. Ι ნაწ. გვ. 40).

ელიოზის დედამ - სიდონიამაც, დაუსწრებლად ისე შეიყვარა იესო ქრისტე, რომ თავის ძმას სთხოვა, რაიმე ნივთი - თუნდაც ქვა, - ჩამოეტანა, ოღონდ ნამდვილად ქრისტეს ხელშენახები ყოფილიყო.

ელიოზმა შეუსრულა თხოვნა სიდონიას: უამრავ ვერცხლის ფასად გამოისყიდა ელიოზმა უფლის კვათი რომაელი ჯარისკაცისაგან, რომელსაც წილად ერგო იგი. როგორც წმიდა გადმოცემა მოგვითხრობს, უფლის კვართი ღმრთისმშობლის მოქსოვილია ყრმა იესოსთვის და იგი უფლის ზრდასთან ერთად იზრდებოდა.

ჯარისკაცებმა უფლის ტანისამოსი დახიეს და ისე დაინააწილეს, ხოლო როცა ჯერი მიდგა კვართზე, ის ისე ლამაზად ნაქსოვი იყო, თან არც ერთი თვალი არ ჰქონდა ჩაშლილი, რომ დაენანათ მისი დახევა და წილი ჰყარეს თუ ვის უნდა შეხვეედროდა ის მთიანად და ერგო ერთ-ერთ რომაელ ჯარისკაცს, რომლისგანაც ელიოზმა გამოისყიდა. ელიოზი თურმე ადრევე იცნობდა ფილიპე მოციქულს (ძვ. ქართ ლიტერატურის ძეგლები, არსენ იყალთოელი - „ცხოვრება და მოქალაქეობა და ღვაწლი ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი - გვ.-376), რომელსაც გაუგია რა, თუ რას ეხვეწებოდნენ დედაჲ და დაჲ ელიოზს, ჯვარზე გაკრული ქრისტესთვის გაუცვნია. ელიოზს, წმ მამების აზრით, ქრისტესადმი სწორედ ასეთი წრფელი სიყვარულისათვის მიეცა უფლება, გამოესყიდა ქრისტეს კვართი (...„ჩანს მათ კვართი შეისყიდეს რომაელი ჯარისკაცებისაგან“. - ანანია ჯაფარიძე, „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, ტომი I, გვ. 36) და ჩამოებრძანებინა საქართველოში (პავლე მოციქულის მიხედვით, უფალი გულით უდა გვიყვარდეს, ბაგეებით ვაღიარებდეთ და საქმით დავამტკიცებდეთ. ელიოზმა სამივე ეს პირობა შეასრულა: მას, მის დედას და დასაც გულით უყვარდათ თვალით უნახავი ქრისტე. ეს სიყვარული ხმამაღლა გამოთქვა ჯვარცმული ქრისტეს წინაშე და საქმითაც დაამტკიცა ქრისტესადმი სიყვარული, როცა არ დაინანა უკანასკნელი კაპიკიც კი უფლის სისხლიანი კვართის გამოსასყიდად). წმ. მამების აზრით, საქართველოში უფლის კვართის ჩამობრძანება იმის სიმბოლო იყო, რომ როგორც უფალი იესო ქრისტე იყო შემოსილი ყრმობიდან ჯვარცმამდე ამ კვართით, ასევე შემოსავდა კვართი საქართველოს ულევი მადლითა და სიყვარულით და მას საკუთარ დედას ჩააბარებდა საპატრონოდ, მის წილხვდომილ ქვეყანასთაქნ ერთად.

წმ. მამების აზრით, უფლის კვართის განუყოფელობა ეკლესიის მთლიანობის სიმბოლოა და როგორც მესამე საუკუნის წმ. მამა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, კვართის მფლობელი მხოლოდ ის ქვეყანა და ის ხალხი შეიძლება იყოს, რომელიც მტკიცედ იცავს ეკლესიის ერთიანობას. ღმრთის წყალობით, სწორედ ასეთია საქართველო და მისი დედა, სამოციქულო ეკლესია. აქედან გამომდინარე, უფლის კვართის მფლობელობა დიდი პატივიცაა ჩვენთვის და უდიდესი მოვალეობაც.

სიდონია ძმას მცხეთის კარიბჭესთან დახვდა. ელიოზმა უამბო, რაც მოხდა გოლგოთაზე და გადასცა კვართი. სიდონიამ გულში ჩაიკრა პერანგი და იმ დიდი ძალისაგან, რომელიც კვართიდან მოედინებოდა, სული განუტევა. მთელი ხალხი შეიკრიბა გარდაცვლილი ასულის ცხედართან.

ამის შესახებ მეფე ადერკმაც გაიგო. მან მოინდომა კვართის წაღება, რათა თავად შემოსილიყო, მაგრამ ვერანაირი ძალით ვერ შესძლო მკვდარი ასულის მკლავების გახსნა. სიდონია დაკრძალეს სამეფო ბაღში კვართთან ერთად. ერთ-ერთი გადმოცემით კი ადერკ მეფემ მცველები დაუყენა სიდონიას, რომ მეორე დღეს დიდი ძალოსანი მამაკაცები მოეყვანა, რომელნიც სიდონიას კვართს ხელიდა წაგლეჯდნენ.

ადერკ მეფის წასვლის შემდეგ, უფლის ნებით ყველამ ჩათვლიმა. ამ დროს უცებ მიწა იძრა, გაიპო ის ადგილი, სადაც წმ. სიდონია იყო დასვენებული და წმინდანი უფლის კვართთან ერთად მყისიერად გაუჩინარდა. როგორც უეცრად გაიხსნა მიწა, ასევე უეცრად შეიკრა პირი მიწამ და მყისიერად ამოვიდა ამ საფლავზე ნაირნაირი ყვალილები და დიდი, ლამაზი კვიპაროსი, რომელსაც ლიბანის ნაძვადაც მოიხსენიებენ (იხ. „საქ. საეკლესიო ისტორია“ - მ. ჯანაშვილი გვ. 7).

ბურანიდან გამოფხიზლებულმა მცველებმა და შემდეგ ადერკმაც, ვერაფრით ვერ მოიაზრეს, თუ სად და როგორ გაქრა სიდონია კვართან ერთად.

უფლის კვართის ადგილსამყოფელზე მრავალი ვერსია არსებობს, მათ შორის გამოირჩევა რუსული და გერმანული ვერსიები. რუსები ავრცელებენ ხმას ვითომც მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასმა რუს მეფეს მიხეილ თეოდორეს ძეს საჩუქრად მიართვა უფლის კვართის ნაწილები, რომლებზეც ლათინური წარწერები და ნახატებია და რუსებს უფლის კვართის დღესასწაულიც კი აქვთ.

გერმანელები თვლიან, რომ უფლის კვართი არის გერმანიის ქალაქ ტრირში. სინამდვილეში უამრავი ფაქტით, საარქივო მასალებითა და ისტორიული წყაროებით მტკიცდება, რომ უფლის კვართი ხელუხლებელია მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში

სიდონია ქრისტეს პირველი წმიდანია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში,: როცა მან ქრისტეს ჯვარცმის ამბავი გაიგო ელიოზისაგან, უფლისადმი სიყვარული ტანჯვად და ტკივილად ექცა და სული განუტევა. სიტყვა „სიდონია“ ფინიკიურ ენაზე „თევზს“ ნიშნავს, თევზი კი ქრისტიანობის ერთ-ერთი სიმბოლოა, რადგან ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს სულიწმიდის მადლით წყალში ნათლობით იღებს.

არქიმანდრიტი რაფაელი წმ. სიდონიას შესახებ წერს: „არსებობს გადმოცემა, რომ მეორედ მოსვლის დროს წმ. სიდონია კვართით ხელში გამოვა მაცხოვრის შესახვედრად, მისი მარადიული სიყვარულის დასტურად“.

წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები