უღელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უღელი

უღელი - „ხართა ქედსადები“ (საბა). სამეურნეო პირობებიდან გამომდინარე საქართველოში მრავალი დანიშნულების უღელი დასტურდება. ესენია: სამარხილე, სალაჩქიმე, საკალოე, სააჩაჩე, საყევრის, საწკეპი, საჯდომი, საძირე და სხვა

ამათგან გამოიყოფა უღელის სამი ტიპი: დიდი გუთნის, ორხელასი და აჩაჩისა, რომელთაგან პირველი შეესაბამება ბარის, მეორე - გარდამავალი ზოლის (მთასა და ბარს შორის მოქცეულ) და მესამე მთის მიწათმოქმედებას. უღლისთვის საუკეთესოა იფნის ან თელის ხე, რომელიც ფიცხი არაა და ხარს კისერს არ დასწვავს. უღლის ცენტრში კორაა დატანებული საზიდი ხელნების ღვედით მისაკვრელად და დასამაგრებლად. საქედური უღლის ის ნაწილია, რომელიც ხარს ქედზე ადევს სიმძიმის დასაძრავად. საქედური ბოლოებში გახვრეტილია ტაბიკებისთვის, რომლებიც ხარებს კისერზე ჩამოეცმება და ქვემოდან შეიკვრება ტყავის თასმებით (აპეურებით). დიდ გუთანში 8-10 წყვილი ხარი ებმოდა და მოხერხებულ უღელზე ბევრად იყო დამოკიდებული ხვნის ეფექტურობა. ძველი ცივილიზებული სამყარო იცნობს საქედურიან უღელს. საქართველოში ამგვარი უღლები შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება.

ეტიმოლოგიურად სიტყვა „უღელი“ ინდოევროპული წარმოშობის სიტყვაა და ფიქრობენ, რომ ადრეულ პერიოდში ჩვენში მის აღმნიშვნელად ტერმინი „ყევარი“ იყო დამკვიდრებული. აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ფშავი, ხევსურეთი), დასტურდება უღელთან დაკავშირებული საყურადღებო წეს-ჩვეულება - ე.წ. „უღელზე დატირება“. საქართველოს შუაბრინჯაოს ხანის მასალებში აღმოჩენილია უღელი, რომელიც მიცვალებულის კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ლიტერატურა

გ. ჩიტაია, ქართული უღელი, მსე, ტ. XIX, 1978. გ.გ. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები