ფიგურული ციგურაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველი ოლიმპიური თამაშების მედალოსნები. მარცხნიდან: ჰერმა საბო (უნგრეთი), მტელ მაკელტი (დიდი ბრიტანეთი) და ბეატრიკს ლაფრანი (აშშ). შამონი, 1924 წელი

ფიგურული ციგურაობა – ზამთრის სპორტის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სახეობა. გამოირჩევა საინტერესო მხატვრული პროგრამით, ყინულზე სრიალის მრავალფეროვანი ტექნიკური ელემენტებით, ნახტომისა და ტრიალის კომბინაციებით.

სარჩევი

ისტორია

ყინულზე ციგურებით ჰოლანდიაში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში სრიალებდნენ. 300 წლის შემდეგ, XIX საუკუნის 40-იან წლებში, ფიგურული ციგურაობა სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ჯერ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, შემდეგ კი — აშშ-სა და კანადაში. 1850 წელს ამერიკელმა ედუარდ ბუშნელმა პირველმა გამოიყენა ფოლადისპირიანი ციგურები, რამაც გააადვილა ყინულზე მოხვევა და ტრიალი. მეორე ამერიკელმა, ბალეტმაისტერმა ჯეკსონ ჰეინსმა, რომელიც XIX საუკუნის 60-იან წლებში ვენაში ცხოვრობდა, ფიგურულ ციგურაობაში ბალეტისა და ცეკვის ელემენტები დაამკვიდრა. 1865 წელს სანქტ-პეტერბურგში მოეწყო პირველი საციგურაო მოედანი. იმავე პერიოდში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაიხსნა ფიგურული ციგურაობის ათეულობით კლუბი. 1872 წელს ვენაში გაიმართა პირველი შეჯიბრება თანამედროვე ფორმულით: მონაწილენი ორკესტრის თანხლებით ჯერ სავალდებულო ფიგურებს ასრულებდნენ; შემდეგ კი — ნებისმიერ პროგრამას. 1892 წელს შეიქმნა ციგურაობის საერთაშორისო კავშირი (ISU), რომელშიც გაერთიანდნენ მრბოლელებიც და ფიგურისტებიც, ოთხი წლის შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგში მოეწყო მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი (კაცები, ერთეულთა თანრიგი). 1908 წელს ასევე სანქტ-პეტერბურგში გათამაშდა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მედლები წყვილთა სრიალში. ერთეულთა თანრიგში ქალთა პირველ მსოფლიო ჩემპიონატს 1906 წელს შვეიცარიის ქალაქმა დავოსმა უმასპინძლა. 1948 წელს ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა ცალკე სახეობად გამოყო წყვილთა ცეკვა, 1952 წლიდან კი იგი მსოფლიოს ჩემპიონატების პროგრამაშიც შეიტანა.

ერთეულთა თანრიგში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (2014, 2018), იაპონელი იუძურუ ჰანიუ

დროთა განმავლობაში დაიხვეწა სრიალის ტექნიკა, საგრძნობლად გაიზარდა სისწრაფე, პროგრამა შეივსო რთული და ორიგინალური ელემენტებით.

ფიგურული ციგურაობის ოლიმპიური ისტორია იწყება 1908 წლიდან. ზაფხულის IV ოლიმპიური თამაშების (ლონდონი) პროგრამაში 4 დისციპლინა შეიტანეს. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: კაცებში — ულრიხ სალხოვი (შვედეთი), ქალებში — მეჯ საიერსი (დიდი ბრიტანეთი), წყვილებში — ანა ჰიუბლერი და ჰაინრიხ ბიურგერი (გერმანია), სპეციალური ფიგურების შესრულებაში — ნიკოლაი პანინ–კოლომენკინი (რუსეთი). 1920 წელს ფიგურისტები კვლავ გამოჩნდნენ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (ანტვერპენი, VII ოლიმპიადა), ზამთრის პირველი ოლიმპიადიდან (1924, შამონი) კი ფიგურული ციგურაობა ამ თამაშების პროგრამაშია. 1976 წელს (ინსბრუკი) ოლიმპიურ სახეობად აღიარეს წყვილთა ცეკვა.

ფიგურული ციიგურაობა საქართველოში

2006, 2010 და 2014 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ელენე გედევანიშვილი

საქართველოში ფიგურულ ციგურაობას 60 წლის ისტორია აქვს. ეს ისტორია იწყება 1960 წლის ივლისიდან, როცა მოსკოვიდან ჩამოსული ცნობილი მწვრთნელი ედუარდ პლინერი სათავეში ჩაუდგა ჩვენში სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ქართველი ფიგურისტები სარბიელზე პირველად გამოვიდნენ 1960 წლის 4 ნოემბერს (ვერის ბაღის კალათბურთის მოედნის ხელოვნურ ყინულზე, რომელიც საგანგებოდ მოამზადეს მოსკოვის საბალეტო დასის გასტროლებისათვის), იმავე წლის დეკემბრიდან კი ვარჯიში ბაკურიანში გააგრძელეს. საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა 1961 წელს. ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს ირინა არხანგელსკაიამ და ირაკლი ჯაფარიძემ, რომელმაც შემდეგ (1963) სსრ კავშირის ჭაბუკთა პირველობაც მოიგო. 1964 წელს თბილისში აშენდა საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ხელოვნურსაფრიანი საციგურაო დარბაზი. იქვე გაიხსნა სპორტული სკოლა (პირველი დირექტორი — ნოდარ ნათაძე), სადაც არაერთი ნიჭიერი მოციგურავე დაოსტატდა. ახალი თაობის ფიგურისტთა შორის გამოირ- ჩეოდნენ მარინე ცერცვაძე და ლია გაბელია. ცერცვაძემ საბჭოთა სპორტსმენთაგან პირველმა შეასრულა სამმაგი ბრუნი – სალხოვი (1973, როსტოვი, სსრკ ჩემპიონატი), ზედიზედ ორჯერ (1975, 76) მოიპოვა სსრკ თასი. 70-80-იან წლებში საბჭოურ და ევროპულ შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ონისე რუხაძე, ნელი დვალიშვილი, ანდრეი ტოროსიანი.

პირველი ფიგურისტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში (1994), იყო ბესარიონ ცინცაძე. შემდეგ სარბიელზე გამოჩნდა ვახტანგ მურვანიძე, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ტურნირში (1997) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სოლტ ლეიკ სიტის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში (2002) მე–17 იყო. 1999 წლიდან საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩაება საქართველოს პირველი მოცეკვავეთა წყვილი (თორნიკე ტუკვაძე, ტატიანა სინიავერი). მოგვიანებით, სპორტულ ცეკვებში დაწინაურდა ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის დუეტი, რომელიც 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიურ თამშებში გამოვიდა. სამ ოლიმპიადაში მონაწილეობდა ელენე გედევანიშვილი (საუკეთესო შედეგი - მე—10 ადგილი 2006 წლის თამაშებზე) ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზამთრის სახეობებში ევროპის ჩემპიონატებზე ორჯერ შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება.

ბოლო წლებში აქტიურად ამუშავდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, რომელსაც სათავეში უდგას მარიამ გიორგობიანი. საქართველოს რამდენიმე ქალაქში მოეწყო ყინულის მოედნები, დაიწყო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების საციგურაო დარბაზის მშენებლობა, გაიზარდა ფიგურულ ციგურაობაში მოვარჯიშეთა რიცხვი. მათ შემოუერთდა რამდენიმე ქართველი მოციგურავე, რომლებმაც პირველი სპორტული ნაბიჯები სხვა ქვეყნებში გადადგეს. მათ შორის არის მორის ყვითელაშვილი - 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის თამაშების მონაწილე.

წესები

ფიგურული ციგურაობის ოლიმპიურ პროგრამაში შედის 5 დისციპლინა: კაცთა და ქალთა ინდივიდუალური სრიალი, წყვილთა სრიალი, სპორტული ცეკვები და გუნდური სრიალი.

შეჯიბრება ტარდება ყინულით დაფარულ მოედანზე, რომლის მაქსიმალური სიგრძეა 60 მ, სიგანე — 30 მ, მინიმალური კი, შესაბამისად, 56 და 26 მ. პროგრამა სრულდება სპორტსმენის მიერ შერჩეული მუსიკის თანხლებით. ფოლადისგან დამზადებულ ციგურებს განსაკუთრებული ფორმა აქვს. ფიგურულ ციგურაობაში წყვილს ქალი და კაცი ქმნიან. გამოსვლისას მოციგურავეები ასრულებენ ნახტომებს (აქსელი, სალხოვი, ტულუპი, რიტბერგერი, ფლიპი, ლუცი), სხვადასხვაგვარ ტრიალს (დგომტრიალი, ჯდომტრიალი, მერცხალტრიალი, ნახტომ-ტრიალი და კომბინირებული ტრიალი) და ნაბიჯების თანამიმდევრობას (ნაკრებს). ყველა სახეობაში საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობისას სრულდება ორი პროგრამა: მოკლე, ანუ სავალდებულო პროგრამა და თავისუფალი პროგრამა. ერთეულთათვის და წყვილებისთვის მოკლე პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს


2,40 წუთს (შეიძლება ნაკლებიც) და შედგება შვიდი აუცილებელი ელემენტისგან რომლე— ბიც ერთმანეთთან ნაბიჯებით არის დაკა- ვშირებული. მოცეკვავეთა მოკლე პროგრამა (რითმული ცეკვა) კი გრძელდება 2,50 წუთს და შედგება 5 სავალდებულო ელემენტისაგან რომლებიც ასევე ნაბიჯებით უნდა იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან. თავისუფალი პროგრამის ხანგრძლივობა ყველა დისციპლინაში შეადგენს 4,00 წუთს (+/- 10 წამი). თითოეული დისციპლინისთვის განსაზღვრულია სავალდებულო ელემენტების რაოდენობა- შესრულებული პროგრამის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ერთი მხრივ ცალკეული ელემენტების შესრულების ხარისხი (ქულათა შემდეგი შკალის მიხედვით: -5, -4, -3, -2, -1, 0, +1, +2, +3, +4 +5), მეორე მხრივ, 5 კომპონენტი: სრიალის ოსტატობა, დამაკავშირებელი ნაბიჯები და მოძრაობები, პროგრამის შესრულება, ქორეოგრაფია, ინტერპრეტაცია (0,25-დან 10 ქულამდე). პროგრამაში შესრულებული ელემენტების ხარისხს და კომპონენტებს აფასებენ მსაჯები (7-9 ადამიანი). ელემენტების დონეებსა და ბრუნთა რიცხვს ადგენს ტექნიკური პანელი (3 ადამიანი).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები