ფერაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ფერაძე

გრიგოლი, (ფერაძე, ივერიელი), 13.09.1899, სოფელი ბაკურციხე, სიღნაღის მაზრა, ტფილისის გუბერნია, – 06.12.1942, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, პოლონეთი), საქართველოსა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წმ. მღვდელმოწამე (ხსენ. დღე 23.11), არქიმანდრიტი, მეცნიერ-თეოლოგი, ბონის, ლუვენის, კრაკოვის, ოქსფორდისა და ვარშავის უნივერსიტების პროფესორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდელ რომანოზ (რომან) ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში. 1905 წ. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედა ოჯახით თბილისში გადავიდა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემათა ნაწილი რომანოზის ძმამ გიორგიმ ითავა, რომელიც თელავის მაზრის სოფელ ყვარლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1913 წ., თბილისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლიმა სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც გაიცნო სემინარიის რექტორი კ. კეკელიძე, რამაც მისი სამეცნიერო შეხედულებების ფორმირებას დიდად შეუწყო ხელი. გრიგოლს დაევალა ქალაქის მფარველის, წმ. აბო თბილელის ეკლესიის მშენებლობისთვის სახსრების შეგროვება.

1918 წ. მან სასულიერო სემინარია დაამთავრა და სახელმწიფოს ხარჯზე (რადგანაც სასულიერო სემინარიის საუკეთესო მოსწავლე იყო), ჩააბარა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იმავდროულად მუშაობდა მასწავლებლად გორის მაზრის სოფელ ზემო ხანდაკში.

1919 წ. გრიგოლი ჯარში გაიწვიეს. 1921 წ. თებერვალ-მარტში გრიგოლი ძმებთან, არჩილთან (დახვრიტეს 1937) და ვასილთან ერთად ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა. 1921 წ. 25 თებერვალს ბოლშევიკების რაზმები თბილისში შევიდნენ. კ. კეკელიძის დახმარებით გრიგოლი დაემალა მართლმსაჯულებას და სოფ. მანავში დაიწყო მასწავლებლობა.

1921 წ. შემოდგომაზე გარეკახეთის სამღვდელოებამ გრიგოლი გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე თავის წარმომადგენლად მიავლინა, სადაც კ. კეკელიძისა და მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) შუამდგომლობით, მისი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის საკითხი დაისვა. გრიგოლის ბედით თვით კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) და საქართველოში მცხოვრები გერმანელ მოღვაწე ა. ლაისტი დაინტერესდნენ, რომელთა მხარდაჭერითაც გრიგოლი ღვთისმეტყველების შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა.

მოღვაწეობა საზღვარგარეთ

გერმანელი თეოლოგის, „აღმოსავლური სამისიონერო საზოგადოების“ („ორიენტალმისსიონ“) დამაარსებლის, ი. ლეპსიუსის ხელშეწყობით, 1922 წ. მაისში გრიგოლი ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც 1925 წ. 29 აპრილს ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა და გერმანელი ორიენტალისტის, ჰ. ჰუსენის ხელმძღვანელობით სწავლა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა. 1926 წ. თებერვლის ბოლოს მან იქვე წარადგინა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ბერმონაზვნობის ისტორია მისი დასაწყისიდან 1064 წლამდე“. ამ ნაშრომისთვის მას 1927 წ. 17 დეკემბერს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1926-1927 წწ., ბრიუსელში, ცნობილი ორიენტალისტის, პ. პეეტერსის ხელმძღვანელობით გრიგოლი აღმოსავლურ ენებში იღრმავებდა ცოდნას, ესწრებოდა ლექციებს ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში. ამ დროისთვის ის უკვე შესანიშნავად ფლობდა ძველ ებრაულ, სირიულ, არაბულ, კოპტურ, ძველბერძნულ., ლათინურ, სომხურ, სლავურ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.

1927 წ. აპრილში გრიგოლს დაენიშნა ერთწლიანი სტიპენდია ინგლისში, სადაც შეისწავლა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები. 1928 წ., მუშაობა დაიწყო ბონის უნივერსიტეტში, ჯერ ქართული და სომხური ენების ლექტორად, ხოლო შემდეგ ქართულ-სომხური ფილოლოგიის პრივატ-დოცენტად.

1927 წ. ლოზანაში გამართულ კონფერენციაზე გრიგოლი საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად მიიწვიეს; 1928 წ. ბონში ორიენტალისტთა შეკრებაზე მისი მოხსენების შემდეგ გამოიტანეს რეზოლუცია ქართული ლიტერტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და გერმანიის უნივერსიტეტებში მისი სწავლების აუცილებლობის შესახებ. 1930 წ. მონაწილეობა მიიღო ვენაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში, საიდანაც ის გრაცში გაემგზავრა და ადგილობრივ ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერებს გაეცნო.

იმავე წელს გრიგოლმა გამოაქვეყნა ნაშრომები: „Die Probleme der georgischen Evangelienubersetzung“ //ZNW.1930. Bd. 29. H. 3-4. S. 304-309 (ქართული სახარების თარგმანების პრობლემები); „Der Heilige Georg im Leben und in der Frommigkeit des georgischen Volkes: ein religions-geschichtli- cher»// Der Orient. 1930. Bd. 12. H. 2. S. 45-52 (წმ. გიორგი ქართველი ხალხის ცხოვრებასა და რწმენა-წარმოდგენებში), „Das Monchtum in der orientalischen Kirche“// Ibid. H. 3. S. 85-89 (ბერმონაზვნობა აღმოსავლურ ეკლესიაში); „Das Monchtum in der georgischen Kirche“// Ibid. H. 6. S. 178-182 (ბერმონაზვნობა ქართულ ეკლესიაში).

გრიგოლს სამშობლოში დაბრუნების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. 1921 წ. მას შემდეგ რაც საბჭოთს საკონსულოში პასპორტი ჩამოართვეს, ის ლტოლვილის საბუთებით სარგებლობდა. 1926 წ. მან კიდევ ერთხელ მიმართა განცხადებით საბჭოთს საკონსულოს, რათა მისთვის საქართველოში დაბრუნების უფლება მიეცათ, მაგრამ უარი მიიღო.

1929 წელს მისი თაოსნობით პარიზში წმ. ნინოს ეკლესია დაარსდა, რომელიც ქართველ ემიგრანტთა თავშეყრის ცენტრად იქცა.

1931 წლის 18 აპრილს, ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა, ხოლო 19 აპრილს მისი დიაკვნად ხელდასხმა მოხდა. 25 მაისს პარიზში, წმ. სტეფანე პირველწამებულის ბერძნულ ტაძარში, მღვდლად ეკურთხა და წმ. ნინოს ქართული ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც 31 მაისს პირველი წირვა ჩაატარა.

1931 წელს გრიგოლმა პარიზში ქართულ ენაზე დააფუძნა სამეცნიერო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, სადაც თავის სტატიებსაც აქვეყნებდა წერილები ჩვენი წარსული ცხოვრებიდან: წმ. გიორგი ქართველი ხალხის შემოქმედებაში: ქართველთა კერპთაყვანისმცემლობის შესახებ // 1932, №2., XVIII ს-ის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ქრონიკა // 1934, №4 და სხვ.).

1933 წელს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპ. დიონისე ვალედინსკის მიწვევით, გრიგოლი ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი თეოლოგიის ფაკულტეტის პატროლოგიის პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი გახდა. 1933 წლის 7 დეკემბერს მან ვარშავის უნივერსიტეტში წაიკითხა პირველი ლექცია „პატროლოგიის ცნება, მისი მიზანი და მეთოდები მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში“. ვარშავაში გრიგოლი მსახურობდა წმ. მარიამ მაგდალინელის ეკლესიაში. 1934 წ. 8 მაისს მიტროპოლიტმა დიონისემ ის მიტრით დააჯილდოვა.

წმ. გრიგოლის (ფერაძე) ხატი

1934 წლის 5 იანვარს ლონდონის წმ. სოფიის საკათედრო ტაძარში გრიგოლს არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა. ამ პერიოდიდან იწყება მისი მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართული სიძველეების მოსაძიებლად და შესასყიდად. ამ სამეცნიერო მივლინებებს იგი საკუთარი ხელფასიდან დანაზოგი თანხით აფინანსებდა.

პარალელურად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, გრიგოლი კვლავ მოძღვრავდა პარიზის წმ. ნინოს ეკლესიის მრევლს. იგი ლექციებს კითხულობდა ქართული კულტურის შესახებ. 1932 წლის ნოემბერში იაგელონის უნივერსიტეტის (კრაკოვი) სტუდენტებისთვის მან წაიკითხა ლექცია „საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურა“, შეისწავლა თავად ჩარტორისკების საბიბლიოთეკო კოლექციების ძველქართული ხელნაწერები და შეადგინა მათი პირველი კატალოგი და აღწერილობა. შემდეგ წელს ლექციები წაიკითხა სორბონასა და დუბლინში.

1935 წელს გრიგოლმა სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო რუმინეთსა და ბულგარეთში (Die Einflusse der georgischen Kultur auf die Kultur der Balkanvolker: Eindrucke von einer Reise durch Rumanien, Griechenland und Bulgarian // Der Orient. 1936. Bd. 18. H. 1. S. 1-9; Udzial Gruzji w dziejach kultury duchowej na Balkanach // Wschood-Orient. 1936. T. 7. Zesz. 1. S. 56-64; Georgian Influences on the Cultures of the Balkan Peoples // Geogrica. L. 1936. T. 1. N2/3. P. 14-23), 1936 ათონის მთაზე, წმ. მიწასა და სირიაში (Zdziennika podrozy po Ziemii Swietej i Syrii: 5.VII-28. IX.1936) // Polska Stronica Slowa. 1938. 30 janv. Zesz. 5/6. S. 6-7. 13 fev. Zesz. 7/8. S.4-6; 27 fev. Zesz. 9. S. 6-7. 27 mr. Zesz.. 12/13. S. 5-7; 10 apr. Zesz. 14/15. S. 5-6; 24 apr. Zesz. 16/17. S. 7-8; 6 maj. Zesz. 18/19. S. 6-8), 1937 წ. იტალიასა და ავსტრიაში.

აღნიშნული ექსპედიციების დროს გრიგოლმა ქართული კულტურის არაერთ ნიმუშს მიაგნო. განსაკუთრებით ფასეული იყო XI საუკუნეში მოღვაწე ბიზანტიის დიდი დომესტიკოსის – გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ დაარსებული პეტრიწონის (ამჟ. ბაჩკოვოს) მონასტრის ტიპიკონის ქართული ხელნაწერის აღმოჩენა სოფიის საჯარო ბიბლიოთეკაში; დიდი მოწამეების - ანტონის, იოანესა და ევსტათის წამების ბერძნული ვერსიის მიგნება ათონის მთაზე.

წმ. მიწაზე მოგზაურობის „მოგონებები“ გრიგოლმა პოლონურ ჟურნალ „სლოვოში“ გამოაქვეყნა, სადაც დოკუმენტური სიზუსტით წარმოაჩინა ქართველთა მოღვაწეობა წმ. მიწაზე V-XIX სს-ში. გარდა ამისა, მან ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების ე. წ. „ტიშენდორფისეული“ ნუსხა.

გრიგოლი იყო ვარშავის სამეცნიერო საზოგადოების აღმოსავლეთის კომისიისა და რამდენიმე სხვა პოლონური და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი.

1937 წ., როდესაც მთელ მსოფლიოში ფართოდ აღინიშნებოდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის იუბილე, გრიგოლმა ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ერთბაშად სამი ნაშრომი უძღვნა და ვარშავაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებაც წაიკითხა.

მიტროპოლიტმა დიონისემ, როგორც ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი თეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ორჯერ დააყენა გრიგოლის კანდიდატურა ექსტრაორდინარული პროფესორის წოდების მინიჭების თაობაზე, მაგრამ უნივერსიტეტის საერო ხელმძღვანელობა უარყოფდა ამ წინადადებას. გრიგოლი მიტროპოლიტ დიონისეს უახლოესი თანაშემწე და მრჩეველი გახდა, რომელსაც მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა სურდა.

გრიგოლი ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და პოლონურ ენებზე გამოქვეყნებული 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო. მას ეკუთვნის არაერთი გამოკვლევა ლიტურგიკაში, ბიზანტიურ ქართულ, იერუსალიმურ ღვთისმსახურებაზე, ეკლესიის ძველ ისტორიასა და მონაზვნობაზე, პატროლოგიაზე, ძველ ქართულ ლიტერატურასა და ხელნაწერთა ისტორიაზე. გრიგოლს მართლმადიდებელი, პროტესტანტი და კათოლიკე მკვლევართა მასალების გამოყენებით სურდა პატროლოგიის სახელმძღვანელოს დაწერა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გრიგოლს პოლონეთი არ დაუტოვებია: მან უარი განაცხადა ვარშავიდან გამგზავრებულიყო 1939 წ. 8 სექტემბერს, როდესაც გერმანელებით ალყაშემორტყმულ ქალაქს უცხოელები ტოვებდნენ. იმავე წლის ოქტომბერში არ წავიდა ბიზანტინისტების კონგრესზე ალჟირში. ვარშავის უნივერსიტეტი დაიხურა და გრიგოლს შესთავაზეს ლექციები წაეკითხა ბერლინში, რაზეც უარი განაცხადა.

ოკუპაციის დროს გრიგოლი სწავლობდა ქართულ ხელნაწერებს, რომლებიც მის სახლში ინახებოდა, მუშაობდა მთარგმნელად ვარშავის მართლმადიდებელ სამიტროპოლიტოში, ეხმარებოდა ებრაელებს, მალავდა მათ საკუთარ სახლში (ბრუკოვის ქუჩა, 22) ეწეოდა ანტიფაშისტურ აგიტაციას ე.წ. კავკასიის ლეგიონებში, რომლებიც 1941 წ. შემდეგ ვერმახტმა საბჭოთა ტყვეებისგან შექმნა, ასევე გერმანიის არმიაში მყოფ ქართველებს შორის.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები

1941 წლის იანვარში კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელობამ მოხსენება შეადგინა იმის თაობაზე, რომ ომამდე გრიგოლი პოლონეთის დაზვერვის აგენტი იყო, მაგრამ გერმანელები, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ პოლონეთის არქივებზე, დარწმუნდნენ ბრალდების სიყალბეში და გაათავისუფლეს გრიგოლი. 1942 წლის მაისში გრიგოლის ბინაში გესტაპოს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოები მიუგდეს, მასზე კი მეორე პატაკი შეთხზეს ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. ჩხრეკის შემდეგ მისი ბინიდან გაქრა ძველი ქართული ხელნაწერები, აგრეთვე ძველი ქართული საეკლესიო ნივთები.

გრიგოლი პავიაკის (ვარშავა) ციხეში ჩასვეს და აწამეს. გარკვეული პერიოდის მანძილზე მე-5 სატრანსპორტო და შრომით განყოფილებებში თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. 1942 წლის 20 ივნისს მან ვარშავის სამიტროპოლიტოს დიაკონ გიორგი ბერკმან-კარენინს მისწერა წერილი, რიმელიც ანდერძი უფრო იყო: ითხოვდა, მისი ბიბლიოთეკა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ხოლო ქართული წიგნები, საბუთები და ხატები ქართული ეკლესიისთვის გადაეცათ; ნივთები კი გაეყიდათ და აღებული თანხით სამრევლოს ობოლ ბავშვთა სახლს დახმარებოდნენ. იმავე წლის ნოემბერში გრიგოლი ოსვენციმის (აუშვიცი) საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.

არსებობს გრიგოლის გარდაცვალების სამი ვერსია. ერთის მიხედვით, ის მოკლეს გაზის კამერაში, რომელშიც საკუთარი ნებით შევიდა მრავალშვილიანი ებრაელის ნაცვლად. მეორე ვერსიით, გერმზნელი ოფიცრის მკვლელობისთვის (ან პურის ქურდობისთვის) ყველა პატიმარი გაშიშვლებული უნდა მდგარიყო ყინვაში მანამდე, სანამ დამნაშავე არ აღიარებდა ჩადენილ საქციელს. რიგიდან გამოვიდა გრიგოლი გერმანელებს უნდოდათ, რომ ძაღლებს დაეგლიჯათ, მაგრამ ცხოველები მას არ მიეკარენ. მაშინ ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. მესამე ვერსია, რომელიც მკვლევრებს ყველაზე ნაკლებად დამაჯერებლად მიაჩნიათ, დაკავშირებულია მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკთან, სადაც გრიგოლი პავიაკიდან უნდა გადაეყვანათ.

1942 წ. 11 დეკემბერს ვარშავის სამიტროპოლიტოს დიაკონმა გიორგიმ ოსვენციმის კომენდანტის დეპეშა მიიღო გრიგოლის გარდაცვალების შესახებ. ვარშავის მართლმადიდებელმა სამიტროპოლიტომ 15 დეკემბერს კომენდანტს გაუგზავნა თხოვნა, შეეტყობინებინათ მისი გარდაცვალების მიზეზი, თარიღი და გადაეცათ ურნა მისი ნეშტით. ოსვენციმიდან მოვიდა პასუხი, რომ გრიგოლი გარდაიცვალა ბანაკში, 1942 წ. დეკემბერს. წამებულის ნეშტს ვერ მიაკვლიეს.

1995 წ. 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ გრიგოლი წმინდანთა დასს მიაკუთვნა. კანონიზაცია აღიარა პოლონეთის ავტოკეფალიურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და გრიგოლის სახელი დიპტიქში ჩაწერა.

გრიგოლის სახელი ამოკვეთილია ვარშავის უნივერსიტეტის შესასვლელთან ომის დროს დაღუპულ პროფესორთა საპატივცემულოდ გაკეთებულ სამახსოვრო დაფაზე, ასევე ვარშავის ღირსი იოანე სინელის ტაძრის კედელზე მოთავსებულ, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლიდან დაღუპულთა მოსახსენებელ დაფაზე. 1996 წ. რეჟისორებმა – ე. ლიუბახმა და თ. დულარიძემ გრიგოლის შესახებ შექმნეს დოკუმენტური ფილმი „თეთრი ანგელოზის ძიებაში“. 1998 წ. ვარშავაში შეიქმნა გრიგოლის სახელობის საძმო, რომელსაც სათავეში მღვდელი ჰენრიკ პაპროცკი ჩაუდგა. ის მრავალი წლის განმავლობაში წმინდანის ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესწავლის საქმეს ემსახურებოდა. გგრიგოლს მიეძღვნა 2002 წ. დეკემბერში შექმნილი აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის განყოფილება და ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგთა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, ასევე საქართველოში მოქმედი, პოლონური წარმოშობის ექიმთა საზოგადოება. ვარშავის უნივერსიტეტთან შექმნილია გრიგოლის მიერ პოლონურ ენაზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების გამოცემის კომიტეტი.

გრიგოლის მოწაფეები იყვნენ ნიკოლოზ ლენჩეველი, პროტოპრესვიტერი ვიტალი ბოროვოი, სრულიად პოლონეთისა და ვარშავის მიტროპოლიტი ვასილი (დოროშკევიჩი), ისტორიკოსი ა. გეიშტორი და სხვ.

გ. საითიძე

ლიტერატურა

  • ლენჩევსკი მ., არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, „ჯვარი ვაზისა“, 1983, №2;
  • მელია ი., მამა გრიგოლ ფერაძის ტრაგიკული აღსასრულის 40 წლისთავისათვის, „გუშაგი“, 1985, №4,7, 1987, №12;
  • რელიგია, 1992, №6;
  • საითიძე გ., წმ. მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), „არტანუჯი“, 2003, № 11;
  • საუნჯე, 1983, №4; 1985, №5;
  • საღვთისმეტყველო კრებული, 1985, №1;
  • შარაძე გ., გრიგოლ ფერაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, თბ.,1993;
  • Дуларидзе Т., Странник: жизни и смерти пастыря Г. Перадзе, Pyccкая мысль, 1995, № 4086.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები