ფროიდი ზიგმუნდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდი ზიგმუნდ - Freud Sigmund, Фрейд Зигмунд, 1856-1939

ებრაული წარმოშობის ავსტრიელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი, ფსიქოანალიზის შემქნელი, გამოჩენილი მეცნიერი, რომელმაც თითქმის გადატრიალება მოახდინა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. 1876-1884 წლებში მუშაობდა ამ უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ერნსტ ბრიკესთან, ხოლო შემდეგ - ფსიქიატრიულ კლინიკაში თეოდორ მაინერტთან. იმ ხანებში გამოაქვეყნა რამდენიმე გამოკვლევა ნევროლოგიაში. მედიცინის დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ (1881) ეწეოდა კერძო პრაქტიკას კლინიკური ნევროლოგიის სპეციალობით. 1902 წლიდან ვენის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. 1885 წელს გაიარა სტაჟირება პარიზში ჟან შარკოსთან, რამაც დიდი გავლენა მოხდინა მის ფსიქოთერაპიულ საქმიანობაზე. ჩამოაყალიბა ვენის ფსიქოანალიზის საზოგადოება და ჟურნალი. გერმანელი ნაცისტების მიერ ავსტრიის ოკუპაციისა და ებრაელთა დევნის შემდეგ, თავის ქალიშვილთან, ა. ფროიდთან ერთად, გადასახლდა ინგლისში (1938), სადაც გარდაიცვალა.

1895 წელს ე. ბლოილერთან ერთად გამოაქვეყნა წიგნი ისტერიის წარმოშობისა და ჰიპნოზური მკურნალობის შესახებ, რომელიც ფსიქოანალიზის საწყისად იქცა. ფროიდს მიაჩნდა, რომ მრავალი დაავადების (უპირველესად ნევროზების) მიზეზია ცნობიერებიდან განდევნილი, უპირატესად ბავშობისდროინდელი ფსიქიკური ტრამვები („კომპლექსები”), რომელთა გაცნობიერება დადებით თერაპიულ ეფექტს იძლევა {აბრეაქცია}. ხოლო გასაცნობიერებლად ჰიპნოზს იყენებდა. შემდგომში მან უარი თქვა ჰიპნოზზე, რადგან ჰიპნოზი ხშირად პაციენტის ფსიქოთერაპევტზე მიჯაჭვულობას იწვევს. ამის შემდეგ ფროიდი არაცნობიერი კომპლექსების გამოსავლენად სხვადასხვა საშუალებას იყენებდა: თავისუფალი ასოციაციების მეთოდი {ასოციაციათა ექსპერიმენტი}; სიზმრების ინტერპრეტაცია; გადატანა, რომელსაც თერაპიული დატვირთვაც ჰქონდა; ე.წ. შეცდომით მოქმედებათა ინტერპრეტაცია (ფროიდს მიაჩნდა, რომ ადამიანის უნებლიე წამოცდენა თუ სხვაგვარი უნებური მცდარი მოქმედება შემთხვევითი არაა და მას ქვეცნობიერი იწვევს; ამიტომ ამ შეცდომების ანალიზით განდევნილ-დათრგუნულ შინაარსთა გაცნობიერებაა შესაძლებელი).

ფსიქოთერაპიული პრაქტიკის საფუძველზე ფროიდმა ააგო თეორიული სისტემა - ფსიქოანალიზი. მისი მთავარი დებულების თანახმად, ადამიანის სულის ცხოვრების მამოძრავებელი ძალები ინსტინქტური, არაცნობიერი, უპირატესად სექსუალური მისწრაფება-ლტოლვებია {ლიბიდო}. ფსიქოანალიზის კონცეფციის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე ფსიქიკაში სამი მოდალობა გამოიკვეთა:

  1. ცნობიერება;
  2. წინაცნობიერი ფსიქიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შედარებით ადვილად გადადის ცნობიერებაში {ქვეცნობიერი};
  3. არაცნობიერი - ცნობიერების ცენზურის მიერ ცნობიერებიდან განდევნილი მისწრაფება-ლტოლვები და ფსიქიკური შინაარსები, რომლებიც მათი ტრავმული ბუნების გამო არ დაიშვება ცნობიერებაში (ფსიქოლოგიური თავდაცვა); თუმცა, შენიღბული სახით, გარკვეულ შემთხვევებში, ახერხებს იქ შეღწევას სხვადასხვა გზებით (მაგ. ძილის დროს, სიზმარში, როდესაც ცნობიერების ცენზურა მოდუნებულია).

შემდგომში ფროიდმა თავისი შეხედულებები ზოგადფიქოლოგიურ თეორიად, პიროვნების მასშტაბურ კონცეფციად ჩამოაყალიბა. სუბიექტის ფსიქიკაში სამი ურთიერთმოქმედი ინსტანცია გამოყო: იდი, ეგო, სუპერეგო. სუბიექტის ამ სტრუქტურებს შორის რთული ურთიერთმიმართებათა ანალიზის საფუძველზე აღწერა სუბიექტის ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები. შემოიღო სკანდალური ცნებები „ოიდიპოსის კომპლექსი” და „ელექტრას კომპლექსი”. ადამიანის მოტივაციის შემადგენლობა ორი ძირითადი ურთიერთსაპირისპირო ლტოლვით განსაზღვრა: სიცოცხლის ინსტინქტი (ეროსი) და სიკვდილის ინსტინქტი (თანატოსი). ჩამოაყალიბა ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიური თეორია. შემდეგ თავისი ნააზრევის უნივერსალიზაცია მოახდინა: გაავრცელა მთელ ფსიქოლოგიაზე, მთელ საზოგადოებასა და კულტურაზე {პანსექსუალიზმი}.

1902 წელს ფროიდს ა. ადლერი დაუახლოვდა და შევიდა „ფსიქოანალიზურ წრეში”. მალე ადლერი ფროიდის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე გახდა. მაგრამ 1907 წლიდან ადლერი ფროიდსა და მის თეორიას დაშორდა. იმავე წელს დაიწყო ფროიდისა და კ.გ. იუნგის დაახლოება და თანამშრომლობა. იუნგი ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო საზოგადობის პირველი პრეზიდენტი და ფსიქოანალიზური ჟურნალის პირველი რედაქტორი გახდა. ფროიდი მას თავის მემკვიდრედაც მიიჩნევდა. მაგრამ მალევე იჩინა თავი ფროიდისა და იუნგის შეხედულებათა არსებითმა განსხვავებამ. 1914 წელს მათ შორის ურთიერთობა საბოლოოდ შეწყდა.

ფსიქოანალიზი თეორიული სისტემაცაა და მკურნალობის მეთოდიც {ფსიქოანალიზური თერაპია}. ფროიდი ფსიქოლოგიის ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ფსიქოთერაპევტი იყო. მისმა მოძღვრებამ უდიდესი გავლენა მოახდინა არამარტო ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე დარგების განვითარებაზე, არამედ აგრეთვე საზოგადოდ ჰუმანიტარულ და ფილოსოფიურ აზროვნებაზე, მეტიც - მთელ დასავლურ კულტურაზე {ფსიქოანალიზის სოციოლოგიური კონცეფცია}.

ფსიქოანალიზი და საზოგადოდ სიღრმისეული ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიის ქართული სკოლისთვისაც. დ. უზნაძემ კრიტიკულად განიხილა ზ. ფროიდის თეორია {ფსიქოანალიზი და განწყობის თეორია}. თ. ბასინმა, ა. შეროზიამ და რამდენიმე სხვა მეცნიერმა ფსიქოანალიზის ერთგვარ ალტერნატივად წარმოადგინეს დ. უზნაძისეული განწყობის თეორია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ჩანაფიქრი იმ დიდი საერთაშორისო კონფერენციისა არაცნობიერის შესახებ, რომელიც ჩატარდა თბილისში 1978 წელს. ეს იყო გრანდიოზული მასშატაბის სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ თემატიკაზე მომუშავე მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები. კონფერენციის თბილისში ჩატარება აღიარება იყო იმ დამსახურებისა, რომელიც ფსიქოლოგიის ქართულმა სკოლამ არაცნობიერის კვლევის საქმეში შეიტანა.

ფროიდის მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: „სიზმრების ახსნა”, „ტოტემი და ტაბუ”, „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია”, „მე და იგი”, „ნარკვევები სექსუალობის ფსიქოლოგიაში”, „სიამოვნების პრინციპის მიღმა”, „ერთი ილუზიის მომავალი”, „ფსიქოანალიზის შესავალი ლექციები” და სხვა.

თბილისის 1978 წლის კონფერენციის მხარდამჭერი წერილი გამოგზავნა უკვე ღრმად მოხუცებულმა ანა ფროიდმაც, რომელშიც განწყობის თეორიის დაფასებაც იყო გამოხატული.

ზ. ფროიდი ფსიქოლოგიაში უდიდესი პირველაღმომჩენი იყო. მან აღმოაჩინა: ნამდვილი ფსიქოლოგიური არაცნობიერის - ქვეცნობიერის მოქმედების კანონზომიერებანი (მანამდე არაცნობიერი მხოლოდ აბსტრაქტული, მეტწილად ფილოსოფიური ცნება იყო), სქესობრივი მოთხოვნილების უდიდესი მნიშვნელოვნება, კომპლექსები, ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები, შეიმუშავა ფსიქოთერაპიის მეთოდები და მრავალი სხვა. მაგ., პირველად ფროიდმა ახსნა ასოციაციების მოჩვენებითი შემთხვევითობა იმით, რომ მათი კანონზომიერება უფრო ხშირად არაცნობიერშია და ამიტომ ეჩვენება ცნობიერებას შემთხვევითად. ანეგდოტური ნამდვილი შემთხვევა: ზ. ფროიდის მოხსენებას მსმენელ მეცნიერთა და მედიკოსთა მხრიდან მწვავე კრიტიკა და აღშფოთება მოჰყვა (რაც ხშირად ხდებოდა ფროიდის სკანდალური აზრების მოსმენისას). ერთ-ერთი მსმენელი განსაკუთრებით ცხარობდა: – ესე იგი, თქვენი აზრით, ყოველგვარი ასოციაცია კანონზომიერია? მე რომ სრულიად შემთხვევითად დავასახელო ნებისმიერი ორი საგანი, ესე იგი მათ შორის მაინც ფარული კავშირი იქნება?! – დიახ, ბატონო, – მიუგო ფროიდმა. – სისულელეა, აი, ვასახელებ, მაგალითად ორ საგანს: კიტრი და სპილო. რა კავშირია მათ შორის, ან რა შუაშია ჩემი ქვეცნობიერი?! – რაკი თქვენ ენაზე პირველად სწორედ ეს ორი სიტყვა მოგადგათ, ესე იგი თქვენთვის ისინი მნიშვნელოვანია და დაკავშირებულიც! – უპასუხა ფროიდმა, – კონკრეტულად: კიტრიცა და სპილოც – ორივე ფალოსის ნიშანხატებია ხოლმე!

პირველაღმომჩენობის მიუხედავად, ფროიდმა ლოგიკურად გამართული თეორიული სისტემა ვერ ააგო. ამის მიზეზებია ფროიდის დოგმატური მატერიალიზმი და რედუქციონიზმი; აგრეთვე ვიწრო და სპეციფიკური, ნევროზული მოვლენებისა და კომპლექსების უზომო განზოგადება და უნივერსალიზაცია. ამ მხრივ მთავარია: (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).

პანსექსუალურობა

- Pansexuality // Pansexualism - Пансексуальность (ბერძ. pan ყველაფერი + sex სექსი)

ადამიანის ყოველგვარი ქცევის მოტივაციის მთავარ მდგენელად ფარულ-ქვეცნობიერი ან აშკარა სექსუალური მოთხოვნილების მიჩნევა; ადამიანის განვითარების მთავარ ღერძადაც ფსიქოსექსუალური განვითარების მიჩნევა. მაგ., სიზმარში ყველა წაგრძელებული საგანი აუცილებლად და სწორხაზოვნად მამრული ფალოსის შენიღბული ნიშანხატია, ხოლო ყველა მომრგვალო და ღრუიანი საგანი (მათ შორის ცარიელი ოთახები) – მდედრული ვულვისა.

უფრო ფართოდ: ფროიდს ჰედონისტური მეტადისპოზიცია მიაჩნდა ორიდან პირველ უძირითადეს მეტადისპოზიციად (მისი საწინააღმდეგო მისწრაფების, თანატოსის პარალელურად). ამ აზრისა და ლიბიდოს ცნების შეთანხმება ეროსის ცნებასთან ფროიდს არ დაუზუსტებია, სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად მსჯელობდა.

ფროიდი პანსექსუალიზმის ერთადერთ კანონზომიერ გამონაკლისს უშვებდა – ბავშვობის ასაკში ე.წ. „ლატენტურ პერიოდს” {ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარება}.

ფროიდი განსაკუთრებით ჯიუტად იცავდა პანსექსუალიზმის დოგმას, რომელიც ფსიქოანალიზის „მყარ მეცნიერულ საფუძვლად” მიაჩნდა. მისგან ყოველ გადახვევას მეცნიერებისგან გადახვევად აფასებდა. სწორედ ეს აღმოჩნდა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ფროიდს მისი მთავარი თანამოაზრეები, კ.გ. იუნგი და ა. ადლერი დაშორდნენ (რომლებზეც ფროიდი ყველაზე დიდ იმედებს ამყარებდა). ფროიდმა თავისი პაციენტების ნევროზული მოვლენების ანალიზით აღმოაჩინა, მაგ., ოიდიპოსის კომპლექსი და ელექტრას კომპლექსი. მაგრამ შემდეგ ეს, ჯერ ერთი, შიშველ სქესობრივ ლტოლვაზე დაიყვანა და მეორეც, უკლებლივ ყველა ადამიანზე გაავრცელა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

სინამდვილეში ადამიანის სქესობრივი მისწრაფება, ლიბიდო არათუ ძირითადი არაა, არამედ ის არც კი შედის პირველად და ძირეულ მოთხოვნილებათა ნუსხაში; ვინაიდან ის ძალიან რთული შედგენილობისაა – არსებითად, ყველა უძირითადეს მეტადისპოზიციას მოიცავს მეტ-ნაკლებად. სქესობრივი მისწრაფება პირველად-ძირითადი არაა, თუმცა უძლიერესია.

პანსექსუალიზმის საფუძველი ორია: ერთია თვით ფროიდის სუბიექტური მდგომარეობა (მიზეზთა გამო, სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა; სუბიექტურმა ფაქტორებმა − მტკივნეულმა ქრონიკულმა სნეულებამ და მძიმე ბიოგრაფიამ − განაპირობა აგრეთვე თანატოსის თეორიის გაჩენა); მეორეა XIX საუკუნის კონკრეტული ევროპული კულტურის ისტორიული მეხსიერება, საზოგადოებრივი ღირებულებები, სქესობრივი მოთხოვნილების მრავალსაუკუნოვანი თრგუნვა ანდა მისი გათანაბრება ბინძურ სატანურ ჟინთან, ამის შედეგად კი ნამდვილი ნევროზულობა. წარმოვიდგინოთ იზოლირებული კუნძული, ცხელი კლიმატით, რომელზეც სექსზე არავითარი შეზღუდვა არაა, ოღონდ სასმელი სითხეების მწვავე ნაკლებობაა. თანაც მათი რელიგია გემრიელი სითხის სმას და ამით სიამოვნების მიღებას ცოდვად მიიჩნევს. ამიტომ ადამიანები ბუნებრივ წყურვილს ბოლომდე ვერასდროს ვერ იკმაყოფილებენ. სასიამოვნო სითხის სმით ფუფუნების უფლებას მხოლოდ დიდგვაროვნები აძლევენ თავს, თუმცა თან ბრალეულობის კომპლექსი ტანჯავთ. ამ კუნძულის კულტურაში „სითხის კომპლექსი” იქნებოდა დამკვიდრებული, სიზმრების აკვიატებული სცენა იქნებოდა წყლით გაჭყეპა ან ამის შენიღბული გარდაქმნები. ფსიქოთერაპევტი, მაგ., წაგრძელებულ საგნებს არა ფალოსის, არამედ წყლის მილების შენიღბულ ნიშანხატებად განმარტავდა, ხოლო მომრგვალო ღრუიან საგნებს – სითხის ჭურჭლებად. იქაური ფროიდი კი მთელი სამყაროს მამოძრავებელ ძალად წყურვილს მიიჩნევდა.

ე. ფრომი კრიკიტულად აანალიზებს ზ. ფროიდის თეორიას. ერთერთი საკითხია პლატონისგან მომდინარე „გენდერული” მითის ფროიდისეული ინტერპრეტაცია. პლატონი წერდა, რომ ადამიანის პირველადი მთლიანობა ზევსმა მამაკაცად და ქალად გახლიჩა, გაჩნდა ორი სქესი, რის შემდეგაც ეს ორი სქესი დაუცხრომლად მიისწრაფვის ერთმანეთისკენ და გაერთიანება-შერწყმას ლამობს. ფროიდმა პლატონისეული „ადამიანის პირველადი მთლიანობა” შეცვალა „ორ ნაწილად გაყოფილი ცოცხალი სუბსტანციით”. რატომ? ე. ფრომი ღრმად ჩასწვდა ამის სუბიექტურ-ფსიქოლოგიურ მიზეზს: „ფროიდი ღრმად იყო გამსჭვალული პატრიარქალური გრძნობით, რომლის მიხედვითაც მამაკაცი ქალზე აღმატებულია – და არა თანასწორი. ამიტომ მამაკაცური და ქალური საწყისების საპირისპირობის თეორია, რომელიც გულისხმობს ამ საწყისების განსხვავებასა და თანასწორობას, ფროიდისთვის მიუღებელი იყო. მამაკაცის სასარგებლო ამ ემოციურმა წინასწარდარწმუნებულობამ ფროიდი ადრევე მიიყვანა იმ თეორიამდე, რომ ქალი − დამახინჯებული მამაკაცია, წარმართული კასტრაციის კომპლექსით და შურით პენისის გამო; ქალი მამაკაცზე დაბლა იმითაცაა, რომ მისი „სუპერეგო” უფრო სუსტია, სამაგიეროდ ნარცისიზმი უფრო ძლიერია. თუმცა ფროიდისეული თეორიული ნაგებობის დიდებულებით აღტაცებაც შეიძლება, მაგრამ ცხადია იმ დაშვების აბსურდულობა, რომ კაცობრიობის ერთი ნახევარი – მეორე ნახევრის ნაკლულ-ხარვეზოვანი ვარიანტია. ეს აბსურდი აიხსნება ქალთა სქესის საწინააღმდეგო იმ წინასწარდარწმუნებულობით, რომელიც დიდად არ განსხვავდება რასობრივი თუ რელიგიური წინასწარდარწმუნებულობისგან. ამის შემდეგ რაღა უნდა გვიკვირდეს, რომ ფროიდი შეჩერდა იმ ადგილას, რომლიდანაც, პლატონისეული მითის მიყოლით, ის მამაკაცისა და ქალის თანასწორობამდე მივიდოდა! რასაკვირველია, ფროიდი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. ამიტომ მან მამაკაცისა და ქალის ერთიანობა შეცვალა „ცოცხალი სუბსტანციის” ერთიანობით... ფროიდი აღმოჩნდა თავისი საზოგადოების შეხედულებათა და დამოკიდებულებათა ტყვეობაში. როდესაც მას ახლებურმა ხილვამ გაუნათა გონება, მან მხოლოდ ამის ნაწილი გააცნობიერა, ხოლო დანარჩენი ნაწილი გაუცნობიერებელი დარჩა, რადგან შეუთავსებელი იყო „პატრიარქალურ კომპლექსთან” და ცნობიერ შეხედულებებთან. ცნობიერ დონეზე მას მოუწია, რომ უკუეგდო წინააღმდეგობანი და არათანმიმდევრულობა. საამისოდ შექმნა ისეთი თეორიული კონსტრუქციები, რომლებიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რათა დაეკმაყოფილებინათ გაცნობიერებელი სააზროვნო პროცესები”. მაშასადამე, აქ არსებითად რაციონალიზაციაა ცნობიერი ცენზურის მიერ ქვეცნობიერში განდევნასთან ერთად.

პანსექსუალიზმის გარდა, ფროიდი ვერც რაციონალიზმს ელეოდა, რაც მის თეორიაში გაორებას იწვევს. ამის გამოვლინებაა, მაგ., ფროიდისეული ტრაგიკული განხეთქილება ინსტინქტ-ბუნებასა და ცნობიერება-კულტურას შორის და საბოლოო მიზნად ბუნების ალაგმვის დასახვა. მაგრამ თვით ფროიდის თანახმად, კულტურის მიერ ბუნების ალაგმვა ნევროზს იწვევს. მაშასადამე, კულტურა ნევროზულობისთვის ყოფილა განწირული. მაგრამ ეს ფაქტობრივად მცდარია, რასაც ადასტურებს თუნდაც ა. მასლოუს მიერ გამოკვლეული მაღალკულტურულ თვითაქტუალიზებულ პიროვნებათა მრავალი მაგალითი. ეს მცდარი დილემა კარგად აქვთ შენიშნული ე. ფრომს, კ. ჰორნის, ჰ. მარკუზეს, ა. მასლოუსა და სხვა ჰუმანისტ ფსიქოლოგებს.

ზ. ფროიდის თეორიაში კულტურა და ცივილიზაცია განუყოფელია ადამიანის ბუნების, მისი ინსტინქტების დათრგუნვისა და ჩახშობისაგან. ფროიდი წერდა: „კულტურულ ბავშვზე დაკვირვებით ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ინსტინქტების შემაკავებელი ჯებირების აგება – აღზრდის საქმეა”. ზ. ფროიდის აზრით, კაცობრიობა მწვავე დილემის, ტრაგიკული არჩევანის წინაშეა: ან ცივილიზაციისა და კულტურის ნაკლებობა და, სამაგიეროდ, ბედნიერება, – ან ცივილიზაცია და კულტურა, ოღონდ ნევროზთან ერთად. ფროიდი წერდა: „ჩვენ შეგვიძლია საზოგადოების ნევროზულობის მთელი პასუხისმგებლობა ჩვენს კულტურას დავაკისროთ”.

ჰ. მარკუზეს აზრით, ფროიდს მიაჩნია, რომ ადამიანის სრული სულიერი სიჯანსაღისა და ბედნიერებისათვის საჭიროა ყველა სქესობრივი ინსტინქტის სრული გამოვლენა. სინამდვილეში კი, ე. ფრომის თანახმად, ფროიდის მთავარი აზრი ტრაგიკული ალტერნატივის, ტრაგიკული არჩევანის მიღებაშია, რომლიდანაც არ არსებობს სასიამოვნო გამოსავალი. ფროიდი სულაც არ ემხრობოდა სქესობრივი ინსტინქტების სრულ გათავისუფლებას. პირიქით, ის ცივილიზაციის მხარეზე იყო და სქესობრივი ინსტინქტების ისევ განდევნა ერჩივნა, ვიდრე ველურობის დონეზე დაბრუნება.

ამ დილემის მიზეზია ფროიდის მიერ კულტურის მცდარი გაიგივება რაციონალიზმთან და დასავლურ ქრისტიანულ ტექნოკრატიულ ცივილიზაციასთან. ასეთი ცივილიზაცია კი – და არა საზოგადოდ კულტურა! – მართლაც ებრძვის ბუნებას და ამიტომ ნევროზით, გადახრებით (და აგრეთვე ეკოლოგიური ნგრევით) მთავრდება. ნამდვილი კულტურა კი პირიქით, ბუნებითია (სიწრფელე; ბუნება და კულტურა). „სულის მაღალი მისწრაფებანი აღვირს კი არ ჰგავს, რომელიც ჩვენს ცხოველურ-ინსტინქტურ ურჩ ცხენს ალაგმავს, არამედ ჰგავს მძლავრ მერანს, რომელიც ადამიანური ყოფნის მწვერვალებისკენ მიგვაქროლებს” {ა. მასლოუ}.

ჰუმანისტური მიმართულების ფსიქოლოგები ფროიდისგან მოითხოვდნენ: რედუქციონიზმისა და რაციონალიზმის უკუგდებას, სანაცვლოდ ფენომენოლოგიის დამკვიდრებას, თუმცა – ემპირიული კვლევების პარალელურად (კლინიკური ემპირიული მასალის ანალიზი, მრავალრიცხოვანი საველე ინტერვიუების ანალიზი, აგრეთვე ასოციაციათა ექსპერიმენტი, რომელიც ფიზიოლოგიასაც კი იყენებს და სხვა); ჰოლისტურ მიდგომას; რეტროსპექციული ანალიზის შევსებას პროსპექციული ანალიზით; კაუზალობა-მიზეზშედეგობრიობის შევსებას ტელეოლოგიურობა-მიზანსაშუალებრიობით (ანუ მხოლოდ „წარსულში ქექვის” ნაცვლად მომავლისკენ გახედვასაც, ადამიანის მიზნებისა და მისწრაფებათა ანალიზსაც); ტრანსცენდენტაციის ცნებისა და ღია თეორიის დამკვიდრებას {ღია თეორია / დახურული თეორია}.

იუნგი, დ. უზნაძე და სხვა ჰუმანისტები ფროიდის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევენ ფსიქოლოგიური არაცნობიერის აღმოჩენასა და შესწავლას; მაგრამ უარყოფენ იმას, რომ არაცნობიერის წარმოქმნის ერთადერთი გზაა ფსიქოლოგიური ცენზურა და ცნობიერებიდან განდევნაა. მცდარია არაცნობიერის შემოფარგვლა მხოლოდ ქვეცნობიერით, ანუ არაცნობიერის განმარტება ასე: „ცნობიერება მინუს ნიშნით”. სინამდვილეში არაცნობიერი გაცილებით უფრო ფართო და ღრმაა {კოლექტიური არაცნობიერი}. უფრო მეტიც, თუკი არაცნობიერი სხვა არაფერია, თუ არა ყოფილი ცნობიერი, ანუ თუკი ის მეორეულია ცნობიერებასთან შედარებით, მაშინ არაცნობიერის ცნება ვეღარ გამოდგება ცნობიერების მოვლენების ამხსნელად. არაცნობიერის ცნებას რაღაც დადებითი და პირველადი შინაარსი უნდა ჰქონდეს – იმის გარდა, რომ იგი აღარაა ცნობიერი; ეს შინაარსი ცნობიერების ცნების შინაარსისგან არსებითად განსხვავებული უნდა იყოს, და არა მხოლოდ ის, რომ ის აღარაა ცნობიერი – რაც ცნობიერების ცნების მხოლოდ რაოდენობრივი ცვლილებაა, და არა თვისებრივ-რომელობითი.

საინტერესოა, რომ ფროიდის თეორიის დ. უზნაძისეული დაფასება, შეფასება და კრიტიკა ამ შეფასებათა დიდ ნაწილს ემთხვევა.

ამის გარდა, მცდარია არაცნობიერისა და ცნობიერების თითქმის განუწყვეტელი დაპირისპირებულობა, როგორც ესაა ფროიდის თეორიაში. ჰუმანიზმი, პირიქით, მათ ურთიერთშემავსებლობას იღებს პოსტულატად: იუნგი ხშირად წერდა, რომ არაცნობიერი და ცნობიერება ერთმანეთის მიმართ კომპენსატორულ ურთიერთდამოკიდებულებაშია (კომპენსაცია); უზნაძის თეორიაშიც ასეა, რისი კონკრეტული ფსიქოლოგიური საფუძველია ობიექტივაცია და ნებელობა. „იყავი ჯანმრთელი და ენდე საკუთარ ბუნებას!” {ა. მასლოუ}.

სხვათა შორის, ფროიდმა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, არსებითად, გაითვალისწინა იუნგისეული კრიტიკა ერთი მიმართულებით მაინც: ჩახშობით წარმოქმნილი, მეორეული არაცნობიერის (ინდივიდუალური „წინაცნობიერის”) გარდა დაუშვა პირველადი, საკუთრივი არაცნობიერი – ფილოგენეზისურად ჩამოყალიბებული და ზოგადადამიანური „იდი”.

ფროიდი ყველა ხანის ფსიქოლოგთა შორის ყველაზე ხშირად ციტირებადი და ყველაზე პოპულარული ავტორია. მისმა ნააზრევმა დიდი გავლენა მოახდინა არამარტო ფსიქოლოგიაზე, არამედ საზოგადოდ კულტურაზეც, მრავალი მწერლის, მხატვრისა თუ რეჟისორის შემოქმედებაზე.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები