ფარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარი

ფარი - ცივი იარაღისაგან თავდასაცავი საომარი საჭურველი. მზადდებოდა ხისგან, ტყავისგან, აგრეთვე ლერწმისგან, ლითონის და სხვა მასალისგან.

სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა ფორმის ფარი ჰქონდა, რაც იცვლებოდა ეპოქების მიხედვითაც. ძველ შუამდინარეთში ჰქონდათ ხის, სპილენძის ფირფიტებგადაკრული ოთხკუთხა ფარები, რომში გავრცელდა ცილინდრული ფორმის ფარები. IX-X-XIII საუკუნეებში ევროპაში შემოიღეს ადამიანის სიმაღლის ნუშის ფორმის ფარები, რომლებზეც გამოსახული იყო მებრძოლის საკუთარი ემბლემა. თქმულების თანახმად, კოლხეთის მეფე აიეტს ტყავის ფარი ჰქონდა

ქართული ფარი

ქართული ფარები ფორმების მიხედვით ძირითადად მრგვალია, ფარის ასეთი ფორმა ძველთაგანვე მომდინარეობს და საქართველოში არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. (კაჭრეთის რ-ნში აღმოჩნდა ბრინჯაოს მრგვალი ფორმის ფარი ძვ.წ. აღ. XII-XIV სს.), დამზადების ტექნოლოგიის (მასალის) მიხედვით გამოიყოფა სამი ტიპი: ხის ფარი ტყავგადაკრული, ტყავის ფარი ლითონითვე შეკრულ-შეჭედილი და ლითონის ფარი ლითონითვე შეკრულ-შეჭედილი. ასეთია მაგალითად ხევსურული ფარი, რომლის მასალად გამოიყენებოდა ტყავი და ლითონი. ფარის ტყავ-ლითონი ერთმანეთთან მჭიდროდ არის მიკრული ლითონის თავკოპლიანი და ბოლოგაბრტყელებული სამსჭვლებით. ფარის დამზადება დიდ დახელოვნებასა და გამოცდილებას მოითხოვდა. ხევსურები ფარის დასამზადებლად იყენებდნენ ხარის გავის „ნეჯების“ ტყავს. არსებობდა აგრეთვე დიდი ზომის ფარი (დელამფარი), რომელიც სხვადასხვა თქმულებებსა და ხალხურ პოეზიაშიც დასტურდება. მაგ., „გადაჯე თავის ლურჯასა, აიღი დელამფარია“. ფარის აღმნიშვნელ ტერმინად ძველ ქართულში გვხვდება „დარაკა“. საბას მიხედვით „ვეშაკაპანიც“ ფარის ერთ-ერთი სახეობაა.

ნაციონალური ფარის ორიგინალურ ნიმუშს წარმოადგენს სვანური ფარი, რომელიც 1925 წელს სვანეთიდან, სოფ. სასაშის ეკლესიიდან ჩამოიტანა გ. ჩიტაიამ. აღნიშნული ფარი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. ფარი ტყავისაა, რომელიც ხეზეა გადაკრული. მისი დიამეტრი 50 სმ-ია. ტყავზე სხივთა კონად განლაგებულია ლითონის წვრილი ზოლები, რომლებიც თავს იყრის ფარის ცენტრში, ლითონის გუმბათში, რაც ერთად აღებული მზის სახეს ქმნის. ლითონის წვრილი ზოლები ტყავში ჩამაგრებულია სამ-სამი სამსჭვალით. სამსჭვლების ადგილი წარმოადგენს ოთხკუთხა ფორმის ფირფიტებს, რომელიც თავის მხრივ ქმნის სამ კონკრეტულ წრეს. ფარს კიდეზე შემოვლებული აქვს ლითონის კოპლები. ფარს შიგნითა მხარეს აქვს ტყავის სახელური - საბღუჯი. ეს ფარი სვანებს ეკლესიის კედელზე ჰქონდათ ჩამოკიდებული და როგორც საკრალურ ნივთს ინახავდნენ, მხოლოდ დღესასწაულებზე გამოჰქონდათ გარეთ და ისარს ესროდნენ. ფეოდალური საქართველოს ოჯახების ცენტრალური კედლის მთავარ მორთულობასაც ფარ-ხმალი წარმოადგენდა, რაც იარაღისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას უსვამს ხაზს.

შუა საუკუნეების არაბი ავტორები აღმ. საქართველოს ერთ ნაწილში ასახელებენ „ყარაყალღანების“ ომს (ქართულად - „შავფაროსანი ხალხი“). ხევსურული ფარის დამზადების ტექნოლოგიისა და ფორმის მიხედვით საფიქრებელია, რომ ყარაყალღანების ქვეშ აღმოსავლეთ მთიანეთის მოსახლეობა, კერძოდ ხევსურები, ივარაუდებოდეს. მით უმეტეს, რომ XVII საუკუნეში არაგვის ხეობებში მცხოვრებ ხალხს ყარაყალღანებს უწოდებდნენ.

ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები