ფაღავა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ფაღავა

ფაღავა გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე (XII.1895, ქ. ქუთაისი - 30.VIII.1924, ქ. სუზდალი) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში თავადის ოჯახში. საშუალო განათლება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. უმაღლესი განათლების მისაღებად კი სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1913 წ-დან იყო რსდმ პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი. სტუდენტობის პერიოდში არაერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციისას იმყოფებოდა მოსკოვში. ვიქტორ ნოზაძესთან ერთად დეპეშით აცნობა საქართველოსა და მის პარტიულ ამხანაგებს მეფის რეჟიმის დამხობა და მეფის გადადგომა.

1917 გარკვეული პერიოდი მუშაობდა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტში „ოზაკომში“, სადაც აკაკი ჩხენკელის მდივნის თანამდებობა ეკავა. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების საზეიმოდ გახსნის სხდომაზე, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის უხუცესი წევრი სილიბისტრო ჯიბლაძე თავმჯდომარეობდა, გოგიტა ფაღავა, როგორც კრების ყველაზე ახალგაზრდა, ასრულებდა მდივნის მოვალეობას. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კვოტით იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პარტიულ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხშირად მოგზაურობდა რეგიონებში პროპაგანდისტული საქმიანობის გასაწევად. მონაწილეობდა რაჭასა და ლეჩხუმში არსებული ადმინისტრაციის კრიზისის შემსწავლელ დელეგაციაში. იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი და მდივანი, აქტიურად მონაწილეობდა გვარდიის სხვადასხვა სამაზრო ნაწილების ფორმირებისა და მათში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების საქმეში.

1921 წლის თებერვალში იბრძოდა ოკუპაციის წინააღმდეგ და ფრონტის ხაზზე ამხნევებდა ქართული შეიარაღებული ძალების ნაწილებს.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად ებრძოდა საოკუპაციო რეჟიმს. 1921 წლის აპრილში საბჭოთა რეჟიმმა დააპატიმრა, ამავე წლის აგვისტოში ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს საპატიმროდან. შემდგომში მონაწილეობდა პარტიის არალეგალური ორგანიზაციების ქსელის შექმნაში. 1922 წლის აპრილიდან იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის წევრი. ემიგრაციიდან დაბრუნებული ნოე ხომერიკის დაპატიმრების შემდეგ გახდა წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი პოლიტიკური ლიდერი და დამკომის თავმჯდომარე, ეფექტურად მართავდა არალეგალურ და საიდუმლო ორგანიზაციების ქსელს. 1924 წლის თებერვალში საბჭოთა საგანგებო კომისიამ ფარულ ბინაში დააპატიმრა. საბჭოთა სამსახურები მისგან ფარული ანტისაბჭოთა საქმიანობის აღიარებასა და მონანიებას მოითხოვდნენ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს. 1924 წლის ივნისში სხვა სოციალ-დემოკრატ ლიდერებთან, ბ. ჩხიკვიშვილთან, ნ. ხომერიკთან, ერთად მოათავსეს სუზდალის საპატიმროში. 1924 წლის აჯანყების მიმდინარეობისას ფელიქს ძერჟინსკის სანქციით სხვა სოციალ-დემოკრატ ლიდერებთან ერთად დახვრიტეს. დახვრეტისა და დაკრძალვის ზუსტი ადგილი უცნობია.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, № 57, 1920, №266.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გოგიტა ფაღავა‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები