ფროიდი ანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფროიდი ანა

ფროიდი ანა - Anna Freud, Фрейд Анна, 1895-1982

ავსტრიელ-ინგლისელი ფსიქოლოგი, ეგოფსიქოლოგიისა და ბავშვის ფსიქოანალიზის ერთერთი ფუძემდებელი, ნაწილობრივ - ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი. აქტიურად მონაწილეობდა მამამისის, ზ. ფროიდის მიერ შექმნილ ფსიქოანალიზურ მოძრაობაში. 1923 წლიდან მუშაობდა ვენის ფსიქოანალიზის ინსტიტუტში, იყო ვენის ფსიქოანალიზური საზოგადოების თავმჯდომარე (1925-1938). 1938 წლიდან მამის ოჯახთან ერთად გადასახლდა ლონდონში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ პრაქტიკულ და კვლევით საქმიანობას ბავშვის ფსიქოანალიზის დარგში. 1952 წელს დააფუძნა ბავშვების ფსიქოანალიზით მკურნალობის კლინიკა, რომელსაც სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა. 1973 წელს ანა ფროიდი აირჩიეს ფსიქოანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტად. იგი იყო მრავალი უნივერსიტეტის (ვენის, კლარკის, ჩიკაგოს, იელის და ა.შ.) საპატიო დოქტორი და სამეცნიერო საზოგადოებისა თუ გაერთიანების საპატიო წევრი.

უკვე თავის ადრინდელ წიგნში „შესავალი ბავშვის ფსიქოანალიზში” (1927) ანა ფროიდი ამოდიოდა იქიდან, რომ ბავშვების ფსიქიკური ცხოვრება სპეციფიკურ კანონებს ემორჩილება და დაუშვებელია ზრდასრულებზე შემუშავებულ-გამოცდილი ანალიზის მეთოდების მექანიკური გადატანა ბავშვებზე. აქედან გამომდინარეობდა ანა ფროიდის მიერ შეტანილი სიახლეები ფსიქოანალიზის თეორიასა და პრაქტიკაში. საზოგადოდ ბავშვის ფსიქოანალიზში თავიდანვე ორი მიმათულება გამოიკვეთა - მელანი კლაინისა და ანა ფროიდისა. მათი სკოლები ერთმანეთს უპირისპირდებოდა რამდენიმე არსებით საკითხში. ანა ფროიდს მიაჩნდა, რომ ანალიზის მიზანი „იდ”-თან დაპირისპირებაში მყოფი „ეგო”-ს გაძლიერებაა. ბავშვის „ეგო” განვითარების პროცესში იმყოფება და ჯერ სუსტია. ანალიტიკოსი უნდა დაეხმაროს ბავშვის „ეგო”-ს. ამისთვის იგი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ინტერპრეტაციით და ბავშვზე აღმზრდელობითი ზემოქმედებაც უნდა მოახდინოს. იგებს რა ანალიზის პროცესში თავისი ქცევის ნამდვილ მიზეზებს, ბავშვი სწავლობს, თუ როგორ შეიკავოს თავი არასასურველი ქცევებისაგან.

ანა ფროიდის მიერ ყურადღების გამახვილება ბავშვებში „ეგო”-ს გაძლიერებაზე გამომდინარეობდა მისი ზოგადი შეხედულებიდან, რომ მეობის წინაშე სამი სახის ამოცანა დგას: შუამავლობა პიროვნების სხვა სტრუქტურებთან, დაკვირვება გარემოსა და ლტოლვებზე და იმპულსების კონტროლი. წიგნში „მე და დაცვითი მექანიზმები” (1936) დახასიათებულია ის დაცვითი მექანიზმები, რომლებიც ზიგმუნდ ფროიდს არ განუხილია. ესენია: საწინააღმდეგო ტენდენციის გაძლიერება, ცნობიერების ერთი შინაარსის ან მოქმედების მიერ მეორის მოსპობა, საფრთხის შემცველი რეალობის უარყოფა, შემაწუხებელი შინაარსის შეცვლა ნაკლებ შემაწუხებლით და სხვა. ამ მექანიზმების ჩვენებით მნიშვნელოვნად შეივსო ფსიქოანალიზის კონცეპტუალური სისტემა და ანა ფროიდს ეგოფსიქოლოგიის ერთერთი ლიდერის სახელი დაუმკვიდრა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები