ფრესკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრესკა - (იტალ. fresco „ცინცხალი“) ფერწერის ტექნიკა კირნარევი საღებავებით ახალ, ტენიან კირიან ბათქაშზე, რომელიც გაშრობისას ქმნის კრისტალურ ნახშირმჟავა კალციუმის სიფრიფანა აპკს და ამაგრებს საღებავებს. საღებავების კირთან შენარევი ტენიან კირიან ბათქაშთან მათი ორგანული შეკავშირების გარანტიას იძლევა, რაც ნახშირმჟავა კალციუმის ზემოქმედებასთან ერთად, ფრესკას აქცევს მარადიულად. ფრესკული ფერწერის გამძლეობა შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკური მსოფლმხედველობის მიერ გამოყენებული იყო ქრისტიანული რელიგიის მარადიულობის იდეის განსახორციელებლად. ფრესკა ეწოდება აგრეთვე ამ ტექნიკით შესრულებულ ნაწარმოებს. ფრესკა, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მონუმენტური ნაწარმოები, ორგანულად დაკავშირებულია არქიტექტურასთან. გარდა საკუთრივ ფრესკისა, უძველესი დროიდან ცნობილია მოხატულობა მშრალ ბათქაშზე

ფრესკის ხელოვნება განვითარებული იყო ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულში ეგეოსურ კულტურაში, აღორძინდა ანტიკურ ხანაში, როდესაც ოსტატები ფრესკას ასრულებდნენ მშრალ ბათქაშზე, ტემპერით. ამ ხერხებს ნაწილობრივ შუა საუკუნეებშიც იყენებდნენ. ფრესკის შერეული ტექნიკა განვითარდა ბიზანტიაში, საქართველოში, იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებულ დონეს მიაღწია იტალიური აღორძინების ხანის ოსტატთა შემოქმედებაში (ჯოტო, მაზაჩო, რაფაელი, მიქელანჯელო და სხვ.).

ფრესკის ტრადიცია არსებობდა XVII-XVIII სს-ის დეკორატიულ მხატვრობაში, XIX ს-დან კი ფრესკის ტექნიკაში მუშაობენ მხოლოდ ცალკეული ოსტატები.

XX ს-ში ახალი სინთეზური საღებავების შექმნამ ახალი შესაძლებლობები გახსნა ფრესკული ფერწერის შემდგომი განვითარებისათვის. საქართველოში შემორჩენილი ფრესკებიდან ყველაზე ადრეული ფრესკები თარიღდება VIII-IX სს. (მაგ., არმაზი). განსაკუთრებით განვითარდა XI-XIII სს-ში (ატენის, ვარძიის, ყინწვისის, ბეთანიისა და სხვა ფრესკები). მონუმენტური მხატვრობის ძეგლები შემორჩა გვიანი შუა საუკუნეებიდანაც. ახალი აღმავლობა კი განიცადა XIX ს-დან (მაგ., კაფე „ქიმერიონის“ მოხატულობა - ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე და სხვ.).



წყარო

  • საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.
  • ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები