ფეხნერი გუსტავ თეოდორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხნერი გუსტავ თეოდორ

ფეხნერი გუსტავ თეოდორ - Fechner Gustav Theodor, Фехнер Густав Теодор, 1801-1887

გერმანელი ფიზიკოსი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და მწერალი-სატირიკოსი, ფსიქოფიზიკის ფუძემდებელი. დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარა. ჰქონდა სამედიცინო განათლება, თუმცა ახალგაზრდა ფეხნერმა სახელი გაითქვა, როგორც ბრწყინვალე ფიზიკოს-ექსპერიმენტატორმა. მან ჩაატარა მნიშვნელოვანი კვლევები ელექტრობასა და ოპტიკაში. ოპტიკური კვალის მოვლენის შესწავლისას, ფერადი ლინზებით მზის ხშირმა მზერამ, მას მხედველობა დაუზიანა. ამას დაერთო ინტენსიური მუშაობით გამოწვეული დეპრესია. ხანგრძლივმა ავადმყოფობამ ძირეულად შეცვალა ფეხნერის მსოფლმხედველობა - მას რელიგიურ-ფილოსოფიური ცნობიერება გაუღრმავდა და გაეზარდა ინტერესი სულის პრობლემატიკის მიმართ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1844 წელს ფეხნერმა უარი თქვა ფიზიკოსის აკადემიურ კარიერაზე და მთლიანად ფილოსოფიაზე გადაერთო. ფეხნერის პანფსიქისტური შეხედულების თანახმად, ცნობიერება გამსჭვალავს სამყაროს. ყოველივე არსებული სულიერია. სული და სხეული განუყოფელია, ესაა არა „სხვადასხვა სუბსტანცია, არამედ ერთი და იმავე პირველარსების (ღმერთის) გამოვლინების ორი ფორმა”. რაკი სულის მოვლენები, მატერიალურის მსგავსად, რეალურია, შესაძლებელი უნდა იყოს მათი გაზომვაც. როგორც გამოცდილი ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფეხნერი ეძებდა თავისი შეხედულების მეცნიერულ საფუძველს. ასეთი გახდა აზრი, რომლის თანახმად ფიზიკური ენერგიის (გამღიზიანებლის) მატება შესატყვისი ფსიქიკური ინტენსივობის (შეგრძნების) საზომად შეიძლება იქნეს გამოყენებული. აქედან მოყოლებული დაიწყო სისტემატური მუშაობა შესაბამისი ფიზიკური და ფსიქიკური მოვლენების ურთიერთმიმართების შესასწავლად. ფეხნერმა დააზუსტა ცნებები, მკაფიოდ გამოკვეთა შეგრძნების ზღურბლის სახეობები; შეიმუშავა მათი გაზომვის მეთოდები, რომლებიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ოქროს ფონდში შევიდა; ჩამოაყალიბა ამ გაზომვათა განმაზოგადებელი მათემატიკური აპარატი - ფორმულები; ჩაატარა კლასიკური ექსპერიმენტები სიმძიმის, შეხებისა და მხედველობის შეგრძნებათა მოდალობებში (სულ დაახლოებით 25000 ფსიქოფიზიკური ცდა). ამ გრანდიოზული კვლევა-ძიების შედეგები აისახა კლასიკურ თხზულებაში „ფსიქოფიზიკის ელემენტები” (1860). ამ წიგნს, ფსიქოლოგიის ისტორიკოსების ნაწილი, ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ექსპერიმენტული დარგის, ათვლის წერტილად მიიჩნევს.

ფეხნერის ფსიქოფიზიკა გარე გამღიზიანებლის (მატერიალური) და შეგრძნების (სულიერი) ინტენსივობათა მიმართებას ეხება. ეს მიმართება ჩამოყალიბებულია ე.წ. ფსიქოფიზიკის ძირითადი კანონის სახით (იგივე ფეხნერის კანონი), რომლის თანახმადაც შეგრძნების ინტენსივობა გამღიზიანებლის სიდიდის ლოგარითმის პროპორციულია {ფსიქოფიზიკა}.

ფსიქოფიზიკის შემდეგ ფეხნერის ინტერესი ექსპერიმენტული ესთეტიკისკენ მიიმართა. თავისი საერთო ექსპერიმენტულ-მათემატიკური მიდგომა მან ხელოვნების ობიექტების შესადარებლად გამოიყენა და ცდილობდა, მოენახა იმის ფორმულა, თუ რომელი ობიექტები და რა თვისებების გამო აღიქმება, როგორც სასიამოვნო, ჰარმონიული, ლამაზი. ფეხნერმა დაიწყო წიგნების, აგურების, ფანჯრების, ბანქოს ქაღალდების, სხვადასხვა მართკუთხა საოჯახო ნივთების, აგრეთვე ხელოვნების ნაწარმოებთა (მაგ., მადონას გამოსახულებათა) გულმოდგინე გაზომვა იმ პროპორციის გასარკვევად, რომელიც ჰარმონიის სასიამოვნო გრძნობას იწვევს. გამოირკვა, რომ ასეთია ე.წ. ოქროს კვეთის პროპორცია:


(a /b ) = b /(a + b ), ანუ დაახლოებით 0,618.


ფეხნერის ღვაწლი უდიდესია ფსიქოლოგიის განვითარების საქმეში. დ. უზნაძის შეფასებით, „ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ისტორიაში ფსიქოფიზიკური საკითხების კვლევამ სრულიად განსაკუთრებული როლი შეასრულა: ექსპერიმენტი პირველად ამ გზით შეიჭრა ფსიქოლოგიაში და მთელი ათეულიწლების განმავლობაში საკითხების დაყენებასა და მათი კვლევის წესს, საზოგადოდ, ფსიქოფიზიკური განწყობა ქმნიდა. ადვილი გასაგებია, რომ ამ პირობებში ყველაზე უფრო დასრულებული და დამუშავებული მეთოდიკა ფსიქოლოგიაში სწორედ ფსიქოფიზიკას ეკუთვნის”.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები