ფრანგიშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ფრანგიშვილი

ფრანგიშვილი ალექსანდრე − Prangishvili Alexander, Прангишвили Александр 1919-1989

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის ცნობილი წარმომადგენელი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1933-1937 წლებში მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიკურ ინსტიტუტში დეკანად და პრორექტორად. 1941 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ფსიქოლოგიის სექტორის, ხოლო 1943 წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სწავლულ მდივნად. დ. უზნაძის გარდაცვალების შემდეგ გახდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომელსაც 35 წელიწადს ხელმძღვანელობდა. 1941 წლიდან ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია, ხოლო 1958 წლიდან − ფსიქოლოგიის მეცნიერებთა დოქტორი და პროფესორი. 1974 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრია, შემდგომში აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი (1976-1989). ა. ფრანგიშვილი ცნობილია თავისი გამორჩეული საორგანიზაციო თვისებებით. იგი იყო დ. უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, მრავალი სამეცნიერო კრებულის რედაქტორი, ერთ-ერთი ინიციატორი ამიერკავკასიის ფსიქოლოგთა რეგულარული კონფერენციებისა. მიღებული აქვს რამდენიმე მაღალი სახელმწიფო და სამეცნიერო ჯილდო და პრემია, საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. მისი თაოსნობით ჩატარდა მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თბილისის საერთაშორისო კონფერენცია არაცნობიერის შესახებ (1979), რომლის მესვეურები იყვნენ თ. ბასინი, ა. შეროზია და ა. ფრანგიშვილი. ეს იყო გრანდიოზული მასშატაბის სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ თემატიკაზე მომუშავე მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები. თბილისში მისი ჩატარება კი აღიარება იყო იმ დამსახურებისა, რომელიც ფსიქოლოგიის ქართულმა სკოლამ არაცნობიერის კვლევის საქმეში შეიტანა. კონფერენციის მასალების კაპიტალური ოთხტომეული დღესაც სამაგიდო წიგნია ყველასთვის, ვინც არაცნობიერი ფსიქიკის ამა თუ იმ მხარეს შეისწავლის.

ა. ფრანგიშვილი, ფსიქოლოგიის ქართული სკოლის ერთერთი ლიდერი, აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ განხილვასა თუ დისკუსიაში, რომლებიც დ. უზნაძის გარდაცვალების შემდეგ, გაიმართა საბჭოთა ფსიქოლოგიაში განწყობის თეორიის გარშემო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ფსიქოლოგიის ეს მიმართულება გადაურჩა იდეოლოგიურ რეპრესიებს და წარმატებით განაგრძო განვითარება {საჯარო დისკუსიები განწყობის ფსიქოლოგიის ირგვლივ}. შემდგომშიც იგი ღირსეულად წარმოადგენდა ფსიქოლოგიის ქართულ სკოლას მაღალი დონის ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. მისი თავმჯდომარეობით გაიმართა ფსიქოლოგთა XVIII და XXII საერთაშორისო კონგრესებზე განწყობის თეორიის სიმპოზიუმების მუშაობა.

ა. ფრანგიშვილის კვლევის მიმართულებებია: განწყობის თეორია, ფსიქოლოგიის ისტორია და მეთოდოლოგია, ქართული ფსიქოლოგიის ისტორია, ფსიქოლინგვისტიკა, მეხსიერებისა და სწავლის ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია. მეორე მსოფლიო ომის წლებში ა. ფრანგიშვილმა დაამუშავა ომის ექსტრემალურ პირობებში წარმოქმნილი მასობრივი ფსიქიკური მოვლენების საკითხი, კერძოდ გამოიკვლია პანიკასთან დაკავშირებული პროცესები. ამ ნაშრომმა არსებითად სათავე დაუდო სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლევას საბჭოთა კავშირში. სოციალური ფსიქოლოგიის საკითხები შემდგომშიც იქცევდა ა. ფრანგიშვილის ყურადღებას. იგი აქტიურად იყო ჩართული სოციალურ განწყობათა და ატიტუდების პრობლემატიკის დამუშავებაში დ. უზნაძისეული განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის თვალსაზრისით.

ა. ფრანგიშვილი ამუშავებდა განწყობის ფსიქოლოგიის თეორიულ და მეთოდოლოგიურ საკითხებს, იკვლევდა ფსიქოლოგიის ამ მიმართულების განვითარების ისტორიას, რომლის თვითმხილველიც თავად იყო. ამავე დროს, იგი სისტემატურად შეისწავლიდა ფსიქოლოგიური აზრის ისტორიას საქართველოში ძველი დროიდან. ა. ფრანგიშვლმა საფუძველი დაუდო ეთნოფსიქოლოგიურ კვლევასაც. კერძოდ, ქართული ლექსიკური ფონდის ანალიზის საფუძველზე მან გამოავლინა ქართულ ენაში და ქართულ „ხალხურ ან ყოფით ფსიქოლოგიაში” იმპლიციტურად ნაგულისხმევი ცოდნის სისტემა. აღმოჩნდა, რომ ამ სისტემის შუაგული და ქვაკუთხედი არის სიტყვა „გული”. ა. ფრანგიშვილმა დაწვრილებით შეისწავლა „გულ-” ძირი ქართულ ენასა და მხატვრულ ლიტერატურაში, მათ შორის „ვეფხისტყაოსანში“. ფრანგიშვილის დასკვნით, „გულ-” ძირის უაღრესად ფართო და განტოტილი სემანტიკური ველი ძალიან ახლოსაა დ. უზნაძისეული „განწყობის” ცნების სემანტიკურ ველთან.

ა. ფრანგიშვილის კვლევების კიდევ ერთი ციკლი მიეძღვნა მეხსიერების, მოგონებაში დარწმუნებულობის, აღზრდის და სწავლის პრობლემატიკის დამუშავებას განწყობის ფსიქოლოგიის პოზიციებიდან. მან ემპირული მონაცემებით განამტკიცა დ. უზნაძის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ დარწმუნებულობის განცდას განწყობისეული მექანიზმი განაპირობებს. ეს განცდა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის კოგნიციურ მოქმედებაში. ის, ერთი მხრივ, ასახავს ადამიანის შინაგან პოზიციას დასამახსოვრებელი მოვლენების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ეს განცდა, განწყობის მეშვეობით, თვითონ მონაწილეობს ადამიანის მომზადებაში გარკვეული მიმართულებით საქმიანობის ორგანიზაციის კუთხით. ეს კანონზომიერებანი შემდგომში რწმენის ჩამოყალიბების საკითხებს დაუკავშირდა, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ პიროვნების აღზრდის პრობლემატიკასთან.

ა. ფრანგიშვილის ნაშრომების ცალკე სერია მიეძღვნა სწავლის ქცევის დახასიათებას განწყობის თეორიის საფუძველზე. გამოვლინდა საგანმანათლებლო სწავლების ის პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვების სათანადო განწყობათა აღმოცენებასა და განმტკიცებას.

მთავარი ნაშრომები:

  • მეხსიერების ფსიქოლოგიისთვის: მოგონებაში დარწმუნებულობის საფუძვლების პრობლემა თანამედროვე ფსიქოლოგიაში. თბილისი: „დაწყებითი და საშუალო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი”, 1941;
  • პანიკის ფსიქოლოგიისთვის / ფსიქოლოგია. დ. უზნძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 2, 1943;
  • ნარკვევები ადამიანის ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორიიდან საქართველოში. თბილისი: „საქ. მეცნ. აკად. გამომცემლობა”, 1959;
  • General Psychological Theory of Set // Psychological Science in the USSR, vol. 2. Washington, 1962;
  • Исследования по психологии установки. Тбилиси: „Мецниереба”, 1967;
  • სწავლის ფსიქოლოგიის საკითხები. თბილისი: „პედაგოგიკა”, 1969;
  • Психологические очерки. Тбилиси: „Мецниереба”, 1975;
  • ფსიქოლოგიური ნარკვევები. თბილისი: „მეცნიერება”, 1987.


იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ფრანგიშვილი

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები