ფავნუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფავნუსი(რომ.) ტყეთა და ველთა რომაული ღმერთი. მწყემსთა და არვეთა მფარველი. პიკუსისა და პომონას ძე. ლატინუსის მამა. მას პანთან და სილვანუსთან აიგივებდნენ.

რომაელებს სჯეროდათ, რომ ფავნუსი ოინებს უწყობდა და აშინებდა ტყეებში მიმავალ მგზავრებს. ზოგჯერ სახლებშიც შეიპარებოდა ხოლმე და ძილს უფრთხობდა ადამიანებს. მიუხედავად ამ მზაკვრული ხასიათისა, ფავნუსი მინდორთა და ველთა ნაყოფიერებაზე ზრუნავდა. მას მისნობის უნარიც ჰქონდა. მისი ორაკულები ტყის სიღრმეში მდებარეობდნენ. მომავლის შეტყობის მსურველები ფავნუსის საკურთხეველთან, მსხვერპლად შეწირულ ცხვრის ტყავზე მიიძინებდნენ, რათა ეხილათ გრძნეული სიზმარი. ამ პროცესს ინკუბაცია ეწოდებოდა. შესაძლოა, ამიტომაც შეარქვეს ფავნუსს მეტსახელად ინკუბუსი.

ფავნუსის პატივსადებად დეკემბერში ეწყობოდა ზეიმი, რომელსაც ფავნალიები ეწოდებოდა. ამ ღვთაებას მსხვერპლად სწირავდნენ თხებს, ხოლო ზედაშედ უღვრიდნენ რძესა და ღვინოს.

ანტიკურ ხელოვნებაში ფავნუსს გამოსახავდნენ კაცად, რომელსაც ჰქონდა თხის ჩლიქები, წაწვეტებული ყურები, ზოგჯერ რქებიც. მოგვიანებით მას მოცეკვავე ლამაზ ჭაბუკადაც წარმოადგენდნენ, რომელსაც ხელში ღვინით სავსე ფიალა ეჭირა. ფავნუსის სახემ მრავალი მხატვრისა თუ მოქანდაკის (რუბენსი, ბოკლინი, როდენი, პიკასო), კომპოზიტორისა (დებიუსი) თუ პოეტის ყურადღება მიიპყრო. გასაოცარი სიზუსტით აღწერს მას დიდი რუსი პოეტი ა. პუშკინი:

„Вдруг фавна зрит она.
Философ козлоногий
Под липою лежал
И пенистый фиал,
Венком украсив роги,
Лениво осушал“
(Фавн и пастушка.).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები