ფრომი ერიჰ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერიჰ ფრომი

ფრომი ერიჰ- Fromm Erich, Фромм Эрих, 1900–1980

ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და სოციოლოგი, ნეოფროიდიზმის ერთერთი ლიდერი, ჰუმანისტური ფსიქოანალიზის შემქმნელი. ფილოსოფიური და ფსიქოანალიზური განათლების მიღების შემდეგ ერთხანს ფრანკფურტის სოციალური კვლევების ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც მოქმედებდა ერთერთი ძლიერი სოციოლოგიური სკოლა. 1933 წელს, ევროპაში ნაციზმ-ფაშიზმის მომძლავრების გამო, ფრომი ამერიკაში გადასახლდა. იგი ეწეოდა ფსიქოანალიზურ პრაქტიკას და, ამავე დროს, მოღვაწეობდა კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებში. დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეხიკოს ფსიქოანალიზის ინსტიტუტს, იყო ნიუ-იორკის აკადემიის წევრი. ფსიქოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, თეოლოგიის საკითხებზე შექმნილმა ნაშრომებმა მას უდიდესი პოპულარობა და საერთაშორისო აღიარება მოუტანა.


სხვა ნეოფროიდისტების მსგავსად, ფრომი ცდილობდა დაეძლია ზ. ფროიდის ბიოლოგიზმი და რედუქციონიზმი, ფსიქიკური ცხოვრების სოციალური განპირობებულობის ხაზგასმით. ადამიანის ხასიათობრივი თვისებები, მოტივაციური დისპოზიციები, შიშები, ნევროზები და სხვა - მისი ცხოვრების ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ოჯახური და სხვა სოციალური პირობების გამოძახილია. გახმაურებულ წიგნში „თავისუფლებისაგან გაქცევა” (1941) ფრომმა გააანალიზა თანამედროვე დასავლური კულტურის ადამიანის „ეგზისტენციალური წინააღმდეგობები” და აჩვენა, რომ ცივილიზაციის უდიდესი მონაპოვარი უმეტესწილად გაუცხოების, დაუცველობის, უსუსურობის განცდას აჩენს. ადამიანური ცხოვრების პრობლემების დასაძლევად უმრავლესობა უნაყოფო, გაუკუღმართებულ, ირაციონალურ ქცევით ნიმუშებს იყენებს: სადიზმ-მაზოხიზმი, აგრესიულობა და დესტრუქციულობა, აშკარა ან შენიღბული კონფორმიზმი. ეს ყოველივე საკუთარი ინდივიდუალობის დაკარგვას იწვევს. საზოგადოდ, თავისუფლებისა და მისი მეორე მხარის, პასუხისმგებლობის ტვირთი მძიმე „სატარებელია”. ადაამიანები შვებას გრძნობენ, როდესაც ამ ტვირთს ბელადს ან ხალხის უმრავლესობას გადააბარებენ. ამით აიხსნება გერმანული ნაციზმ-ფაშიზმისა თუ საბჭოთა კომუნიზმის სიძლიერე — მათში მილიონობით ადამიანმა არსებითად სიხარულით დათმო თავისუფლება.

თუმცა პიროვნულ თავისუფლება-პასუხისმგებლობაზე და თვითგანხორციელებაზე დამყარებული ცხოვრების ნამდვილი განხორციელება ძალიან ძნელია. ფრომის რწმენით, ფსიქოანალიზს ამ საქმეში დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. ფსიქოანალიზი საბოლოოდ საზოგადოების გაუმჯობესებაზეა მიმართული, რადგანაც საზოგადოება მისი წევრების ერთიანობაა, ხოლო ფსიქოანალიზი ეხმარება ადამიანს, აღადგინოს გაწყვეტილი კავშირი ბუნებასთან, სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან. ჰუმანისტური ფსიქოანალიზის მიზანი პაციენტის „სულის განკურნებაა”. მკურნალობის მიზანი ამ შემთხვევაში იმდენად შეგუება კი არაა, რამდენადაც ადამიანის ინდივიდუაცია და თვითგანხორციელება.

ე. ფრომმა დააზუსტა და შეავსო არაცნობიერის/ქვეცნობიერის ზ. ფროიდისეული ცნება — სოციალური ქვეცნობიერის ცნება შემოიღო და დაამუშავა.

ე. ფრომმა შეისწავლა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ურთულესი ცნება — თავისუფლებისა, განსაზღვრა და გამიჯნა უარყოფითი თავისუფლება და დადებითი თავისუფლება.

ე. ფრომმა ჩაატარა ისტორია-კულტურგენეზის თავისებური ანალიზი, აღწერა ავტორიტარიზმი და ავტორიტარული პიროვნება, ნეკროფილია, ნარცისიზმი და სხვა; დაწერა წიგნი „ადამიანური დესტრუქციულობის ანატომია”. ამ წიგნში მდიდარი ისტორიული, ეთნოგრაფიული, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური (მათ შორის ზოოფსიქოლოგიური) მასალის ანალიზია ჩატარებული. ამის საფუძველზე უკუდგებულია აგრესიის ყველაზე პოპულარული, ბიოლოგისტური თეორიები — კ. ლორენცისა და ზ. ფროიდისა. გამოკვლეულია როგორც პირადი, ისე ჯგუფური და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური აგრესიულობის ღრმა ფსიქოლოგიური მიზეზები {ინსტრუმენტული აგრესიის ზოგადი დანიშნულება; აგრესიულობის მიზეზები; საზოგადოებათა ტიპები აგრესიულობის მიხედვით}.

თანამედროვე ადამიანის მარტოობის, უმწეობისა და გაუცხოების დასაძლევად და ცხოვრების საზრისის მოსაპოვებლად ფუჭია მომხვეჭელობა და ქონების დაგროვება, მოდური და რეკლამირებული ფასეულობანი, ცხოვრება ისე, როგორც „ყველა ნორმალური ადამიანი”, ანუ მომხმარებლური და კარიერისტული სულისკვეთება. ბედნიერების საფუძველი სულ სხვაა: ფართო გაგებით სიყვარული და შემოქმედება. სწორედ ამიტომ უწოდა ფრომმა თავის ალბათ უმნიშვნელოვანეს წიგნს „ქონა თუ ყოფნა” (იგულისხმება: არა ქონა-ფლობა, არამედ ყოფნა-სიცოცხლე). „პატარა ბავშვი ძალიან აქტიური და შემოქმედებითია, მას შეუძლია შექმნას მთელი სამყარო კენჭებითა თუ ქაღალდის ნაგლეჯებით. მაგრამ ეს უშუალო და ხალასი აქტიურობა თანდათან ჩაკვდება, როცა ბავშვი სასკოლო აღზრდა-განათლების დოლაბის ქვებში მოხვდება. ამის შემდეგ მას გარეგანი გართობა ესაჭიროება, მაგალითად, რაიმე ძვირი და რთული სათამაშო. მაგრამ ეს სათამაშო მას მალევე ჰბეზრდება; ასევე ჰბეზრდებათ უფროსებს ტანსაცმელი, ავეჯი, მაგნიტოფონი, მანქანა თუ სატრფო”. ე. ფრომი ყველა ხანის ფსიქოლოგთა შორის ყველაზე ხშირად ციტირებად და ყველაზე პოპულარულ ავტორთა ოცეულშია {ს.ჯ. ჰანგბლუმი}. (ზურაბ ვახანია)


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები