ფილოსოფიური ანთროპოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფილოსოფიური ანთროპოლოგია საქართველოში - Philosophical Antropology in Georgia - Философская Антропология в Грузии
(ბერძ. phyl- მოყვარეობა + sofia სიბრძნე)
(ბერძ. anthropos ადამიანი + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში წარმოშობილი და შემდგომში ფილოსოფიის მიმართულებით განვითარებული ფილოსოფიური ანთროპოლოგია. ის, როგორც ფილოსოფიის დამოუკიდებელი დარგი, 1960-იან წლებში დამკვიდრდა. მანამდე მისი ცალკეული საკითხები არასისტემატურად განიხილებოდა ქართველ მოაზროვნეთა მიერ: გაბრიელ ქიქოძე, შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, კონსტანტინე კაპანელი. ადამიანის ბუნებაზე, მის სპეციფიკასა და თავისებურებებზე საინტერესოდ მსჯელობდა დიმიტრი უზნაძე თავის ადრინდელ ფილოსოფიურ თხზულებებში. „რკინის ფარდით” შემოსაზღვრულ საბჭოთა იდეოლოგიზებულ ფილოსოფიაში ანთროპოლოგია „ბურჟუაზიული მეცნიერების” გამოვლინებად მიაჩნდათ. 1960-იანი წლების ერთგვარი პოლიტიკური დათბობის პირობებში შესაძლებელი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში გახსნილიყო ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილება − პირველი და ერთადერთი მთელ საბჭოთა კავშირში. ის დააფუძნა აკადემიკოსმა ანგია ბოჭორიშვილმა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე თავისი განყოფილების თანამშრომლებთან და მოწაფეებთან ერთად (ო. ტაბიძე, გიორგი ცინცაძე, ვ. კაკაბაძე, რევაზ ბალანჩივაძე, არჩილ ბრეგაძე) დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან გადავიდნენ ფილოსოფიის ინსტიტუტში. შემდგომში მათ სხვებიც დაემატნენ: ნიკო ჭავჭავაძე, ზურაბ კაკაბაძე და სხვანი. ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში კარგად ჩახედული სპეციალისტების ამ ჯგუფმა ახალი მიმართულება შექმნა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში. მისი მაღალი მეცნიერული დონის აღიარება მოუწია იმათაც, ვინც საზოგადოდ არ იყო ამ დარგის მიმართ დადებითად განწყობილი − მოსკოველი მონაწილენი 1977 წელს თბილისში გამართული დისკუსიისა „ადამიანის პრობლემა” (მთელი საბჭოთა კავშირის მეცნიერთა მონაწილეობით). ა. ბოჭორიშვილის გარდაცვალების მერე ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილება წარმატებით მუშაობას განაგრძობდა, სანამ 2012 წელს, უკანონო პოლიტიკური წნეხის შედეგად, უდიდესი ტრადიციების მქონე სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი არ დაიხურა.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები