ფერხული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერხული – ქართული ხალხური საფერხულო ტიპის ცეკვა. სულხან-საბა ორბელიანი ფერხულს განმარტავს როგორც „მრგვალათ წყობას“. ქართული ფერხული უმეტესწილად ორ-გუნდოვანი სიმღერით სრულდებოდა. თითოეულ გუნდს თავისი მთქმელი ანუ მოძახილი ჰყავდა. ქართული ფერხული წრისებურად მოძრაობს ჯერ ერთი, ხოლო შემდგომ მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს.

ძველ ქართულ სანახაობათა დასაბამად მიჩნეულია ერთპირი ფერხული, რომელსაც თავისი მოძახილი ანუ მოლექსე (ჰანგისა და სიტყვების მთქმელი) ჰყავდა.

უძველეს ორპირ საფერხულო სანახაობებში თითოეული ნახევარმწყობრი მთლიან კოლექტივს განასახიერებდა. მაგალითად, საქორწილო ფერხისში „ქალტაციობა“ პირველი მწყობრი სასიძოს ოჯახის სახელით ლაპარაკობდა და მოქმედებდა, ხოლო მეორე მწყობრი კი, საპატარძლოს გვარს და ოჯახს წარმოადგენდა.

საფერხულო სანახაობათა განვითარების შემდგომ საფეხურზე, ფერხულისა თუ ფერხისის თითოეულ ნახევარმწყობრში მთავარი მოქმედი პერსონაჟი გამოიყოფა, რომელიც ჯერ კიდევ საფერხულო მწყობრში რჩება. ასეთია, მაგალითად, შავბნელ ძალებთან მზის ქალღვთაება ბარბარის ბრძოლის ამსახველი საფერხულო მისტერია „ნიშხა-ნიშხა“.

ფერხულის წრის შიგნითა და ფერხისას მწკრივთაშუა მოთამაშეთა გამოყოფამ, თანდათან შეამცირა საფერხულო და საფერხისო მწყობრის როლი. ნაყოფიერების ღვთაება კვირიას სადიდებელ მისტერიაშიმურყვამობა“, საფერხულო მწყობრი მისტერიის დამთავრებისას გამოჩნდება, როდესაც კეისრისა და საქმისაის შებმა მთავრდება.

გვიანდელ საფერხულო სანახაობებში მწყობრი, უმეტესწილად, მთხრობელობით ფუნქციას ასრულებდა და მაყურებელს სიმღერით აუწყებდა იმას, რასაც წრისშიგნითა და მწკრივთაშორის მდგარი მოთამაშენი პანტომიმურად ასახიერებდნენ. მაგალითად, დიდი თონეთის დათო-ბერიკულ სანახაობაში, რასაც საფერხულო მწყობრი და მისი მოლექსე მოუთხრობს მაყურებელს, წრისშიგნითა ბერიკა იმასვე წარმოადგენს პანტომიმურად.

საფერხულო მწყობრი, ხშირად, თავის დამოკიდებულებას განსახიერებულის მიმართ დაუფარავად ამხელს. ამის მაგალითია „ადრეკილაის“ ფერხული. მას შემდეგ, რაც მოპირისპირე მხარეთა შებმის ინსცენირება მთავრდება, მწყობრი დამარცხებულ მხარეს დასცინის.

საფერხულო მწყობრი მოქმედ პირებს მოსალოდნელ ამბავს უწინასწარმეტყველებს. მაგალითად, ფერხულში „შავლეგო”, დატყვევებულ შავლეგოს მწყობრი სიმღერით ამცნობს მის დასახსნელად წამოსული ძმების მოახლოებას. საფერხულო მწყობრი ზოგჯერ მეტ აქტიურობასაც იჩენს და წრისშიგნითა მოქმედებაშიც მონაწილეობს. საფერხულო სანახაობაში „ძაბრალე“, როდესაც წრისშიგნითა მოთამაშე ბოროტი ძალის წინააღმდეგ შეტევაზე გადადის, მას მთელი საფერხულო მწყობრი ეშველება მტარვალის განადგურებაში, რაც შემდგომ გამარჯვების საზეიმო ცეკვით მთავრდება.

ქართულ ფერხულთა შორის არის ისეთი წყობაც, რომელიც ბერძნული კომედიური ქოროს წყობას შეესატყვისება. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის მიერ აღწერილი „სამაია“, რ. ერისთავის მიერ აღწერილი „ქალტაციობა“ და ს. მაკალათიას მიერ აღწერილი „ოხოხოია“ ამ ფერხულთა შინაარსიც და შესრულებაც კომიკურია. (დ. ჯანელიძე)



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები