ფანდური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფანდური

ფანდური - სამსიმიანი, საქცევებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. საქართველოს ყველა კუთხეში იყო მეტ-ნაკლებად გავრცელებული. სხვადასხვა კუთხის ფანდურები ერთმანეთისაგან განსხვავდება გარეგნული ფორმით, საქცევების რაოდენობით (ორიდან შვიდამდე). მთის კუთხეების ფანდურები დიდი ზომისაა, ბარის კუთხეებისა - უფრო პატარა და თანაც უფრო დახვეწილია.

ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. მისი ტარი (ყელი) და კორპუსი (მუცელი) მთლიანია. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია, მასიური, ბრტყელი. სხვა კუთხეებისა - ნავისებური, ოვალური ან მსხლისებური ფორმისა. ფანდურის თავის ფორმა სხვადასხვაგვარია: ნიჟარისებური, ცხვრის ან გველის თავის ფორმისა. თავზე გაკეთებული აქვს სიმების მოსამართი მოქლონებისა (ჩხირები, ყურები, თითები, ჭალები) და საკრავის ჩამოსაკიდი თასმის გასაყრელი ნახვრეტები. ყელზე აქვს საქცევები (მალიკები, ფარდები) - ჭდეებში ჩასმული პატარა ჩხირი ყელის, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს ორ მეზობელ ბგერას. ხევსურულ ტრადიციულ ფანდურს ჰქონდა ორი საქცევი, ბარის კუთხეებისას - 6-7.

ფანდურის სიმების საყენებელს ჯორა ეწოდება, რომელიც სიმებს იჭერს გარკვეულ სიმაღლეზე თავფიცრის ზედაპირიდან. სიმები (ძალი, ალყა, ლარი, ძაფი) თანაბარი სიგრძისა და სისქისაა. ადრე მზადდებოდა ცხვრის ნაწლავებისაგან (ძალი). უკანასკნელ ხანებში ფაბრიკულ ძუას იყენებენ. ფანდურის გვერდები, ყელი, კორპუსი ხშირად ორნამენტირებულია მცენარეული სახეებით.

მუსიკალური ინსტრუმენტის ხარისხი ბევრადაა დამოკიდებული მასალაზე, რისგანაც იგი მზადდება. საქართველოს ყველა კუთხეში ფანდური მზადდება იმ ხისაგან, რომელიც მოცემულ რეგიონში ხარობს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში საუკეთესო მასალად ითვლება ბჟოლი (თუთა, ფურცელი), თავფიცრისათვის - ფიჭვი ან ნაძვი. ხეს ჭრიან ზაფხულში, ითვალისწინებენ მთვარის ფაზებს (სავსე მთვარისას), ექსპოზიციას (მზის მხარე).

ფანდური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკრავია საქართველოში. ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. ყიდვის დროს მისი ფასი ერთი ცხვრის ფასის ეკვივალენტი იყო. როგორც წესი ხევსურეთში ფანდურს გასაყიდად კი არ ამზადებდნენ, არამედ საჩუქრებად.

ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდებული ინახებოდა. დაკვრის წინ სიმებზე წაუსვამდნენ ნიორს კარგი ჟღერადობისათვის, განსაკუთრებით ნისლიან ამინდში, რადგან ასეთ დროს სიმებს სუსტი და დახშული ხმა ჰქონდა.

ფანდურზე უკრავდნენ ქალებიცა და მამაკაცებიც. ფანდური ძირითადად სიმღერის თანმხლები საკრავია. მისი თანხლებით სრულდება საგმირო, სატრფიალო, სახუმარო შინაარსის ლექსები. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ძირითადად საგმირო ჟანრის ლექსები იმღერება. ამ სიმღერებში მთელი ყურადღება გადატანილია სიტყვიერ ტექსტზე, ერთსა და იმავე მელოდიაზე სრულიად სხვადასხვა ტექსტი (ლექსები) სრულდება. მთაში სიმღერის ცოდნა ფაქტობრივად ლექსის ცოდნას ნიშნავს.

ფანდური მონაწილეობს იმ წეს-ჩვეულებებში, რომლებიც დაკავშირებულია „ბატონების“ კულტთან. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (ხევსურეთი) საინტერესოა ფანდურზე დაკვრის წესი ჯვარში წმინდა ლუდის დალევის რიტუალში. დღეობა, სადაც შეყრილი იყო სოფლის ჯარი (მამაკაცები), შედგებოდა შემდეგი თანმიმდევრული მომენტებისაგან: ჯარის საერთო ლოცვა, მიცვალებულთა „შანდობა“, „ფანდურის გატეხა“ და წმინდა ლუდის დალევა. ამ უკანასკნელს ახლდა ე.წ. „ფეხზე მღერა“ ან „თაოზა და ნამუსი“: ერთ-ერთი ზედამდეგი (ახალგაზრდები, რომლებიც ფეხზე მდგარნი ემსახურებოდნენ სუფრას) იღებდა ფანდურს, მოდიოდა სუფრის ბოლოს და ფეხზე მდგომი ან ცალ მუხლზე ჩოქით იწყებდა დაკვრასა და სიმღერას. ეს იყო ძველებური საგმირო სიმღერა, ხოლო დანარჩენი ახალგაზრდები, მდგომარენი იმეორებდნენ გუნდურად თითოეულ სტროფს. ამავე დღეობაზე ერთ-ერთ მომენტს წარმოადგენდა „თასებში მოგონება სახელის ჩამდენი კაცისა“. ამ რიტუალური სმის დროს სოფლის ჯარი იგონებდა ამა თუ იმ გვარის წარმომადგენელთ გმირობას. ერთ-ერთი უფროსთაგანი ადგებოდა ადგილიდან, აიღებდა ფანდურს და სუფრის ბოლოს ცალ მუხლზე ჩოქით იწყებდა დაკვრასა და სიმღერას იქ მყოფი რომელიმე გვარის წინაპრის გმირობის შესახებ; როდესაც ტექსტს ნახევრამდე შეასრულებდა, ადგებოდა სხვა „მეთასე“, გააგრძელებდა სიმღერას და ლუდით სავსე თასით ხელში მიუახლოვდებოდა დაჩოქოლს, ეს უკანასკნელი სიმღერას უკეთებდა აკომპანემენტს, რომელიც მღერით მიუახლოვდებოდა მას, მიუტანდა თავის თასს პირთან და თავის ხელიდან შეასმევდა სასმელს. როდესაც დაჩოქილი თასს დაცლიდა, „მეთასე“ ბრუნდებოდა თავის ადგილას. ახლა ადგებოდა მეფანდურე, ავსებდა თავის თასს ლუდით, მივიდოდა იმასთან, ვინც მას დაალევინა და ეტყოდა: „ჯვარ დაგიწერას ღმერთმ!“, მობრუნდებოდა უკან, ისევ დაიჩოქებდა და განაგრძობდა შეწყვეტილ დაკვრას და მღერას. „მეთასენი“ წარმოთქვამდნენ დროდადრო: „აი დიდხანამც იმღერ!“. სიმღერის დასრულებისას მეფანდურე დგებოდა და ხმამაღლა წარმოთქვამდა: „აი თქვენი გამარჯვებისა!“. ამის შემდეგ რომელიმე სხვა უფროსთაგან გაემართებოდა სუფრის ბოლოს, დაიჩოქებდა და ფანდურის თანხლებით დაიწყებდა სხვა საგვარო საგმირო სიმღერას. ახლაც იგივე ეტიკეტი განმეორდებოდა და გრძელდებოდა „პატივის მიტანა“. საგმირო ლექსებს ფანდურზე ამღერებდნენ დასტურები ხატის//ჯვარის შენობაში, სხვადასხვა რიტუალის მსვლელობისას. მათში მოთხრობილია ხატის ყმათაგან რომელიმეს მიერ ჩადენილ საგმირო საქმეთა შესახებ. ხატში ფანდურის დაკვრა დასტურდება თუშურ ქორბერეღაშიც (ქორბეღელა ორსართულიანი ფერხულია, სარიტუალო, სრულდება მხოლოდ მამაკაცთა მიერ). ფანდური მწყემსებს მიჰქონდათ ცხვარში, შედარებით თავისუფალ დროს გასართობად. ფანდური თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო. მგლოვიარე ოჯახში ფანდურს გადამალავდნენ და „წლის ხარჯამდე“ არ გამოაჩენდნენ. წლისთავზე, სუფრასთან ოჯახის უფროსი თავად აიღებდა ხელში ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს და ვინმეს გადასცემდა. ამის შემდეგ „ლხინი გატეხილი“ იყო. ამ წესს ხევსურეთში ლხინის გატეხა // ფანდურის გატეხა ეწოდება. ფანდურის სინონიმად „ჩონგურიც“ გვხვდება, მაგრამ ეს ხდება მოგვიანო ხანაში. ჩონგური ფანდურის მონათესავე, მაგრამ რამდენადმე განსხვავებული საკრავია (ჩონგური).

ლიტერატურა

  • დ. არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, 1940.
  • მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები