ფეხბურთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარელიეფი, ძვ.წ. IV საუკუნე. ათენი, არქეოლოგიური მუზეუმი

ფეხბურთი − (ინგლ. Football < fo-of– ფეხი, Ball – ბურთი). ყველაზე გავრცელებული და პოპულარული გუნდური თამაში.

სარჩევი

ისტორია

კალჩოს თამაში ფიორენტინაში, პიაცა, სანტა კროჩეს მოედანი 1680 წელი

ფეხბურთის მსგავსი თამაშის კვალი ნაპოვნია ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში (ეგვიპტე, ჩინეთი), ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. 180 წლით დათარიღებულ ბერძნულ ლექსიკონში (პოლუქსი) აღწერილია ბურთით თამაშის ერთ-ერთი ნაირსახეობა: მოთამაშენი ორ გუნდად იყოფოდნენ და ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანას ცდილობდნენ. თანამედროვე რაგბის მსგავსად, ნებადართული იყო ძალისმიერი ილეთები, მაგრამ ხელით თამაში იკრძალებოდა.

ფეხბურთის წესების პირველი კრებულის გარეკანი. 1863 წელი

ინგლისური წყაროებით, დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე ბურთის ფეხით თამაში IX საუკუნეში გავრცელდა. თამაშობდნენ ყველგან – ქალაქებში, სოფლებში, დღესასწაულებზე, თუმცა ხანდახან ზოგჯერ ორი 500-კაციანი გუნდის შეჯიბრება მუშტი-კრივით მთავრდებოდა და არა კარში ბურთის გატანით. ამიტომ, 1313 წელს ინგლისის მეფე ედუარდ II-ის ბრძანებულებით თამაში აიკრძალა: „რადგან დიდი ბურთის გორება ხმაურსა და ალიაქოთს იწვევს, ვკრძალავ ბურთაობას ქალაქის ფარგლებში“, როგორც ჩანს, ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან 1389 წელს კიდევ ერთმა მეფემ, რიჩარდ II-მ, ურჩ მობურთალებს სასჯელი გაუმკაცრა და მათთვის სიკვდილით დასჯა დააწესა. ეს კანონი მხოლოდ 1603 წელს გაუქმდა.

ფეხბურთის განვითარების ახალი ეტაპი იწყება XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან, როცა ინგლისის კერძო სკოლების ფიზიკური აღზრდის პროგრამაში ბურთის ფეხით თამაშიც შეიტანეს და პირველი ტურნირები მოაწყვეს. 1857 წლის 24 ოქტომბერს ინგლისში შეიქმნა პირველი ფეხბურთის კლუბი („შეფილდ ფუტბოლ კლაბი“). 1863 წლის 8 დეკემბერს ლონდონში გამოქვეყნდა თამაშის პირველი წესები, რომელიც 6 მუხლისგან შედგებოდა: 1. მოედნის სიგრძე – არაუმეტეს 200 იარდისა (183 მ), სიგანე – არაუმეტეს 100 იარდისა (91,5 მ), კარის ორ დგარს (უძელოდ) შორის მანძილი – 8 იარდი (7,32 მ); 2. გუნდები მხარეებს ცვლიან ყოველი გოლის შემდეგ; 3. კარი აღებულად ითვლება, თუ ბურთმა გაიარა ძელებს შორის (წარმოსახვითი გაგრძელების ჩათვლით); 4. გვერდით ან პირით ხაზს გარეთ ბურთს თამაშში აბრუნებს ის გუნდი, რომლის ფეხბურთელიც მასთან ყველას მიასწრებს; 5. ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დარტყმის მომენტში მეტოქის კართან დამრტყმელ თანაგუნდელზე ახლოსაა, თამაშგარე მდგომარეობაში ითვლება და ბურთის მიღება ან მეტოქისთვის ხელის შეშლა ეკრძალება; 6. ნებადართულია ბურთის ხელით დაჭერა ან შეხება, მაგრამ აკრძალულია ბურთით ხელში მოძრაობა და ბურთის ხელით გადაცემა.

დიდი ბრიტანეთის ფეხბურთის ნაკრები -1908 წლის ლონდონის თამაშების ჩემპიონი

რაგბისაგან ფეხბურთის საბოლოოდ გამიჯვნის მოსურნეებმა საწადელს 1869 წელს მიაღწიეს, როცა ხელით თამაში თვით მეკარეებისთვისაც კი აიკრძალა. მხოლოდ 1871 წელს დართეს მეკარეს ნება, თავის ბაქანზე ხელით ეთამაშა, 1902 წელს კი ეს წესი მთელ საჯარიმოზე გავრცელდა. კიდევ შვიდი წლის შემდეგ მეკარეს განსხვავებული ფორმით თამაში დაევალა, 1933 წელს კი ინგლისის თასის გათამაშების ფინალში გუნდები პირველად გამოვიდნენ დანომრილი მაისურებით, რაც ოფიციალურად 1939 წელს დაკანონდა.

1878 წელს საფეხბურთო მინდორზე პირველად გამოჩნდა მსაჯი – მანამდე ის თამაშს მოედნის გარედან ადევნებდა თვალს და სადავო სიტუაციებს მხოლოდ მოთამაშეთა თხოვნის შემდეგ აგვარებდა. 1891 წელს საფეხბურთო კარს პირველად გაუკეთეს ბადე, შემოიღეს 12-იარდიანი (10,97 მ) დარტყმა (პენალტი), მსაჯს კი ორი თანაშემწე დაუნიშნეს.

დეჟიო ნიკვაკი (საფრანგეთი)

უნივერსალურობისა და ხელმისაწვდომობის გამო, ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. გახშირდა საერთაშორისო შეხვედრები, რასაც სათავე დაუდო 1872 წლის 30 ნოემბერს ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნულ გუნდებს შორის გლაზგოში გამართულმა მატჩმა. იმავე წელს მოეწყო ინგლისის თასის პირველი გათამაშება (მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირი). 1885 წელს ინგლისშივე დაკანონდა პროფესიონალური ფეხბურთი. საერთაშორისო ფედერაციის ჩამოყალიბებამ (1904 წლის 21 მაისი) კიდევ უფრო გაააქტიურა საფეხბურთო ცხოვრება, მსოფლიოს ჩემპიონატის შემოღებამ კი (1930-დან) ფეხბურთი პლანეტაზე ყველაზე პოპულარულ თამაშად აქცია. 1950-იანი წლებიდან შეჯიბრებათა კალენდარს შეემატა კონტინენტური ჩემპიონატები, პრესტიჟული საკლუბო ტურნირები და ახალგაზრდული პირველობები.

XX საუკუნის ბოლო ოცწლეულში ფართოდ გავრცელდა ქალთა ფეხბურთიც. პირველი ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი 1900 წლის პარიზის ოლიმპიადაზე გაიმართა. ჩატარდა სულ 2 საჩვენებელი მატჩი 3 გუნდის (თანაც საკლუბო გუნდების) მონაწილეობით, თუმცა, მოგვიანებით, სოკ-მა ამ ტურნირს ოლიმპიური სტატუსი მიანიჭა, ჩემპიონად კი დიდი ბრიტანეთის ნაკრები გამოცხადდა. 1932 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის გარდა, კაცთა ფეხბურთი ყველა თამაშების პროგრამაში იყო შეტანილი.

მეორე მსოფლიო ომამდე განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა 1924 და 1928 წლების ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირები, რომლებიც მომავალი პირველი მსოფლიო ჩემპიონის, ურუგვაის ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა. ომის შემდგომ ოლიმპიადებში წარმატებას უმეტესად სოციალისტური ქვეყნების გუნდები აღწევდნენ, ვინაიდან წმინდა სამოყვარულო ოლიმპიურ ტურნირებში ამ ქვეყნების ოფიციალურად მოყვარული, ფაქტობრივად კი, პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ფიფა-ს გადაწყვეტილებით, 1960 წლიდან ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალათ წინა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს, რამაც პრობლემა ვერ გადაჭრა, ტურნირის მნიშვნელობა კი დააკნინა. ვითარება გამოსწორდა 1980-იან წლებში, როცა ოლიმპიური თამაშების კარი პროფესიონალებისთვისაც გაიღო. 1992 წლიდან ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირებში თამაშის უფლება მხოლოდ 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს ჰქონდათ, 1996 წლიდან კი გუნდებს 3 ასაკოვანი მოთამაშის დამატების უფლება მიეცათ. იმავე წელს შედგა ფეხბურთელ ქალთა ოლიმპიური დებიუტი.

ფეხბურთი საქართველოში

ავთანდილ ღოღობერიძე (მარცხნიდან მეორე)ჰელსინკი, 1952 წელი

ისევე, როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ფეხბურთი საქართველოშიც ინგლისელებმა შემოიტნეს. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ჩამომდგარი ბრიტანული გემების მეზღვაურები ერთმანეთში ხშირად თამაშობდნენ „ფუტბოლს“, რომელიც მალე ქართველმა ლელობურთელებმაც დააჭაშნიკეს და სწრაფადაც შეითვისეს. ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის გაიმართა ჩვენში პირველი საფეხბურთო მატჩი, თუმცა ფაქტია, რომ სპორტის ეს სახეობა ქართულ პრესაში პირველად 1890 წელს მოიხსენიება.

ზღვისპირეთიდან ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მალე მისი განვითარების ცენტრად თბილისი იქცა. 1906 წელს სწორედ დედაქალაქში ჩამოყალიბდა „ბურთის ფეხით მოთამაშეთა“ პირველი გუნდი. ამ საქმის თაოსანი იყო ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ პრეზიდიუმის წევრი ადოლფ ელზენგერი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები.

პირველ ხანებში ფეხბურთში შეხვედრებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და უმთავრესად გიმნაზიელთა ექსკურსიებზე ტარდებოდა, თუმცა მალე ვითარება შეიცვალა. 1907 წლის 23 თებერვალს თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ განიხილა ფეხბურთელთა პირველი ოფიციალური გუნდის „კომეტის“ განცხადება და მცირე შეზღუდვებით მისი წესდებაც დაამტკიცა. ამის მიუხედავად, თბილისში საფეხბურთო მატჩის გამართვა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ვინაიდან „კომეტას“ მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. 1908-09 წლებში ფეხბურთელთა გუნდები შეიქმნა თბილისის სასწავლებლებში. 1909 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისში ექსკურსიაზე მყოფმა თბილისის ვაჟთა I და II გიმნაზიების გუნდებმა საქართველოში პირველი ოფიციალური საჩვენებელი მატჩი გამართეს. შეხვედრა კაზაკთა პოლკის მოედანზე მოეწყო და მას ქუთაისის გუბერნატორიც კი ესწრებოდა. 1912 წელს ჩატარდა თბილისის პირველობა, რომელიც გიმნაზიის გამარჯვებით დამთავრდა. ამავე ხანებში ათეულობით გუნდი ჩამოყალიბდა სოხუმში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. მართალია, პირველი მსოფლიო ომის დროს საფეხბურთო ცხოვრების რიტმი შესამჩნევად შეიცვალა, დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921) ასამდე გუნდი მაინც არსებობდა, მაგრამ იმ დროს ჩვენში ვერ შეიქმნა ერთიანი საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც ფიფაში გაწევრიანებას შეძლებდა.

მურთაზ ხურცილავა (ბურთით) გდრ-ს ნაკრებთან ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში. მიუნხენი 1972

1924 წლისთვის საქართველოში უკვე 120 გუნდი იყო, თუმცა უმრავლესობას სავარჯიშოდ მუდმივი ადგილი არ ჰქონდა და არც მწვრთნელი ჰყავდა. 1925 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, 6 გუნდის მონაწილეობით. ფინალში თბილისის ნაკრებმა აფხაზეთის ნაკრებს 3:1 მოუგო. იმავე წლის ნოემბერში შეიქმნა თბილისის „დინამო“, რომელიც 1936-1989 წლებში ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა სსრ კავშირის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. პირველი მატჩი სსრკ უმაღლეს ლიგაში „დინამომ“ 1936 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, კიევის „დინამოსთან“ გამართა (2:2). იმ პირველ სეზონში ქართულმა გუნდმა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და თასის გათამაშების ფინალშიც გავიდა. ქართველ ფეხბურთელთა პირველმა თაობებმა ვერ შეძლეს საკავშირო ჩემპიონატისა და თასის მოგება, თუმცა „დინამო“ ყოველთვის ითვლებოდა სსრკ ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ და თვითმყოფად გუნდად. სწორედ იმ დროს, მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდში, „დინამოში“ თამაშობდა არაერთი გამოჩენილი ფეხბურთელი: ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ბერძენიშვილი, ავთანდილ ღოღობერიძე და სხვები.

პირველი დიდი წარმატება დინამოელებმა 1964 წელს იზეიმეს, როცა ტაშკენტში გამართულ „ოქროს მატჩში“ 4:1 დაამარცხეს მოსკოვის „ტორპედო“ და სსრკ ჩემპიონობა მოიპოვეს. იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსი სპეციალისტი გავრილ კაჩალინი იყო. მეორედ და უკანასკნელად კი „დინამომ“ სსრკ ჩემპიონატი მოიგო 1978 წელს, როცა გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა. სწორედ ახალკაცის თავკაცობით მოიპოვა ჩვენმა გუნდმა სხვა დიდი წარმატებებიც: 1976 და 1979 წლებში – საბჭოთა კავშირის თასი, 1981 წლის 13 მაისს კი – ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამ ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“, სადაც „დინამომ“ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა.

საბჭოური დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები სსრკ ნაკრების ღირსებას იცავდნენ. სხვადასხვა დროს ამ გუნდის კაპიტნები იყვნენ მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე. მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და გივი ჩოხელი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ (1960), გელა კეტაშვილმა კი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა (1988).

თბილისის „დინამოს“ გარდა, სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა დროს კიდევ 4 ქართული გუნდი გამოდიოდა (თბილისის „ლოკომოტივი“, თბილისის „სპარტაკი“, ქუთაისის „ტორპედო“ და ლანჩხუთის „გურია“), თუმცა დინამოდელთა მსგავსი წარმატებისთვის მათგან არც ერთს არ მიუღწევია.

1990 წლის 15 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – ყველა ქართულ გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. იმავე წელს გაიმართა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი და თასის გათამაშება.

ორწლიანი იზოლაციის შემდეგ, 1992 წლის 25 თებერვალს, ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ დროებით წევრად მიიღო, იმავე წლის 3 ივლისს კი მუდმივი წევრის სტატუსიც მიანიჭა. მალე სფფ უეფაშიც გაწევრიანდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში გამოდის, საკლუბო გუნდები კი ევროთასების გათამაშებებში მონაწილეობენ.

არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია და თამაშობს უცხოური კლუბებში. მათგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია კახა კალაძემ, რომელმაც იტალიის „მილანის“ შემადგენლობაში ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი.

წესები

ოლიმპიური ჩამპიონი გელა კეტაშვილი ფინალურ მატჩში ბრაზილიელთა ლიდერს - რომარიოს მეურვეობდა. სეული 1988 წელი

ოფიციალური მატჩები იმართება ბალახის საფარიან მინდორზე, გამონაკლის შემთხვევაში – დახურულ მოედანზე. მოედნის სიგრძეა 90-120 მ, სიგანე – 45-90 მ (ყველაზე გავრცელებული ზომებია 105X70 მ). მოედანი შემოსაზღვრულია 15 სმ სიგანის თეთრი ფერის გვერდითი და პირითი ხაზებით, შუა ხაზით კი გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. მოედნის შუაგულში მონიშნულია ცენტრალური წრე (რადიუსი – 9,15 მ). პირითი ხაზების შუაში მაგრდება კარი ბადით: სიგანე – 7,32 მ. სიმაღლე – 2,44 მ. მეკარის ბაქნის ზომებია: სიგრძე - 7,32 + (5,5X2) მ, სიგანე – 5,5 მ. საჯარიმო მოედნის ზომები: სიგრძე – 7,32 + (16,5X2) მ, სიგანე – 16,5 მ. 11-მეტრიანის ნიშნულიდან საჯარიმო მოედნის გარეთ გავლებულია 9,15 მ რადიუსის ნახევარწრე.

ფეხბურთის ბურთი ტყავისაა და სფეროს ფორმა აქვს. წონა – 410-450 გ. გარშემოწერილობა – 68-71 სმ, წნევა – 0,6-1,1 ატმ.

ფეხბურთელის აუცილებელი ეკიპირებაა: მაისური, ტრუსი, გეტრი, საწვივე, ფეხსაცმელი.

თითოეულ გუნდში, მეკარის ჩათვლით, 11-11 ფეხბურთელია (მატჩი არ ჩატარდება, თუ რომელიმე გუნდში შვიდზე ნაკლები მოთამაშეა). თამაში შეიძლება სხეულის ნებისმიერი ნაწილით, გარდა ხელისა. ხელით თამაშის უფლება აქვს მეკარეს, ამასთან, მხოლოდ თავისი საჯარიმო მოედნის ფარგლებში. ნებადართულია მოთამაშეთა შეცვლა (შეცვლათა რაოდენობა განისაზღვრება დებულებით). შეხვედრის ხანგრძლივობა – 90 წუთი (ორი 45-45-წუთიანი ტაიმი 15-წუთიანი შესვენებით). მატჩი შეიძლება დამთავრდეს ერთ-ერთი გუნდის გამარჯვებით ან ფრედ. ბურთი გატანილად ითვლება, თუ მთლიანად გადაკვეთს ძელებით და ხარიხით შემოსაზღვრულ კარის ხაზს (სივრცეს).

მატჩის მსვლელობას აკონტროლებს მსაჯი, რომელიც თანაშემწეებთან ერთად უსრუნველყოფს წესების დაცვას, მსაჯის გადაწყვეტილება საბოლოოა. ფეხბურთში ერთ-ერთი ძირითადია „თამაშგარე მდგომარეობის“ წესი. ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაშია, თუ მეტოქის პირით ხასთან ის უფრო ახლოსაა, ვიდრე ბურთი და მოწინააღმდეგე გუნდის ბოლოსწინა მოთამაშე. ეს წესი არ მოქმედებს კარიდან ბურთის დარტყმის, აუტისა და კუთხურის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ფეხბურთელი ბურთს მეტოქისგან იღებს ან პასიურ მდგომარეობაშია და პოზიციის წყალობით უპირატესობას არ ფლობს.

ლეონელ მესი პეკინი 2008 წელი

თამაშის წესების დარღვევის, აკრძალული ილეთების გამოყენებისა და არასპორტული საქციელისთვის გუნდი ისჯება საჯარიმო ან თავისუფალი დარტყმით.

საჯარიმო დარტყმა ინიშნება მეტოქის მოცელვის, ფეხის ან ხელის კვრისა და ჩარტყმის (ან ამის მცდელობის), ხელით დაჭერის, არასწორად შესრულებული ფეხვარდნის, ბურთის განზრახ ხელით თამაშის შემთხვევაში. თუ მოთამაშემ საკუთარი საჯარიმო მოედნის ფარგლებში ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე წესი დაარღვია, ინიშნება 11-მეტრიანი დარტყმა (პენალტი).

თავისუფალი დარტყმა ინიშნება სახიფათო თამაშის, მეტოქის წინსვლის ბლოკირების, მეკარეზე თავდასხმის შემთხვევებში. თავისუფალი დარტყმით ისჯება მეკარეც, თუ: ბურთს ხელში 6 წამზე მეტხანს გააჩერებს; ხელიდან გაშვებულ ბურთს ისევ ხელით შეეხება; პარტნიორის მიერ ფეხით მიწოდებულ ბურთს ხელში აიღებს; დროს განზრახ აჭიანურებს.

საჯარიმო და თავისუფალი დარტყმები სრულდება წესის დარღვევის ადგილიდან. უშუალოდ საჯარიმო დარტყმიდან გატანილი ბურთი ითვლება, თავისუფალი დარტყმისას კი აუცილებელია ბურთი შეეხოს მინდვრის რომელიმე მოთამაშეს ან მეკარეს.

ყვითელი ბარათით (გაფრთხილება) მოთამაშე ისჯება: არასპორტული საქციელისთვის; მსაჯის გადაწყვეტილების დემოსტრაციული აპელირებისთვის; თამაშის წესების სისტემატური დარღვევისთვის; თამაშის განახლების განზრახ შეფერხებისთვის; საჯარიმო ან თავისუფალი დარტყმისას წესით გათვალისწინებული დისტანციის (9,15 მ) დაუცველობისთვის; მსაჯის ნებადაურთველად მოედნიდან გასვლის ან შემოსვლისთვის.

წითელი ბარათით (მოედნიდან გაძევება) მოთამაშე ისჯება: თამაშის წესების სერიოზული დარღვევისთვის; აგრესიული მოქმედებისთვის; განზრახ ხელით თამაშისთვის, რაც მეტოქეს ხელს შეუშლის გოლის გატანაში; აშკარა საგოლე პოზიციაში მყოფი მეტოქის ისეთი აკრძალული ხერხით შეჩერებისთვის, რომლისთვისაც დაწესებულია საჯარიმო დარტყმა ან პენალტი; შეურაცხმყოფელი ქცევისა და უწმაწური სიტყვებისთვის; ერთ მატჩში ორი გაფრთხილებისთვის.

კარიდან დარტყმა ინიშნება, თუ ბურთმა მთლიანად გადაკვეთა (მიწაზე ან ჰაერში) პირითი ხაზი და მას ბოლოს შეეხო შემტევი გუნდის ფეხბურთელი. დარტყმა სრულდება მეკარის ბაქნის ნებისმიერი ადგილიდან. თუ პირითი ხაზიდან გასულ ბურთს ბოლოს შეეხო მომგერიებელი გუნდის მოთამაშე, ინიშნება კუთხური დარტყმა, რომელიც სრულდება უახლოესი კუთხური ალმის სექტორიდან. თუ ბურთმა მთლიანად გადაკვეთა გვერდითი ხაზი, მოწინააღმდეგე გუნდს ეძლევა აუტის უფლება. აუტიდან ბურთი თამაშში შემოაქვთ ხელით, გვერდითი ხაზის გადაკვეთის ადგილიდან.

იხილე აგრეთვე

ფეხბურთის თამაშის წესები


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები